„საქართველოში, ინფლაციის მაჩვენებელი ზრდას გააგრძელებს, განსაკუთრებით იმ პროდუქტებზე, რომელზედაც მაღალი ინფლაცია უკვე ფიქსირდება“ – გიორგი ხიშტოვანი

„საქართველოში, ინფლაციის მაჩვენებელი ზრდას გააგრძელებს, განსაკუთრებით იმ პროდუქტებზე, რომელზედაც მაღალი ინფლაცია უკვე ფიქსირდება“ – გიორგი ხიშტოვანი
საქსტატის მონაცემებით, 2025 წლის მარტში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ საქართველოში 1.1%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 3.5% შეადგინა.
რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, მარტში წლიურად 2.4% შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი ასევე 2.4%-ით განისაზღვრა. ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა სურსათსა და ჯანდაცვაზე ფასების ცვლილებამ მოახდინა(ბოსტნეული და ბაღჩეული 7.4 პროცენტი, შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული 6.0 პროცენტი, პური და პურპროდუქტები 4.8 პროცენტი, სამედიცინო პროდუქცია, აპარატურა და მოწყობილობა 2.2 პროცენტი, ამბულატორიული სამედიცინო მომსახურება 2.2 პროცენტი).
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორის, ეკონომისტ გიორგი ხიშტოვანის შეფასებით, ინფლაციის ზრდის ტემპმა, სებ-ის მიზნობრივ მაჩვენებს უკვე გადააჭარბა. ხიშტოვანი „კომერსანტთან“ ამბობს, რომ სამომხმარებლო კალათის ყველაზე საჭირო პროდუქტებზე ფასები კიდევ გაიზრდება, რაც თავის მხრივ, ბიზნესს გადაწყვეტილების მიღებას გაურთულებს.
„ინფლაციის ზრდა მოსალოდნელი იყო, ყველა პროგნოზი აქამდე მიდიოდა. უბრალოდ, ინფლაციის ზრდის ტემპი უფრო მაღალი აღმოჩნდა, რადგანაც სებ-ის მიზნობრივ მაჩვენებელს გადააჭარბა. განსაკუთრებით სენსიტიურ კალათაზე, როგორიცაა სურსათი და ჯანდაცვა, ინფლაციის მაჩვენებელი საშუალო მაჩვენებელს აღემატება( 6%-ზე და 8%-ზე მაღალია). ჩემი შეფასებით, განსაზღვრულობის პირობებში, საქართველოში ინფლაციის მაჩვენებელი ზრდას გააგრძელებს, განსაკუთრებით სამომხმარებლო კალათის იმ პროდუქტებზე, რომელზედაც მაღალი ინფლაცია უკვე ფიქსირდება.
ჯანდაცვის სერვისებს ფასების ზრდა, ზოგადად ახასიათებს. რაც შეეხება ყოველდღიური მოხმარების სერვისებს, მგონია, რომ ფასების დონის ზრდას აქაც უნდა ველოდოთ.
ვფიქრობ, ბიზნესს ახლა დიდი დილემა აქვს: შენელებულია გაყიდვები, ამის დასაკომპენსირებლად კი ფასების ზრდა უწევთ, რაც საკმაოდ სახიფათოა, რადგან ფასების ზრდამ შესაძლოა, კიდევ უფრო მეტად შეამციროს მოხმარება. შესაბამისად, ძალიან რთულ ეკონომიკურ მოცემულობას ვხვდებით, როცა მიუხედავად მოხმარების შემცირებისა, ფასების ზრდის რისკებიც იზრდება”,- აღნიშნა გიორგი ხიშტოვანმა.