საქართველოში კერძო სექტორის მთავარი გამოწვევა პოლიტიკური არასტაბილურობაა – EBA-ს გამგეობის თავმჯდომარე

„საქართველოში კერძო სექტორის უმთავრესი პრობლემა პოლიტიკური არასტაბილურობაა“, – ამის შესახებ ევროპული ბიზნეს ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარემ (EBA), ევროპული ბიზნეს ასოციაციისა და ამერიკის სავაჭრო პალატის წევრების საქართველოში ევროკავშირის ელჩსა და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
„ჩვენ EU-ს ბიზნეს ანგარიში წარვადგინეთ, რომელშიც თითოეულმა ევროპულმა კომპანიამ ხაზი გაუსვა, რა არის მთავარი გამოწვევა კერძო სექტორში. არ დავმალავ, რომ უდიდესი პრობლემა, რა თქმა უნდა, პოლიტიკური არასტაბილურობაა. ამას ყველგან შეხვდებით – ბიუროკრატია ევროპაშიცაა, თუმცა საქართველოს ამაზე დასაკარგი რესურსი არ აქვს, გვჭირდება, რომ სხვებზე უკეთესები ვიყოთ. ეს ყველაფერი ბიზნესისთვის საზიანოა, თუმცა საჭიროა, გავაგრძელოთ მუშაობა ერთად მთავრობასთან, სამთავრობო ინსტიტუტებთან, ელჩებთან, ბიზნესის ჩართულობით, რათა პრობლემები ნაბიჯ-ნაბიჯ გადაიჭრას”, – ამბობს ჯონ ბრაეკეველდტი.
მისი განცხადებით, ინვესტიციის მოზიდვისთვის დამაბრკოლებელი ფაქტორი ბიზნესის მხრიდან სასამართლოსადმი უნდობლობაა და არა, მაგალითად, კანონმდებლობა.
„ასევე, ყველამ იცის, რომ ქართული სასამართლო სისტემა ბიზნესისთვის დაბრკოლებაა. საუბარი არ არის კანონმდებლობასა და წესებზე, საუბარია ნდობაზე – ბიზნესსა და სასამართლოს შორის საკმარისი ნდობა, ჯერჯერობით, არ არსებობს – ეს აუცილებელია, რათა უფრო მეტი ინვესტორი მოვიზიდოთ საქართველოში, თუ გვინდა, რომ აქ ბიზნესის კეთება ევროპაში ბიზნესის კეთების ანალოგიური იყოს. ინვესტორები ენდობიან სასამართლო სისტემას ბელგიაში საფრანგეთში, იტალიაში, მიუხედავად იმისა, რომ მათაც აქვთ თავიანთი პრობლემები, ნდობა არსებობს და სწორედ ეს სჭირდება ბიზნეს სექტორს – ნდობა სასამართლოსადმი”, – განაცხადა ბრაეკეველდტმა.

ასევე დაგაინტერესებთ