რითეილ სექტორს საკადრო პრობლემები აქვს. სექტორში ხშირია კადრების გადინება. დასაქმება მარტივია, თუმცა სამუშაო პირობები და დაბალი ანაზღაურება კადრებს დიდხანს დარჩენის სურვილს უკლავს. რა განაპირობებს რითეილ სექტორში კადრების მაღალ დენადობას? საკითხზე ,,კომერსანტი’’ პროფკავშირების თავმჯდომარის მოადგილეს რაისა ლიპარტელიანს ესაუბრა. ის ჩვენთან რამდენიმე მიზეზს ასახელებს.
,,კადრების დენადობა გამოწვეულია სწორედ შრომის დაბალი სტანდარტებით. აქ როგორც წესი მთავარი აქცენტი კეთდება ანაზღაურებაზე და ასეც არის. წლების განმავლობაში სხვადასხვა სექტორში ხელფასები იმატებს და აქაც მეტ-ნაკლებად მატება ფიქსირდება, თუმცა საერთო ჯამში ანაზღაურება არის დაბალი და მნიშვნელოვნად ჩამორჩება ქვეყანაში არსებულ საშუალო ხელფასს. ხშირია კონტრაქტების არარსებობა. ამ სექტორისთვის დამახასიათებელია გარკვეული პერიოდი უხელფასოდ მუშაობა სტაჟირების სტატუსის ქვეშ. შრომის ინსპექციამ არაერთი დარღვევა დაადგინა ამ სექტორში. მათ შორის ე.წ. ჯარიმებთან დაკავშირებით და ზოგადი რეკომენდაციაც გამოსცა შრომის ინსპექციის სამსახურმა, რომ ეს იყო კანონშეუსაბამო პრაქტიკა. სამწუხაროდ, ტენდენცია კვლავ გრძელდება. იგულისხმება მოცემულობა, როდესაც თვის ბოლოს მაღაზიას უფიქსირდება დანაკლისები, ეს საშუალო არითმეტიკულით უნაწილდებათ დასაქმებულებს და მათ უწევთ ხელფასებიდან ამ თანხის დაფარვა. ამას აქვს სისტემური ხასიათი. შედეგობრივად ეს იწვევს იმას, რომ თვის ბოლოს ის მიზერული ხელფასიც, რომელიც მათთან არის შეთანხმებული მათ არ მიეცემათ.’’- აცხადებს რაისა ლიპარტელიანი.
კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც დასაქმებულები რითეილ სექტორში დიდხანს ვერ ჩერდებიან სამუშაო პირობებს უკავშირდება. პრობლემურია გრაფიკი. ხშირად დასაქმებულებს ზეგანაკვეთურ სამუშაო გრაფიკით უწევთ მუშაობა, რასაც მიზერულად ან საერთოდ არ უნაზღაურებენ.
,,კადრების ნაკლებობის გამო თითოეული დასაქმებულის შრომა არის გადატვირთული. ზეგანაკვეთური შრომის შემთხვევები სისტემატურად ფიქსირდება და ის ნომინალურად ანაზღაურდება ან საერთოდ არ ანაზღაურდება. გასათვალისწინებელია, რომ ეს არის ძირითადად ახალგაზრდებისთვის ხელმისაწვდომი სამუშაო. მათი მოტივაცია არის სწავლების მხარდაჭერა. რეგიონებიდან ჩამოსული სტუდენტებისთვის ეს არის საშუალება, რომ ყოველდღიური ხარჯები დაფარონ, მაგრამ გრაფიკები და პირობები, რომელსაც სექტორი მათ სთავაზობს გამორიცხავს სამსახურის სწავლასთან შეთავსებას და ასევე ძირითადი საჭიროებები, რომლებიც ამ ადამიანებს გააჩნიათ დაფარონ ამ ანაზღაურებით. შესაბამისად ხშირია დენადობა ამ სექტორიდან. საბოლოო ჯამში, სწორედ ასეთი პირობები იწვევს, რომ ადამიანები დიდი ხნით სამუშაო ადგილზე ვერ ჩერდებიან.’’- აცხადებს რაისა ლიპარტელიანი.
სექტორში კიდევ ერთ გამოწვევად იქცა დასაქმებულების უსაფრთხოება. რამდენიმე შემთხვევა უკვე დაფიქსირდა, როდესაც დასაქმებულების ჯანმრთელობა და უსაფრთხოება რისკის ქვეშ დადგა.
,,პრობლემურია ფიზიკური უსაფრთხოება. სამწუხაროდ დაფიქსირდა რამდენიმე შემთხვევა, როდესაც თანამშრომლები გახდნენ ფიზიკური თავდასხმის მსხვერპლი. სადღეღამისო ობიექტებსაც ფაქტობრივად დაცვის სამსახურები არ ჰყავთ. ვერ ახდენენ ფიზიკური თავდასხმების პრევენციას. შესაბამისად, ესეც არის აქტუალური პრობლემა.’’- განმარტავს ,,კომერსანტთან’’ საუბარში რაისა ლიპარტელიანი.
პროფკავშირების თავმჯდომარის მოადგილე აცხადებს, რომ სექტორი ხშირად წუწუნებს კადრების დეფიციტის გამო, თუმცა პრობლემის მოგვარების მიმართულებით საჭირო ნაბიჯებს არ დგამს.
,,მიუხედავად იმისა, რომ წლებია ეს პრობლემა არსებობს როგორც ჩანს მათ არ უნდათ გადახედონ შრომის სტანდარტებს, სახელფასო პოლიტიკას და ისეთი პირობები შესთავაზონ ადამიანებს, რომ მათ არ უნდოდეთ რამდენიმე თვის მერე სამსახურის დატოვება. ეს სექტორი მსხვილ ბიზნესს წარმოადგენს. მათი ფინანსური რესურსები იძლევა საშუალებას, რომ უკეთესი პირობები შესთავაზონ დასაქმებულებს.’’- აცხადებს რაისა ლიპარტელიანი.
