ხილის მწარმოებელი კომპანია “ხილარის”დამფუძნებელი თაზო კაკუშაძე ამბობს, რომ ამ დროისთვის კომპანია 9 სახეობის ხილის წვენს აწარმოებს და მიმდინარე წელს წარმოების გაფართოებაც იგეგმება.
როგორც მან bm.ge-ის უთხრა, ამჟამად წვენი შუშის ბოთლებში ისხმება და მთლიანად ექსპორტზე გადის, თუმცა კომპანიაში აცხადებენ, რომ შესაძლოა, მუყაოს შეფუთვით ჩამოასხან და ქართულ ბაზარზეც გაყიდონ.
“ამ ეტაპზე 9 სახეობის წვენს ვაწარმოებთ და ძირითადად ექსპორტზე გადის. ლატვია, ისრაელი და ახლა ვიწყებთ აშშ-ზე მუშაობას. გამოფენაზე ვიყავით “აწარმოე საქართველოს” მხარდაჭერით და მოლაპარაკებები გვაქვს აშშ-ის კომპანიებთან. წლიურად 1200 ტონა ხილი შეგვიძლია გადავამუშაოთ, რაც 700-800 ტონა წვენის ჩამოსხმას ნიშნავს. მოთხოვნა ძირითადად არის ლატვიდან. ასევე, ავსტრიიდანაც, თუმცა ზოგან რეგულაციებიდან გამომდინარე არ შევდივართ და ა.შ. ჩვენი პროდუქცია არ არის იაფი, შესაბამისად, ისეთი ბაზარია ჩვენი სამიზნე, სადაც მინის ბოთლს და ხარისხს აფასებენ. ეს არის უმეტესად ევროპის ბაზარი”, – განაცხადა კაკუშაძემ.
მისი ინფორმაციით, მიმდინარეობს მუშაობა უზბეკეთის, ყაზახეთის, აშშ-ის და კანადის მიმართულებით გასაფართოებლად და წლის ბოლომდე გეგმაც სწორედ ეს არის.
გარდა ამისა, მწარმოებლებმა “ხილარის” ხილის არაყიც აწარმოეს, რომელიც სავარაუდოდ, ძირითადად საქართველოში, რიტეილ-სექტორში გაიყიდება.
“საქართველოში საერთოდ არ ვყიდით ჩვენს პროდუქტს, წინა წლებში გარკვეულ ქსელებში შევდიოდით და სხვადასხვა ადგილებში იყიდებოდა “ხილარი”, თუმცა გამოვიტანეთ ყველა ადგილიდან და აღარ შეგვაქვს. მიზეზი უკავშირდება არა მხოლოდ ქსელებში შესვლის პრობლემებს, ასევე იმას, რომ საქართველოში არ არის ქცევის კულტურა მომხმარებლის მხრიდან. ზოგადად, დახლზე ჩვენი პროდუქციას და იმპორტირებულ პროდუქციას დაახლოებით იგივე ფასი აქვს, თუმცა თანაფარდობა მოხმარებაზე ძალიან დიდია. ეს დამოკიდებულია იმაზე, რომ პროდუქცია არ დევს სწორად დახლზე და მეორე იმ თვალსაზრისით, რომ მომხმარებელი არ აქცევს ყურადღებას, რომ ქართული შეიძინოს. ჯერ პარტნიორებს მოლაპარაკებები გვაქვს, უნდა ვიცოდეთ მოთხოვნა რამდენად იქნება მათ შორის ქსელების მხრიდან, რომ ადგილობრივ ბაზარზე დავიმკვიდროთ თავი, რადგან როგორი კარგიც არ უნდა იყოს ექსპორტი, ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობა ძალიან მნიშვნელოვანია”, – განაცხადა კაკუშაძემ.
კითხვაზე, ხომ არ უნდა ვივარაუდოთ, რომ ქართული პროდუქციის მიმართ მომხმარებლის ქცევას ფასები განაპირობებს, კაკუშაძე პასუხობს, რომ ქართულ პროდუქციას და კონკრეტულად “ხილარის’ წვენს იგივე ფასი აქვს, რაც იმპორტირებულ წვენებს, ხოლო ხარისხზე საუბარიც არ არის.
“ხარისხიდან გამომდინარე ვიმკვიდრებთ თავს საერთაშორისო ბაზარზე. თუმცა თუ მეტი საშუალება გვექნება, მეტად კონკურენტუნარიანები გავხდებით. რაც შეეხება იმპორტირებულ ბრენდებს, ვიდრე საერთაშორისო ბაზარზე გამოჩნდებოდნენ, მათ შორის საქართველოში, მათ თავიანთ ქვეყნებში დაიმკვიდრეს თავი”, – თქვა ‘“ხილარის” დირექტორმა.
კითხვაზე, სახელმწიფოს მხრიდან თუ საჭიროებს ადგილობრივი წარმოება მეტად ხელშეწყობას, კაკუშაძე პასუხობს, რომ ხელშეწყობა ნამდვილად არსებობს, მათ შორის გამოფენებზე მონაწილეობის მიმართულებით.
“ამ საკითხში რაღაც გასაკეთებელია, თუმცა რა შეიძლება ამ მხრივ გააკეთოს სახელმწიფომ, ეს ალბათ სხვა ფორმატში საუბრის თემაა”, – თქვა მან.