საქართველოში მისამართზე აქტიური რეგისტრაცია 4 562 181 მოქალაქეს აქვს

2024 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით, საქართველოში მისამართზე აქტიური რეგისტრაცია 4 562 181 საქართველოს მოქალაქეს აქვს.
საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების რაოდენობის შესახებ სადეპუტატო კითხვით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს „გირჩის“ დეპუტატმა ალექსანდრე რაქვიაშვილმა მიმართა.
„სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს“ ინფორმაციით, საქართველოში მისამართზე აქტიური რეგისტრაციის მქონე საქართველოს მოქალაქეებიდან 3 604 188 სრულწლოვანია, 957 993 კი არასრულწლოვანი.
„გაცნობებთ, რომ სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაზე დაყრდნობით, 2024 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით საქართველოში მისამართზე აქტიური რეგისტრაცია აქვს 4 562 181 საქართველოს მოქალაქეს (მათ შორის სრულწლოვანი – 3 604 188, არასრულწლოვანი – 957 993). ამავდროულად, გაცნობებთ, რომ სააგენტო, მისი კომპეტენციის ფარგლებში, არ ფლობს ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, თუ ამ პირთაგან რამდენი პირი არის საქართველოში მუდმივად მცხოვრები”, – აღნიშნულია დოკუმენტში.

ასევე დაგაინტერესებთ