საქართველოში მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა ეკონომიკური მდგრადობისა და მაკროეკონომიკური სტაბილურობის მიმართულებით – პრემიერი

ბოლო წლებში, საქართველოში მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა ეკონომიკური მდგრადობისა და მაკროეკონომიკური სტაბილურობის მიმართულებით – სარეიტინგო სააგენტოები აღნიშნავენ, რომ საქართველომ, გეოპოლიტიკური შოკების მიუხედავად, შეძლო და შეინარჩუნა მაღალი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები და ეკონომიკური მდგრადობა,- ამის შესახებ სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ პრემიერის მოხსენებაშია აღნიშნული.
ანგარიშის მიხედვით, 2024 წელი, ეკონომიკური ზრდის კუთხით, მნიშვნელოვნად პოზიტიური ტენდენციებით დაიწყო − პირველი კვარტალის ეკონომიკური ზრდის საშუალო მაჩვენებელმა 7.8% შეადგინა, სავალუტო ფონდის პროგნოზით კი, 2024 − 2029 წლებში საქართველოს ექნება ყველაზე მაღალი ზრდა რეგიონისა და ევროპის ქვეყნებს შორის − საშუალოდ 5.1%-ის ოდენობით.
„ბოლო წლებში, საქართველოში მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა ეკონომიკური მდგრადობისა და მაკროეკონომიკური სტაბილურობის მიმართულებით. ფუნდამენტური ეკონომიკური რეფორმების ფონზე, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა ეკონომიკის სტრუქტურა და გაიზარდა ინკლუზიურობა. ქვეყანაში განხორციელებული რეფორმების, მათ შორის, მაკროეკონომიკური სტაბილურობის უზრუნველყოფის მიმართულებით გატარებული ღონისძიებების შედეგად, ქვეყანა წარმატებით გაუმკლავდა მის წინაშე არსებულ გამოწვევებს. პოსტპანდემიურ პერიოდში მნიშვნელოვანი საგარეო გამოწვევებისა და გეოპოლიტიკური დაძაბულობის მიუხედავად, საქართველოს ეკონომიკამ შეინარჩუნა მდგრადობა და ევროპისა და ფართო რეგიონის მასშტაბით ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აჩვენა.
2021-2022 წლებში დაფიქსირებული ორნიშნა ეკონომიკური ზრდის შემდგომ, მაღალი ზრდის დინამიკა 2023 წელსაც გაგრძელდა − გასულ წელს ეკონომიკურმა ზრდამ 7.5% შეადგინა, მთლიანობაში პოსტპანდემიურ პერიოდში − 2021 − 2023 წლების საშუალო ეკონომიკურმა ზრდამ კი − 9.7%. 2023 წელს მაღალ ეკონომიკურ ზრდას უმთავრესად ხელი შეუწყო საინვესტიციო აქტივობის ზრდამ, რეალური ინვესტიციები 23%-ით გაიზარდა“,- ნათქვამია მოხსენებაში.