საქართველოში მრავალეროვნული სამხედრო სწავლება Agile Spirit 2025 ოფიციალურად გაიხსნა

საქართველოში მრავალეროვნული სამხედრო სწავლება Agile Spirit 2025 ოფიციალურად გაიხსნა
საქართველო მრავალეროვნულ სამხედრო სწავლებას „მტკიცე სული“ (Agile Spirit) მეთორმეტედ მასპინძლობს. სწავლება კრწანისში, ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC) ოფიციალურად გაიხსნა. სამწყობრო მოედანზე, საერთაშორისო წვრთნებში მონაწილე ქვეყნების სამხედრო მოსამსახურეებს სიტყვით მიმართეს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ პაატა პატიაშვილმა, თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, გენერალ-მაიორმა ირაკლი ჭიჭინაძემ და ევროპასა და აფრიკაში -ის მე-7 არმიის წვრთნების სარდლობის მეთაურმა, ბრიგადის გენერალმა ტერი ტილისმა. სიტყვით გამოსვლისას, მათ საერთაშორისო სწავლების მნიშვნელობაზე ისაუბრეს და მონაწილეებს წარმატებები უსურვეს. საქართველოში საერთაშორისო წვრთნებს ერთობლივად ხელმძღვანელობენ საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდალი, ბრიგადის გენერალი კობა გრიგოლია და აშშ-ის ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის წარმომადგენელი, პოლკოვნიკი უილიამ კოქსი.
სწავლების გახსნის ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის ძალების წარმომადგენლები, საქართველოში აკრედიტებული თავდაცვის ატაშეები, ნატოს სამეკავშირეო ოფისის, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ძირითადი ჯგუფის, აშშ-ის საელჩოს თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის სამსახურისა (ODC) და ევროკავშირის მონიტორინგის მისიის (EUMM) წარმომადგენლები დაესწრნენ.
Agile Spirit 2025 რეგიონის ორ ქვეყანაში – საქართველოსა და თურქეთში ტარდება, რაც რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერებას უწყობს ხელს. სწავლების აღსრულება თურქეთში, ადანას პროვინციასთან ახლოს ამერიკულ-თურქული ერთობლივი საჰაერო სადესანტო ოპერაციით 21 ივლისს დაიწყო.
Agile Spirit 2025-ში საქართველოს, აშშ-ის, თურქეთის თავდაცვის ძალების წარმომადგენლებთან ერთად, კიდევ რვა ქვეყნის სამხედრო მოსამსახურეები მონაწილეობენ; სწავლებაში ასევე ჩართულია 2 მრავალეროვნული ქვედანაყოფი; წვრთნების მიმდინარეობას ორი სახელმწიფოს წარმომადგენლები დააკვირდებიან.
სწავლება მიზნად ისახავს მონაწილე ქვეყნების თავდაცვის ძალების მზადყოფნის დონის ამაღლებას, ურთიერთთავსებადობისა და ოპერატიული შესაძლებლობების გაძლიერებას.

ასევე დაგაინტერესებთ

ქართველი ხალხის მიმართ შეუფერებელ ლაზღანდარობას, უმჯობესი იქნებოდა, თუ ბრიტანეთის ელჩი პასუხს გასცემს თუ რატომ აპირებდა ექსტრემისტული დღის წესრიგის მქონე „ტაბულას“ და „გია ჯაფარიძის“ დაფინანსებას