„საქართველოში მიმდინარეობს დემოგრაფიული დაბერების პროცესი – მოკვდაობის მაჩვენებლების კლება მოსალოდნელი არ არის“ – დემოგრაფი

„საქართველოს დემოგრაფიული სისტემის შობადობის პოტენციალი მნიშვნელოვნადაა შემცირებული“, – ამის შესახებ დემოგრაფმა გიორგი მელაძემ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ახლო მომავალში არ არის მოსალოდნელი მოკვდაობის მაჩვენებლების კლება, რადგან საქართველოში მიმდინარეობს დემოგრაფიული დაბერების პროცესი.
„შარშან ჩვენს ქვეყანაში 40 ათასზე ნაკლები ბავშვი დაიბადა (39 483), რაც უპრეცედენტო მოვლენას წარმოადგენდა 1935 წლიდან დღემდე. დაბადებული ბავშვების რაოდენობაზე უფრო ნაკლები ახალშობილი, მხოლოდ მეორე მსოფლიო ომის პერიოდში და ისიც მხოლოდ 1943 წელს დაფიქსირდა (34 057).
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ ახლახან გამოქვეყნდა შობადობის სტატისტიკა 2025 წლის წლის პირველი ნახევრის მდგომარეობით. 2024 წლის იგივე დროის მონაკვეთთან შედარებით, 1 159-ით ნაკლები ბავშვის დაბადება დაფიქსირდა. მომავალში, სამწუხაროდ, არ უნდა ველოდოთ შობადობის მატებას, რის უმნიშვნელოვანესი მიზეზიც ფერტილური ასაკის (15-49 წწ.) ქალების მცირე რაოდენობაა. საქართველოში 1995 წელს, აღნიშნული ასაკის 1 223 600 ქალი დაფიქსირდა. 2025 წლის 1-ელი იანვრის მონაცემებით კი 401.5 ათასით ნაკლები. საქართველოს დემოგრაფიული სისტემის შობადობის პოტენციალი მნიშვნელოვნადაა შემცირებული.
განხილული ექვსი თვის დროის პერიოდში, ოდნავ გაიზარდა გარდაცვალებათა რაოდენობა. ახლო მომავალში არ არის მოსალოდნელი მოკვდაობის მაჩვენებლების კლება, ვინაიდან საქართველოში მიმდინარეობს დემოგრაფიული დაბერების პროცესი. შობადობისა და მოკვდაობის მონაცემებიდან გამომდინარე, ქვეყანაში მიმდინარეობს მოსახლეობის დეპოპულაცია“, – აცხადებს რესპონდენტი.
შეგახსენებთ, საქართველოში შობადობა 30-წლიან მინიმუმზეა. კერძოდ, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წელს საქართველოში 39 483 ბავშვი დაიბადა (შენიშვნა: საქსტატზე მონაცემები წარმოდგენილია 1994 წლიდან). 1994-2024 წლების განმავლობაში შობადობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2014 წელს დაფიქსირდა და 60 635 შეადგინა. მას შემდეგ ეს მაჩვენებელი ყოველწლიურად იკლებს. ბოლო წლებში კლების დინამიკით ხასიათდება გარდაცვალების მაჩვენებლებიც, თუმცა აღსანიშნავია, რომ ეს მაჩვენებელი შობადობას აჭარბებს. მაგალითად, 2024 წელს ქვეყანაში 43 971 პირი გარდაიცვალა.
bpn.ge