„საქართველოში პრემიუმ კლასის ბრენდები რომ შემოვიყვანოთ, მაშინ ევროპასთან უნდა გვქონდეს დალაგებული ურთიერთობა“

„საქართველოში პრემიუმ კლასის ბრენდები რომ შემოვიყვანოთ, მაშინ ევროპასთან უნდა გვქონდეს დალაგებული ურთიერთობა“ – ამის შესახებ „აი სი არ ჯგუფის“ დამფუძნებელმა, ბიზნესმენმა კახა ხაზარაძემ „ბიზნესპრესნიუსს“ განუცხადა.
„პრემიუმ კლასის ბრენდების მომხმარებლები ძირითადად ევროპელები არიან. ბუნებრივია, ევროპელების გარდა ჰყავს ამ ბრენდებს თაყვანისმცემლები და ეს ჩინელები არიან. მაგრამ, თუ ვსაუბრობთ იმაზე, რომ საქართველოში მსგავსი სეგმენტის ბრენდები შემოვიყვანოთ, მაშინ ევროპასთან უნდა გვქონდეს დალაგებული ურთიერთობა.
რაც შეეხება ჩინელებს, ეს მაინც დამატებაა. მაღალმხარჯველ ჩინელს მარტო ძვირადღირებული ბრენდებით ვერ ჩამოიყვან ქვეყანაში. შესაბამისი ინფრასტრუქტურა და სერვისები სჭირდება, რაც საქართველოს ამ ეტაპზე არ გააჩნია“, – განაცხადა კახა ხაზარაძემ.
მისი თქმით, საქართველოში ამ ეტაპზე საშუალო სეგმენტის მქონე ტურისტები ჩამოდიან, რომლებიც ფულს მცირე მოცულობით ხარჯავენ.
„რამდენიმე დღის წინ დავბრუნდი მივლინებიდან და როდესაც აეროპორტში მყოფ ტურისტებს გადავხედე, ჩანდა, რომ აბსოლუტურად საშუალო სეგმენტის მქონე ტურისტები შემოდიან საქართველოში.
ბევრი რამეა გასაკეთებელი და ერთი ხელის მოსმით პრემიუმ ბრენდების შემოყვანა ასე მარტივი არ არის. წინაპირობებია საჭირო და ეს წინაპირობა პირველ რიგში ევროპასთან მყარი და პერსპექტიული ურთიერთობაა, რაც დღესდღეობით პრობლემაა, ბევრი თემაა გაყინული და არჩევნებზეა მიბმული“, – განაცხადა კახა ხაზარაძემ.
bpn.ge