,,საქართველოში კოკსაკის ვირუსის მასობრივი აფეთქება ამ დროისთვის არ ფიქსირდება, თუმცა ტურისტული მიმოსვლა და რეგიონში არსებული აქტიური შემთხვევები რეალურ საფრთხეს ქმნის”- გიორგი ფხაკაძე

,,საქართველოში კოკსაკის ვირუსის მასობრივი აფეთქება ამ დროისთვის არ ფიქსირდება, თუმცა ტურისტული მიმოსვლა და რეგიონში არსებული აქტიური შემთხვევები რეალურ საფრთხეს ქმნის”- გიორგი ფხაკაძე
ზაფხულის სეზონის დაწყებასთან ერთად, საქართველოში ბევრმა ოჯახმა დაგეგმა დასვენება თურქეთში, სადაც ბოლო დღეებში დაფიქსირდა კოკსაკის ვირუსის გავრცელების შემთხვევები. ს ფედერაციის მთავარი სანიტარიული ექიმის მიერ გავრცელებული გაფრთხილება მიუთითებს, რომ თურქეთის საკურორტო ზონებში არსებობს კოკსაკის ვირუსის აფეთქების რისკი. აღნიშნული განცხადება პირდაპირ უკავშირდება საქართველოშიც არსებულ მდგომარეობას, რადგან ათასობით ბავშვი და მშობელი საზაფხულო არდადეგებზე სწორედ თურქეთში მიემგზავრება.
მსგავსი აფეთქებები 2023 წელს დაფიქსირდა აზიის ქვეყნებში, განსაკუთრებით ჩინეთში და სინგაპურში. -ს და ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში ვირუსი სეზონურად ვლინდება, უმეტესად ბავშვთა დაწესებულებებში.
ამ ფონზე, მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებამ კარგად გაიგოს, რა არის კოკსაკის ვირუსი, როგორ ვრცელდება ის, რა საფრთხეს წარმოადგენს და როგორ უნდა დავიცვათ თავი.
პროფესორი გიორგი ფხაკაძე “კომერსანტთან” განმარტავს, რომ კოკსაკის ვირუსი მიეკუთვნება ენტეროვირუსების ოჯახს და ვრცელდება ბავშვებს შორის განსაკუთრებით აქტიურად. ვირუსი არსებობს ორ ძირითად ფორმად: Coxsackie A და Coxsackie B. A ტიპი იწვევს ხელ-ფეხ-პირის სინდრომს, ხოლო B ტიპი დაკავშირებულია უფრო რთულ გართულებებთან, როგორიცაა მიოკარდიტი, პერიკარდიტი და ვირუსული მენინგიტი.
ვირუსი განსაკუთრებით აქტიურია ზაფხულის ბოლოსა და შემოდგომის დასაწყისში. ყველაზე ხშირად მასთან ინფიცირება ხდება საბავშვო ბაღებში, სკოლებში და ტურისტულ სივრცეებში.
როგორ ვრცელდება ვირუსი:
კოქსაკის ვირუსი გადამდებია რამდენიმე გზით. ფეკალურ-ორალური გადაცემა ყველაზე გავრცელებულია, რაც ნიშნავს, რომ ინფიცირებული ადამიანის განავლიდან ვირუსი შეიძლება მოხვდეს სხვის ორგანიზმში დაუბანელი ხელის, ჭურჭლის ან საკვების გზით. ვირუსი ასევე გადადის წვეთოვანი გზით – ხველის, ცემინების ან საუბრისას. ბავშვებთან ხშირია გადაცემა ბუშტუკებიდან წამოსული სითხის საშუალებით.
სიმპტომები და მიმდინარეობა
ყველაზე გავრცელებული ფორმა ბავშვებშია ხელ-ფეხ-პირის სინდრომი (HFMD), რომელიც ხასიათდება სიცხით, წყლულებით პირში და გამონაყარით ხელებზე, ფეხებზე და ზოგჯერ დუნდულებზე. ხშირად ბავშვი ხდება გაღიზიანებული, უარს ამბობს ჭამასა და სითხის მიღებაზე.
სერიოზულ გართულებებს შორის აღსანიშნავია მიოკარდიტი, რომელიც გულის კუნთის ანთებას იწვევს, და ვირუსული მენინგიტი, რომელიც ტვინის გარსების ანთებაა. იშვიათად ვირუსი იწვევს ღვიძლისა და თირკმლის ფუნქციის დარღვევებს. ვირუსი ჩვეულებრივ გადის 7-დან 10 დღემდე პერიოდში.
ჯანდაცვის მაგისტრისა (MPH) და მედიცინის დოქტორის გიორგი ფხაკაძის განმარტებით, საქართველოში კოკსაკის ვირუსის მასობრივი აფეთქება ამ დროისთვის არ ფიქსირდება; ვირუსის ლაბორატორიული დიაგნოსტიკა კი რამდენიმე ლაბორატორიაშია ხელმისაწვდომი.
,,საქართველოში მასობრივი აფეთქება ამ დროისთვის არ ფიქსირდება, თუმცა ტურისტული მიმოსვლა და რეგიონში არსებული აქტიური შემთხვევები ქმნის რეალურ საფრთხეს. ბაღებსა და სკოლებში არ არსებობს მკაფიო პროტოკოლი კოქსაკის ვირუსის შემთხვევაში და ხშირია ინფიცირებული ბავშვების სკოლაში გაგზავნა.
ლაბორატორიული დიაგნოსტიკა მხოლოდ რამდენიმე დაწესებულებაშია ხელმისაწვდომი, ხოლო მშობლების ინფორმირებულობა რჩება არასაკმარის დონეზე.
კოქსაკის ვირუსის წინააღმდეგ პრევენცია არის მთავარი იარაღი. საჭიროა ხელების ხშირი და სწორი დაბანა, ავადმყოფი ბავშვის იზოლაცია, სათამაშოების და ზედაპირების დეზინფექცია. ბაღებსა და სკოლებში აუცილებელია ყოველდღიური მონიტორინგი, მშობელთა ინფორმირება და კონკრეტული წესების დანერგვა.
მოგზაურობის დროს უნდა ავირიდოთ დაუბანელი პროდუქტები და დაუმუშავებელი წყალი, გამოვიყენოთ პირადი ნივთები და დავიცვათ ჰიგიენური წესები”,- აღნიშნა საერთაშორისო ჯანდაცვის ექსპერტმა, გიორგი ფხაკაძემ “კომერსანტისთვის” მიცემულ ინტერვიუში.
დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორის რჩევით, ხშირი და სწორი ხელების დაბანა, პირადი ჰიგიენის დაცვა, ავადმყოფი ბავშვების ბაღში/სკოლაში არგაგზავნა, სათამაშოების რეგულარული დეზინფექცია ვირუსისგან დაცვის საუკეთესო გზაა. მოგზაურობისას სასურველია ბოთლის წყლის გამოყენება, რბილი საკვების მიღება და საზოგადოებრივი სივრცეებში ფიზიკური კონტაქტის შემცირება.