საქართველოში კორუფციის მხრივ ვითარება გაუარესდა – „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ ახალი ანგარიში

ორგანიზაციამ „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ დღეს კორუფციის მხრივ მსოფლიოში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, გასული წლის შეჯამება გამოაქვეყნა. ანგარიშში „კორუფციის აღქმის ინდექსი – 2023“, რომელიც ჯამში 180 ქვეყანას აფასებს, საქართველოს 53 ქულა აქვს მინიჭებული. საქართველოს მსგავი ინდექსი აქვთ რუანდას, კვიპროსს და გრენადას.
„კორუფციის აღქმის ინდექსი“ მსოფლიოში ყველაზე ფართოდ გამოყენებული კორუფციის გლობალური რეიტინგია. ის ზომავს თითოეული ქვეყნის საჯარო სექტორის კორუმპირებულობის დონეს ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების კვლევების საფუძველზე, რომელთაგან თითოეული სხვადასხვა ქვეყანაში კორუფციის მხრივ არსებული მდგომარეობის შეფასებას შეიცავს.
ახალ ანგარიშში საუკეთესო ათეული ასე გამოიყურება: 90 ქულით პირველ ადგილზეა . მას მოჰყვება ფინეთი (87), ახალი ზელანდია (85), ნორვეგია (84), სინგაპური (83), შვედეთი (82), შვეიცარია (82), ჰოლანდია (79), გერმანია (78) და ლუქსემბურგი (78). ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებიდან წამყვან ათეულთან ყველაზე ახლოსაა , რომელსაც 76 ქულა აქვს. ბოლო ათეულში არიან: ბურკინა-ფასო (41), კოსოვო (41), სამხრეთ აფრიკა (41), ვიეტნამი (41), კოლუმბია (40), კოტ-დ’იუვარი (40), გაიანა (40), სურინამი (40), ტანზანია (40) და ტუნისი (40).
საქართველო
მაღალი რეპუტაციის მქონე საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ საქართველოსთვის 53 ქულის მიცემა ნიშნავს იმას, რომ კორუფციის მხრივ საქართველოში ვითარება გაუარესდა. 100-ბალიან შკალაზე, სადაც 0 – ძალზე კორუმპირებულ, ხოლო 100 ძალზე სუფთა საჯარო სექტორს ნიშნავს, გასულ წელს საქართველოს 56 ქულა ჰქონდა, რაც წელს, 3-პუნქტიან გაუარესებაზე მიანიშნებს.
„საქართველოში კორუფცია კვლავ პრობლემად რჩება, რაც მიუთითებს უფრო ღრმა სისტემურ პრობლემაზე – ელიტაში ძალაუფლების კონცენტრაციაზე და მის ფართო გავლენაზე სახელმწიფო ინსტიტუტებზე და გადაწყვეტილებათა მიღების პროცესზე. დემოკრატიული უკუსვლა საქართველოში უკვე რამდენიმე წელია ხდება, სადაც ძალაუფლების ხელში ჩაგდება და მაღალი დონის კორუფცია ხელისუფლებას კლეპტოკრატიად აქცევს.
ახლახან, მმართველი პარტიის დამფუძნებლის, ს „დაბრუნება“ აქტიურ პოლიტიკაში, კიდევ ერთი ნიშანია იმისა, რომ მან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ქვეყნის ინსტიტუტების ხელში ჩაგდებაში. საქართველოში, რომელიც ერთ დროს ანტიკორუფციულ ბრძოლაში ჩემპიონის როლს ზეიმობდა, კორუფციის პრობლემა იმდენად გაღრმავდა, რომ ეს ახლა უკვე ევროკავშირში ინტეგრაციის ერთ-ერთ მთავარ დაბრკოლებად იქცა.
იმის მიუხედავად, რომ ევროკავშირის მოთხოვნით, [საქართველოში] ახალი ანტიკორუფციული სააგენტო შეიქმნა, მისი დამოუკიდებლობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას და მას არ მიენიჭა საგამოძიებო უფლებამოსილება მაღალი დონის კორუფციის დასაძლევად, რის გამოც დაუსჯელობის პროცესი გრძელდება. მნიშვნელოვანი რეფორმების გარეშე, მოსალოდნელია, რომ საქართველო კიდევ უფრო ღრმად ჩაეფლობა კლეპტოკრატიული მმართველობის სტილში“,- ნათქვამია „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ ახალი ანგარიშის, საქართველოსთან დაკავშირებულ ნაწილში.
საქართველო ასევე ნახსენებია ქვეთავში, რომელშიც საუბარია აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალური აზიის რეგიონის ზოგ სახელმწიფოში შექმნილ სუსტ სამართლებრივ მდგომარეობაზე, რომელიც თავის მხრივ, ამ ქვეყნებში კორუფციის აყვავებას უწყობს ხელს. აღნიშნულ ნაწილშიც ხაზგასმულია ის ფაქტი, რომ საქართველოში კორუფცია ბარიერად არის ქცეული ევროპის კავშირში გაწევრიანების გზაზე.
„რეგიონის მასშტაბით, ბევრი მთავრობა აკონტროლებს სასამართლო და სამართალდამცავ ინსტიტუტებს, რათა კორუფცია გამოიყენონ პრივილეგირებულ წრეებში მყოფთა დაუსჯელობისთვის. ამგვარი გამოცდილება, რომელიც გამუდმებით გრძელდება, საქართველოს და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს ხელს უშლის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში. ეს ასევე ეხება მოლდოვასა და ს, თუმცა ეს ქვეყნები არსებით რეფორმებს ახორციელებენ საკუთარ მართლმსაჯულების სისტემაში“, ნათქვამია ანგარიშში, რომელიც 2024 წლის 30 იანვრით არის დათარიღებული.
მსოფლიო
ზოგადად, სამართლიანობის და კანონის უზენაესობის მხრივ, გაუარესება 2016 წლიდან მოყოლებული, მთელ მსოფლიოში აღინიშნება, ამბობს „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ ანგარიში. ამ ტენდენციას ხელს უწყობს როგორც ავტორიტარიზმის აღზევება ზოგიერთ ქვეყანაში, ისე გარკვეული კონტექსტი დემოკრატიულ ქვეყნებშიც, სადაც სუსტდება მთავრობის ანგარიშვალდებულების ხელშემწყობი სისტემები და მთელ რიგ ქვეყნებში, თუ პოლიტიკურ სისტემათა ფართო სპექტრში მართლმსაჯულების სისტემათა ძირგამომთხრელი პროცესები ვრცელდება.
„ბრძოლა სამართლიანობისთვის და ბრძოლა კორუფციის წინააღმდეგ ერთმანეთთანაა გადაჯაჭვული: სადაც მართლმსაჯულების სისტემა ვერ ახერხებს კანონის უზენაესობის დაცვას, იქ კორუფცია ყვავის“ – ნათქვამია ანგარიშში. ის ხაზგასმით აღნიშნავს, რომ „მართლმსაჯულება და ეფექტიანი კანონის უზენაესობა აუცილებელია კორუფციის აღსაკვეთად და მის შესაკავებლად როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო დონეზე. ორივე დემოკრატიის ქვაკუთხედს და სამართლიანობისა და ანგარიშვალდებულების ცნებათა განსახიერებას წარმოადგენს. კორუფციის დაუსჯელობა, როცა ადამიანები, რომლებიც ბოროტად იყენებენ საკუთარ ძალაუფლებას, არ იწვნევენ შედეგს მიყენებული ზიანის გამო, არის უსამართლობისა და კანონის უზენაესობის მარცხი“.
„საერთაშორისო გამჭვირვალობის“ ანგარიშის მიხედვით, შესწავლილი 180 ქვეყნიდან მხოლოდ 28-მ შეძლო ბოლო 12 წლის მანძილზე კორუფციის აღქმის ინდექსის გაუმჯობესება. დროის იმავე ინტერვალში, ვითარება 34 სახელმწიფოში გაუარესდა. საბოლოო ჯამში, 50 ქულაზე დაბალი კორუფციის აღქმის ინდექსი აქვს ამ 180 ქვეყნის უმეტესობას, მათ 2/3-ს.
მსოფლიოში კორუფციის კრიმინალიზაციის მხრივ მიღწეული პროგრესის მიუხედავად, როცა პრობლემის დაძლევის მიზნით, თანდათან უფრო მეტი სპეციალური ინსტიტუტები იქმნება, ანგარიშის ავტორები აღნიშნავენ, რომ კორუფციის დონე მთელ პლანეტაზე მაინც სტაგნაციას განიცდის. ვითარების გასაუმჯობესებლად, „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ მთავრობებს მოუწოდებს, რომ მათ რაც შეიძლება მეტად წაახალისონ სამართლიანობა და განამტკიცონ კანონის უზენაესობა.
კორუფციასთან წარმატებით ბრძოლისთვის ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ შემდეგ რეკომენდაციებს იძლევა:
· უნდა განმტკიცდეს სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა
· უზრუნველყოფილ იქნას დაცულობის და მონიტორინგის მექანიზმების დანერგვა
· გაუმჯობესდეს სამართალზე ხელმისაწვდომობა
· გაღრმავდეს მართლმსაჯულების გამჭვირვალობა
· წახალისდეს თანამშრომლობა სამართლებრივი სისტემის შიგნით
· გაფართოვდეს ანგარიშვალდებულება წამყვან კორუფციულ საქმეებში
„კორუფციის აყვავება გაგრძელდება მანამ, სანამ მართლმსაჯულების სისტემები არ დასჯიან არასწორი ქმედებების ჩამდენთ და არ უზრუნველყოფენ მთავრობათა ანგარიშვალდებულებას. როცა სამართალი იყიდება, ან პოლიტიკური ჩარევით წყდება, დაზარალებული რჩება ხალხი. ლიდერებმა სრული პასუხისმგებლობით უნდა უზრუნველყონ იმ ინსტიტუტების დამოუკიდებლობა, რომლებიც იცავენ კანონს და ებრძვიან კორუფციას. დროა დავასრულოთ კორუფციის დაუსჯელობა“ – აცხადებს ფრანსუა ვალერიანი, ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ თავმჯდომარე.

ასევე დაგაინტერესებთ