საქართველოში რეჟიმმა კიდევ 3 ლიდერი დააპატიმრა, ეს პოლიტიკური დევნაა – ALDE-ს პრეზიდენტი

„ევროპისთვის ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსის“ (ALDE) პრეზიდენტი, ევროპარლამენტის წევრი, გერმანელი პოლიტიკოსი სვენია ჰანი საქართველოში ოპოზიციონერი ლიდერების დაპატიმრებას ეხმაურება.
„აღშფოთებული ვარ! საქართველოში რეჟიმმა ლიბერალური ოპოზიციის კიდევ სამი ლიდერი დააპატიმრა. ეს პოლიტიკური დევნაა“, – წერს პოლიტიკოსი ფეისბუკზე.
„საქართველოში დემოკრატიული ღირებულებებისა და თავისუფლებების ეროზია ჩვენს თვალწინ ხდება. „ქართული ოცნების“ რეჟიმს უნდა ეშინოდეს მიმდინარე დემონსტრაციების, მზარდი საზოგადოებრივი ზეწოლისა და ხმამაღალი ოპოზიციის“, – აცხადებს ის.
სვენია ჰანის განცხადებით, ALDE, – ალიანსი ევროპაში 70-ზე მეტ წევრ პარტიას აერთიანებს, მათ შორის „სტრატეგია აღმაშენებელს“, „გირჩი-მეტი თავისუფლებას“ და „ლელოს“, – კვლავ აგრძელებს მეგობრებისა და დემოკრატიის მხარდამჭერი საქართველოს ხალხის მხარდაჭერას.
„ქართული ოცნების“ რეჟიმმა უნდა პატივი სცეს საერთაშორისო სამართლის წინაშე აღებულ ვალდებულებებს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ლიბერალური პარტიების დაპატიმრებული ლიდერები, მოუხსნას ბრალდებები ოპოზიციას და საქართველო დააბრუნოს ევროპულ გზაზე, რომელიც ქართველმა ხალხმა აირჩია და რასაც საქართველოს კონსტიტუციას მოითხოვს“, – წერს ALDE-ს პრეზიდენტი.
ფეისბუკ პოსტში მას მონიშნული ჰყავს , , ბადრი ჯაფარიძე და ზურაბ გირჩი ჯაფარიძე. ყველა მათგანი „ქართული ოცნების“ მიერ სადავო პარლამენტში შექმნილ დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობისთვის არის ციხეში.
· გიორგი ვაშაძეს შვიდი თვით პატიმრობა მიუსაჯეს; ის დღეს 24 ივნისს დააპატიმრეს.
· მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს – რვა-რვა თვით პატიმრობა; ისინი გუშინ, 23 ივნისს დააპატიმრეს.
· ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს – შვიდი თვით პატიმრობა. ის 22 მაისს დააკავეს მას შემდეგ, რაც გირაოს თანხა არ გადაიხადა.
· ყველა მათგანს ორი წლით აუკრძალეს თანამდებობის დაკავება.
24 ივნისს ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატმა განაცხადა, რომ ოქრუაშვილს დღეს საპატიმროში ახალი ბრალი წარუდგინეს – გორში მომხდარ „საყოფაცხოვრებო შემთხვევასთნა“ დაკავშირებით.