საქართველოში რუსული გაზის იმპორტმა აზერბაიჯანულს გადააჭარბა. ეს კი ბოლო 18 წლის განმავლობაში პირველად მოხდა.
საქსტატის საგარეო ვაჭრობის პორტალზე განთავსებული მონაცემების მიხედვით, 2009 წელს (გაზის იმპორტის მაჩვენებელი ხელმისაწვდომი სწორედ მაგ პერიოდიდან არის) საქართველომ 73.923 მლნ დოლარის ღირებულების ბუნებრივი აირი იყიდა, აქედან რუსეთში 30.890 მლნ დოლარის, აზერბაიჯანში კი 43.032 მლნ დოლარის. შესაბამისად, გამოდის, რომ მაშინ რუსული გაზის წილი ქართულ ბაზარზე მაქსიმუმ 42% იყო.
აღსანიშნავია, რომ წლების განმავლობაში აზერბაიჯანული გაზის იმპორტი რუსულისას მუდმივად აჭარბებდა. თუმცა წელს ეს თანაფარდობა შეიცვალა. საქსტატის მონაცემებით, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში კი საქართველოში გაიზარდა არა მხოლოდ მთლიანად გაზის იმპორტი, არამედ რუსული გაზის წილიც. კერძოდ, 2025 წლის იანვარ-მარტში საქართველომ 183.048 მლნ დოლარის გაზი იყიდა, აქედან 100.647 მლნ დოლარის რუსეთში, რაც მთლიანი იმპორტის 55%-ს შეადგენს. აზერბაიჯანიდან იმპორტმა კი 82.401 მლნ დოლარი შეადგინა.