საქართველოში რეგისტრირებული რუსული კომპანიების რაოდენობა ისტორიულ მაქსიმუმს აღწევს. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2024 წლის 1-ლი ივნისის მდგომარეობით, საქართველოში რუსეთის მოქალაქეების მფლობელობაშია 37 400 -მდე კომპანიაა. საიდანაც, 30 000-ზე მეტი 2022 წლის შემდეგ დარეგისტრირდა.
რუსეთის მოქალაქეების მიერ დაფუძნებული კომპანიების რაოდენობის ზრდა რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებასა და საქართველოში რუსი მიგრანტების შემოსვლას უკავშირდება. კომპანიების საქმიანობა ეკონომიკის თითქმის ყველა სექტორს მოიცავს. მათ შორის ენერგეტიკას, ტელეკომუნიკაციებს, მრეწველობას, სათამაშო ბიზნესს, სამშენებლო სექტორსა და სხვა.
საქართველოში რუსეთის მოქალაქეების მიერ დაფუძნებული კომპანიების რეგისტრაციის საკითხით ,,ინფორმაციის თავისუფლებისა და განვითარების ინსტიტუტი” დაინტერესდა. არასამთავრობო ორგანიზაციამ რუსული კომპანიების კავშირები და რეგისტრაციის თავისებურებები შეისწავლა.
კვლევის თანახმად, რუსეთის მოქალაქეები კომპანიებს უმეტესად ფიქციურ მისამართებზე არეგისტრირებენ. ხშირად, ერთი და იგივე იურიდიულ მისამართზე ერთდროულად ასობით შპს და ინდივიდუალური მეწარმეა რეგისტრირებული. ,,ინფორმაციის თავისუფლებისა და განვითარების ინსტიტუტში” აცხადებენ, რომ ათასობით რუსული კომპანიის იურიდიული, ასევე ფაქტობრივი მისამართის მიკვლევადობა შეუძლებელია.
,,კომერსანტთან” საუბარში ინფორმაციას თავისუფლებისა და განვითარების ინსტიტუტის კვლევითი მიმართულების ხელმძღვანელი გოგა თუშურაშვილი რისკებზე საუბრობს. აცხადებს, რომ რეგისტრაციის დროს იურიდიული მისამართის არასწორად მითითება კითხვებს აჩენს და კომპანიის მიკვლევადობის პრობლემას წარმოშობს.
,,ეს აჩენს დამატებით კითხვის ნიშნებს, რამდენად კეთილსინდისიერად ხდება რეგისტრაცია და შემდეგ უკვე საქმიანობა. არსებობს არაერთი რისკი, რომლებსაც საქართველოში რუსული კომპანიების მასობრივი ოპერირება იწვევს. მაგალითად, ეკონომიკური მანიპულაციები, პოლიტიკური ზეგავლენა, ე.წ. კორუფციის ექსპორტისა და სანქციებისთვის გვერდის ავლის მცდელობის რისკები. როდესაც ვსაუბრობთ ეკონომიკურ მანიპულაციებზე, ამ შემთხვევაში არის რისკი ფასებით მანიპულაციის. მოგეხსენებათ, რუსეთში კორუფცია მასშტაბური ხასიათისაა. შესაბამისად, მსგავსი პრაქტიკები შეიძლება საქართველოშიც იყოს გადმოტანილი რუსული კომპანიის მხრიდან. რუსული ბიზნესი და პოლიტელიტა რუსეთში ხშირ შემთხვევაში ერთი და იგივე ინტერესით მოქმედებენ, შესაბამისად, ეს აჩენს რისკებს, რომ საქართველოშიც მსგავსი პოლიტიკური გავლენის მცდელობა არსებობდეს.”- აცხადებს ,,კომერსანტთან საუბარში გოგა თუშურაშვილი.
,,კომერსანტი“ საკითხის სამართლებრივი ასპექტებით დაინტერესდა. რა პროცედურებს გადიან კომპანიები რეგისტრაციის დროს და როგორია საკანონმდებლო ნორმები? ამ კითხვით ჩვენ ბიზნესს ადვოკატს აკაკი ჩარგეიშვილს მივმართეთ. იურისტი განმარტავს, რომ კომპანიის ამონაწერს ისეთივე იურიდიული მნიშვნელობა აქვს, როგორც პირისთვის პირადობის დამადასტურებელ მოწმობას. ამიტომ ამონაწერში რომელიმე ინფორმაციის უზუსტობა სარეგისტრაციო ხარვეზზე მიუთითებს.
,,თუ კომპანიის რეგისტრაციის რომელიმე მონაცემი არ არის სწორი, გამოდის რომ იურიდიული მონაცემების სისრულე არ გვაქვს, რაც ნიშნავს, რომ ეს არის სარეგისტრაციო ხარვეზი. ასეთ შემთხვევაში, კომპანია უნდა მოექცეს ხარვეზის ადმინისტრაციული პროცედურების ქვეშ. თუ ხარვეზი არ გასწორდება, ასეთ შემთხვევაში კომპანია ექვემდებარება რეესტრიდან ამოღებას. თუ კომპანია მისამართზეა დაფიქსირებული და შეიძლება ეს არ იყოს კომპანიის რეალური მისამართი, ასეთ შემთხვევაში გვაქვს მესაკუთრის თანხმობა. სპეციალური ფორმა, რომელსაც იუსტიციის სამინისტროში მესაკუთრე აწერს ხელს. რითაც თანხმობას აცხადებს, რომ შპს განთავსდეს მის საკუთრებაში არსებულ მისამართზე. მიგნებადობის თვალსაზრისით ეს დოკუმენტიც უნდა იყოს გამოყენებული. თუ ეს ორი კომპონენტი არ ახლავს გამოდის, რომ ეს არის ხარვეზი და ხარვეზული კომპანია ამოღებული უნდა იქნეს რეესტრიდან.”- განმარტავს აკაკი ჩარგეიშვილი.
საჯარო რეესტრის ეროვნული ბიუროს მიერ ხარვეზის დადგენის შემთხვევაში, კომპანიას მისი გამოსწორებისთვის 30 კალენდარული დღე ეძლევა. ვადის ამოწურვამდე ხარვეზის გამოუსწორებლად დატოვების შემთხვევაში, კომპანიის რეესტრიდან ამოღება ხდება.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, იმისათვის, რომ კომპანია კერძო მესაკუთრის მისამართზე დარეგისტრირდეს, საკმარისია ამ მესაკუთრის თანხმობა. თუ კომპანია კონკრეტულ მისამართზე არ ფუნქციონირებს, მაშინ საგადასახადო ორგანოებს უფლებამოსილება აქვთ, რომ კომპანიის რეალური ფუნქციონირების ადგილი დაადგინონ.
დავინტერესდით, აკისრებს თუ არა კანონი იუსტიციის სამინისტროს გადაამოწმოს, რამდენად რეალურია კომპანიის რეგისტრაციის დროს მითითებული მისამართი. აკაკი ჩარგეიშვილი განმარტავს, რომ სამინისტროს მსგავსი ვალდებულება კანონით განსაზღვრული არ აქვს.
,,იუსტიციის სამინისტროს კანონით გაწერილი არ აქვს ვალდებულება შეამოწმოს რეალურია თუ არა კომპანიის მიერ რეგისტრაციის დროს მითითებული მისამართი და კომპანია რეალურად ამ მისამართზე ფუნქციონირებს თუ არა. იუსტიციის სამინისტრო ხელმძღვანელობს უძრავი ქონების საჯარო რეესტრის ჩანაწერების მიხედვით, თუკი ასეთი მისამართი და ასეთი საკადასტრო კოდით რაიმე ფართი არსებობს ამას ეყრდნობა. სხვა გადამოწმების და კონტროლის ვალდებულება არ აქვს. გარდა ერთისა, რომ მოითხოვოს მესაკუთრის ხელმოწერილი თანხმობა, რომ კომპანია მის მისამართზე დარეგისტრირდეს.”- აცხადებს ,,კომერსანტთან” საუბარში აკაკი ჩარგეიშვილი.
საქართველოში რუსეთთან დაკავშირებული კომპანიების მიკვლევადობას არაერთი ფაქტორი ართულებს. მათ შორის არის ერთსა და იმავე იურიდიულ მისამართზე რეგისტრირებული ასობით შპს და ინდივიდუალური მეწარმე, ფაქციური მისამართის არარსებობა, ოფიციალურ სტატისტიკაში დაუფიქსირებელი კომპანიები და შუამავალი კომპანიები. ზუსტი რიცხვის დადგენა, თუ რამდენი რუსული კომპანია ოპერირებს საქართველოში ოფიციალურ სტატისტიკაზე დაყრდნობით შეუძლებელია.