საქართველოში მართვის მოწმობის გამოცდები ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში ვერ მოდის – დავით მესხიშვილი

რამდენიმე წელია მართვის მოწმობის გამოცდები ეტაპობრივად იცვლება და ახალი ტიპის დავალებები, მათ შორის მანქანის ქალაქის პირობებში მართვა და ავტომობილების ტექნიკური გამართულობის შემოწმება, ემატება. ამის მიუხედავად, როგორც “გრინლაით კონსალტინგის” დამფუძნებელმა, დავით მესხიშვილმა, აღნიშნა, მართვის მოწმობის ქართული გამოცდები ევროპული სტანდარტების შესაბამისი არ არის, რის გამოც ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ჩვენი დოკუმენტები არავალიდურია.
“ვაკვირდები, როგორ ხვდება მართვის მოწმობები მძღოლობის კანდიდატების ხელში და მთლიანად ეს სისტემა არ არის შესაბამისობაში ევროპულ სტანდარტებთან. ჯერ კიდევ შესაძლებელია, ისეთი ადამიანის ხელში აღმოჩნდეს მართვის მოწმობა, რომელმაც არაფერი იცის საგზაო წესების შესახებ. გამოცდის რეალურ სივრცეში გადასვლა კარგია, მაგრამ საკმარისი არ არის და ამიტომაც ჩვენი მართვის მოწმობა ბოლომდე არ არის ევროკავშირში აღიარებული.
ევროპული პრაქტიკა, პირველ რიგში, სიღრმისეულ განათლებას ეფუძნება, რომელსაც სხვადასხვა ეტაპზე იღებს ადამიანი და ეს იწყება ბაღის ასაკიდან. მეორეც, დღეს გვაქვს რეალობა, რომელშიც არავითარი მოთხოვნები არ არსებობს ავტო სკოლისა და ინსტრუქტორებისთვის. არსებობენ თვითმარქვია ავტოსკოლები, რომლებიც თაღლითურად ამზადებენ მძღოლობის კანდიდატს დაზუთხვის მეთოდით. ასე მომზადებული ადამიანი კი პოტენციურ საფრთხეს წარმოადგენს და ეს სისტემა სიღრმისეულადაა შესაცვლელი. ევროპაში ავტოსკოლები ლიცენზირებულია. ამის შესახებ იციან შესაბამისმა უწყებებმაც, თუმცა თავის თავზე ამის აღება არავის უნდა, რადგან ძალიან დიდი რეფორმებია ჩასატარებელი”, – ამბობს დავით მესხიშვილი.
კითხვაზე, როგორ მოდის შესაბამისობაში საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარება და უსაფრთხოების რეფორმების გატარება არსებულ სისტემასთან, “გრინლაით კონსალტინგის” დამფუძნებელი აღნიშნავს, რომ დღევანდელი კანონი მხოლოდ უკვე მომხდარ ფაქტებს ებრძვის და არ ფიქრობს მათ არიდებაზე.
“შინაგან საქმეთა სამინისტრო უკვე მომხდარ ფაქტებს ებრძვის. ვინმემ რომ არ დაარღვიოს, ამისთვის რა კეთდება? აქვს ადამიანს ამის სათანადო ცოდნა? ჩვენ გვაქვს რეალობა, რომელშიც მოქმედ ინსტრუქტორებსაც არ აქვთ მართვის მოწმობა და, ასეთ დროს, საგზაო უსაფრთხოებაზე საუბარი ძალიან რთულია.
ამას თან ერთვის საგზაო ინფრასტრუქტურაც, რომელიც შესაძლოა, არასათანადოდ იყოს მოწყობილი და კანონმორჩილ, გამოცდილ მძღოლსაც მოუწიოს დარღვევა. შესაბამისად, ეს მასშტაბური პრობლემაა, თუმცა ცოდნა მაინც ყველაზე მნიშვნელოვანია”, – აცხადებს დავით მესხიშვილი.
წყარო: BMGDrive

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა მდინარაძე – ხალხი მთელი საქართველოდან ჩამოიყვანეს, ოთხი პარტია და მთელი მდიდარი ენჯეოსექტორი აორგანიზებდა და ბოლოს მაინც გამოუვალი მდგომარეობით დაამთავრეს – არჩევნები არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე წააგეს