შრომის ბაზარზე კონკურენციის პრობლემამ იჩინა თავი. ამის ერთ-ერთი მიზეზი დასაქმებულთა მხრიდან ანაზღაურების ზრდაა, რასაც ისინი სექტორიდან ითხოვენ. ხელფასის ზრდა და მასთან დაკავშირებული საკითხები, ბიზნეს სექტორს მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე აყენებს. იგი პირდაპირ პროდუქციის თვითღირებულების ზრდაზე აისახება, რაც განსაკუთრებთ მცირე ბიზნესს დიდ პრობლემებს უქმნის და ხშირ შემთხვევაში, საწარმოების ნაწილს საქმიანობის შეჩერებაც უწევთ.
ბიზნესის სფეროს წარმომადგენლები ამბობენ, რომ კარგია, როცა თანამშრომელებს ხელფასი ეზრდებათ, მაგრამ ეს პირდაპირ კავშირშია წარმოებული პროდუქტის საბოლოო ფასთან, რაც შემდგომში კონკურენციის პრობლემას წარმოშობს. თუ მდგომარეობის არ დარეგულირდა, რა გამოწვევის წინაშე აღმოჩნდება ბიზნესი?
მეწარმე ზურაბ უჩუმბეგაშვილი ამბობს, რომ კარგია, როდესაც დასაქმებულების ანაზღაურება მატოლობს, მაგრამ ეს პრიდაპირ მოქმედებს პროდუქციის თვითღირებულებაზე, რაც შემდგომში სერიოზულ პრობლემებს წარმოშობს.
,,ცხადია, რაც მეტ ხელფასს გასცემ პროდუქციის თვითღირებულება იზრდება. ჩვენს კვერცხსა და ფრინველის ხორცს ვაწარმოებთ. ამ პროდუქტს მომხმარებელი ნებისმიერ შემთხვევაში ყიდულობს, მაგრამ, როდესაც რეალიზაცია ეცემა, მეწარმე იძულებულია ან შეამციროს გამოშვება, ან რაღაც სხვა ნაბიჯი გადადგას. მუშახელი თუ გაგიძვირდა უნდა აისახოს პროდუქციის ღირებულებეში.
ანაზღაურების მომატებას იმიტომ ითხოვს დასაქმებული, რომ გარშემო ყველაფერი გაძვირდა. კომუნალური გადასახადი, ტრანსპორტი, საწვავი, პროდუქტი და ა.შ. ამდენად, ეს გლობალურად მოსაგვარებელი თემაა და სახელმწიფოს პირდაპირ ეხება.
წელიწადნახევრის წინ გაგვიორმაგდა ელექტროენერგიის გადასახადი, გაგვიძვირდა ბუნებრივი აირი, შესაბამისად მოიმატა ხარჯმა. ფაქტია, ასეთ დროს პროდუქციას ვაძვირებ. შედეგი კი ისაა, რომ რასაც ადრე ვყიდდით, იმაზე გაცილებით ნაკლები პროდუქცია გვეყიდება ახლა”, – განაცხადა უჩუმბეგაშვილმა.
როცა მუშახელის შენარჩუნებასთან ერთად, ბიზნესს ხელფასის ზრდა და პროდუქციის გაძვირება თანაბრად უწევს, ამან შესაძლოა ზოგიერთი საწარმოს არსებობა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს.
,,რაც ახლა ხდება, დარგობრივი კრიზისი არაა. მოგეხსენებათ, ჩვენი მოქალაქეები ელვის სისწრაფით მიდიან ემიგრაციაში. ასეთ დროს სახელმწიფო მაქსიმალურად უნდა ჩაერთოს. შესაბამისი ნაბიჯები გადადგას. თუნდაც, მეწარმეებს 20%-იანი საშემოსავლო გადასახადი შეუმციროს და გამოთავისუფლებული თანხა პირდაპირ ხელფასების ზრდას მოხმარდეს. ასეთ შემთხვევაში, აღარც ნედლეული გაძვირდება. გარდაუვალი აუცილებლობაა, რომ სახელმწიფომ პრობლემის აღმოსაფხვრელად შესაბამისი ნაბიჯები გადადგას”, – დასძინა უჩუმბეგაშვილმა.
ხელფასის ზრდის საკითხი, რომ პრობლემურია, ამაზე ეკონომისტებიც თამამად საუბრობენ და ბიზნესს ეფექტური ნაბიჯების გამოძებნისკენ და რაციონალური ხარჯების გაწევისკენ მოუწოდებენ. ეკონომიკის დოქტორი სოსო არჩვაძე ყურადღებას ამახვილებს, რომ საკითხის ფორმირებაში რამდენიმე ფაქტორი მონაწილეობს.
,,პრობლემის ფორმირებაში რამდენიმე ფაქტორი მონაწილეობს. ერთია, ეკონომიის ეფექტი. რაც უფრო წვრილი წარმოებაა, ხარჯების ეკონომიის რესურსი და შესაძლებლობა შედარებით შემცირებულია. მცირე წარმოებას არა აქვს იმდენი საშუალება, რომ ტექნიკური გადაიარაღება მოახდინოს, შეძლოს მოწინავე ტექნოლოგიების გამოყენება.
ასევე მენეჯმენტის პრობლემა არსებობს. ჩვენი მეწარმეები ბევრ შემთხვევაში რაციონალური ხარჯებით არ გამოირჩევიან. ირანციონალური გადაწყვეტილებები კი, პროდუქციის თვითღირებულებას ტვირთად აწვება. ამიტომაც, მართვის თანამედროვე მეთოდების სტილის დანერგვა არის ერთ-ერთი გზა იმისათვის, რომ მიმდინარე ხარჯების ეკონომია მოხდეს. პროდუქციის თვითღირებულება შემცირდეს და გაიზარდოს მისი კონკურენტუნარიანობა.
ჩვენი პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ სამუშაო ადგილების ნაკლებობაა. ამოცანა არა იმდენად ხელფასების გაზრდაა, არამედ მეტი სამუშაო ადგილის შექმნაა. ეს მაშინ მოხდება, თუ პროდუქციაზე მოთხოვნა გაიზრდება. ხოლო პროდუქციაზე მოთხოვნა მაშინ გვექნება, თუ ჩვენი პროდუქციის თვითღირებულება დაბალი იქნება. ამდენად, ყველაფერი ერთმანეთთან მიზეზშედეგობრივ კავშირშია. ამიტომ ორმაგი ძალისხმევა გვჭირდება. ერთი მხრივ, მეწარმეებმა უნდა შეძლონ თავიანთი მართვის სტილისა და მეთოდების გაუმჯობესება. მეორეს მხრივ, სახელმწიფოს მხრიდან ბიზნესზე მეტი კომპლექსური მხარდაჭერაა აუცილებელი, რათა მცირე ბიზნესი ფეხზე უფრო მყარად დადგეს. აწარმოოს შედარებით იაფად პროდუქცია, იყოს მეტად კონკურენტუნარიანი ჯერ შიდა ბაზარზე და შემდეგ, რა თქმა უნდა, გარე ბაზარზეც”, – ამბობს არჩვაძე.
კონკურენტუნარიანობის თვალსაზრისით სამკერვალო სექტორი უკვე მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშე დგას. საწარმოების ნაწილს საქმიანობის შეჩერება უწევს. სამკერვალო ,,იმერის” დირექტორი მაია სიმონიძემ აღნიშნა, რომ სექტორში ხელფასების ოდენობა თვეში 300 დოლარსა და 300 ევროსაც კი სცდება. შეკვეთების კლება კი სწორედ ამ ფაქტს უკავშირდება. სექტორში პრობლემები მას შემდეგ დაიწყო, რაც ხელფასი 200 დოლარის ნიშნულს გასცდა.
“ძირითადად დატვირთული ვიყავით უცხოური შეკვეთებით, რომელსაც სხვადასხვა ქვეყნიდან ვიღებდით. შედარებით იაფი მუშახელი ვიყავით და ამიტომ ინტერესდებოდნენ უცხოური კომპანიები. ვინაიდან საქართველოში ანაზღაურება უკვე ისეთი დაბალი აღარ არის, როგორიც თუნდაც რამდენიმე წლის წინ იყო (ხელფასი თავისი საშემოსავლო ნაწილით 300 დოლარსა და 300 ევროსაც სცდება), ამიტომ საინტერესო აღარ ვართ. არის ქვეყნები, სადაც ჩვენზე ბევრად დაბალია ანაზღაურება და რა თქმა უნდა, შეკვეთებიც გადანაწილდა იმ ქვეყნებში.
რაც მეტად გაიზრდება ხელფასები, მით უფრო ნაკლებად საინტერესო ვიქნებით. მანამდე ვიყავით საინტერესო, სანამ ერთი თვის ხელფასი 200 დოლარამდე იყო”, – განაცხადა სიმონიძემ.
წყარო: “რეზონანსი”
