საკონსულტაციო კომპანია IBCCS საქართველოს თანადამფუძნებელი და რეგიონული დირექტორი ირაკლი არჯევანიძე აცხადებს, რომ საქართველოში ინვესტირების შიშები შორიდან უფრო მძაფრია. ამიტომ ის პოტენციურ ინვესტორებს ქვეყანაში ჩამოსვლას და საინვესტიციო გარემოს ამგვარად შეფასებას ურჩევს. ამის შესახებ მან გადაცემა #რედაქტ2-ში ქვეყანაში შექმნილი ვითარების საინვესტიციო გარემოზე გავლენის შეფასებისას ისაუბრა.
ირაკლი არჯევანიძე აღნიშნავს, რომ ასეთი პირობებში საკონსულტაციო კომპანიების როლი ინვესტორებისთვის არსებული რეალობის სწორად და ყოველმხრივად მიწოდებაა, რათა მათ სწორი გადაწყვეტილება მიიღონ.
„არ მგონია, ვინმემ თქვას, რომ ამას ბიზნესზე დადებითი გავლენა აქვს. ქვეყანაში არსებულ ვითარებას ბიზნესზე უარყოფითი გავლენა აქვს, იმიტომ რომ მიუხედავად იმისა თუ რა ხდება ქვეყანაში, შეიძლება ეს ყველაფერი შორიდან განსაკუთრებით აღმატებულ ხარისხში ჩანს. შესაბამისად, როცა საქართველოში ინვესტირებაზე მიდის საუბარი, ეს შიშები შორიდან კიდევ უფრო გამძაფრებულია. ამიტომ, ჩვენ ლაპარაკი გვიწევს იმაზე, რომ მოლოდინები, როგორიც შეიძლება იყოს ის, რომ აქ სამოქალაქო ომია და ქვეყანა ჩამოიქცა – ეს შეგრძნებები როცა აქვთ, კონსულტანტებს ამის შეცვლაზე გვიწევს მუშაობა, ასე რომ რეალობა ეს არ არის და ასე არც უნდა იყოს, რადგან ქვეყანამ ეს ეტაპი გაიარა.
დღეს ორი შეხვედრა მქონდა გერმანელ სტუმრებთან. მათ იგივე განწყობები აქვთ, რაც ადრე ჰქონდათ. არსებობს ორი მხარე – არის პოლიტიკური საზოგადოება, რომელიც პოლიტიკურ ინფორმაციას იღებს და მეორე ეკონომიკური გუნდის წევრები, რომლებიც ეკონომიკურ და რიცხვებზე დაფუძნებულ ინფორმაციას იღებენ. ერთი მეორესთან ბმაშია, თუმცა ერთმანეთზე დამოკიდებულები არ არიან. ისინი, ვინც საქართველოში ჩამოდიან, ამბობენ, რომ არ აინტერესებს პოლიტიკურად აქ რა სიტუაციაა, მთავარია, რომ ბიზნეს გარემო ან ინვესტიციები, რის გაკეთებაც უნდათ ბიზნეს მიზნებს ემთხვეოდეს. მაგრამ [პოტენციური ინვესტორები], რომლებიც საქართველოში არ ჩამოდიან ამბობენ, რომ თუ ქვეყნის კურსის ცვლილება მოხდება, მაშინ რა მიმართულებით მოხდება, რომ იმის შესაბამისად დაგეგმონ საქართველოში ვიზიტი, ან საერთოდ არ დაგეგმონ. შესაბამისად, ჩვენი შეფასებაც – რასაც ვუყურებთ და ვხედავთ ორად არის გაყოფილი“, – განმარტა ირაკლი არჯევანიძემ.
#რედაქტ2-ის კითხვას – აპაუზებენ თუ არა პოტენციური ინვესტორები თავის გეგმებს საქართველოსთან მიმართებით, ირაკლი არჯევანიძე ასე პასუხობს:
„კი, ამას ვგულისხმობ, როდესაც ვამბობ, რომ ასეთ კლიენტებს ურჩევნიათ რომ საქართველოში ჩამოვიდნენ და თავად ნახონ რა ხდება და ის რისკები, სიცოცხლის, ჯანმრთელობის თუ სხვა რისკები, რაც შეიძლება შორიდან ესმოდეთ, ასეთი რისკებია არ გვაქვს. ამიტომ უმჯობესი იქნება თუ საქართველოში ჩამოვლენ და შემდეგ მიიღონ თავისი ბიზნეს გადაწყვეტილებები. ჩვენ ამის დაორგანიზებაში ვეხმარებით, რომ ჩამოვიდნენ და ნახოთ, თუმცა პასუხისმგებლობას ვერ ვიღებთ. ჩვენი როლიც ეს არის, რომ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ, რომ მათთვის გადაწყვეტილების მიღება უფრო ადვილი იყოს“, – აღნიშნა IBCCS საქართველოს რეგიონულმა დირექტორმა.
„IBCCS საქართველო” საერთაშორისო კომპანია IBCCS Tax-ის ქართული წარმომადგენლობაა. ის ქართველ და უცხოელ ინვესტორებს ეხმარება, აღმოაჩინონ საქართველოში არსებული ბიზნესპოტენციალი და განავითარონ მათი საქმიანობა. საქართველოს გარდა, საერთაშორისო კომპანიას ოფისები აქვს კვიპროსში, ესტონეთსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში.