საქართველოში იაპონიის საელჩოს ორგანიზებით, აჭარაში პრეს ტური გაიმართა

საქართველოში იაპონიის საელჩოს ორგანიზებით, აჭარაში პრეს ტური გაიმართა.
როგორც იაპონიის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ტურის ფარგლებში, იაპონიის ელჩმა საქართველოში, იშუძუკა ჰიდეკიმ, საელჩოს მიერ დაფინანსებული ორი პროექტი გახსნა:
„აჭარაში ტყის ხანძრის საპასუხოდ და პრევენციისთვის მძიმე ტექნიკის შეძენა“, რომლის ფარგლებში, აჭარის სატყეო სააგენტოსთან თანამშრომლობით, შეძენილი იქნა მძიმე ტექნიკა აჭარის ა/რ ტყის ხანძარსაწინააღმდეგო და კატასტროფების პრევენციის შესაძლებლობების გასაძლიერებლად, რაც დაახლოებით 361,000 მოსახლეს შესაძლებლობას აძლევს ისარგებლოს უსაფრთხო საცხოვრებელი გარემოთი. გრანტის ოდენობა 69,000 დოლარია.
„მანდარინის სათბურ-იზოლატორის მოწყობა აჭარის ა/რ-ში“ – ფარგლებში, აჭარის ა/რ-ში მოეწყო მანდარინის სათბურ-იზოლატორი, რომელიც შესაძლებლობას იძლევა მანდარინის ნერგები გაშენდეს ქიმიური სასუქებისა და პესტიციდების შემცირებული გამოყენებით, რაც მცირე და საშუალო ფერმერებს გაუმჯობესებული, ევროკავშირის სტანდარტებთან შესაბამისი ხარისხის ნერგების მოყვანის შესაძლებლობას მისცემს. გარდა ამისა, მანდარინის ხის მოსავლიანობა მესამე წლისთვის 40%-ით გაიზრდება, რაც ხელს შეუწყობს ფერმერების შემოსავლის გაზრდას. გრანტის ოდენობა: 64,330 აშშ დოლარი.
„ტურის ფარგლებში, მედიის წარმომადგენლები პროექტის „მაჭახელას ხეობა – მწვანე ენერგიის ზონა“ შედეგებსაც გაეცნენ. პროექტი გასულ წელს გასულ წელს, იაპონიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით, გაეროს განვითარების პროგრამამ (UNDP) განახორციელა. პროექტი მიზნად ისახავდა აჭარის ა/რ-ში მაჭახელას დაცულ ტერიტორიაზე უნიკალური კოლხური ტყეების ეკოსისტემის დაცვას და ტყის დეგრადაციის რისკის შემცირებას, რაც საწვავი შეშის გადაჭარბებული გამოყენებით, კლიმატის ცვლილებითა და გლობალური კრიზისებით არის გამოწვეული. კერძოდ, მაჭახელას ეროვნული პარკის მიმდებარე სოფლებში დაინერგა განახლებადი ენერგიის ტექნოლოგიები: მზის წყლის გამაცხელებლები და მზის პანელები. პროექტის შედეგებით, ხეობის 1350 მაცხოვრებელმა, ძირითადად ქალებმა ისარგებლეს. გრანტის ოდენობა: 594 486 აშშ დოლარი.
გრასრუტების საგრანტო პროგრამა (GGP) დახმარებას უწევს შედარებით მცირემასშტაბიან პროექტებს და ხორციელდება ისეთ სფეროებში, როგორებიცაა საზოგადოებრივი ჯანდაცვა, განათლება, სოციალური დაცვა, სოფლის მეურნეობა, გარემოს დაცვა და სიღარიბის დაძლევა. 1998 წლიდან დღემდე ამ პროგრამის ფარგლებში საქართველოში დაფინანსდა 216 პროექტი, რომელთა საერთო ღირებულებამ აღნიშნული პროექტის ჩათვლით 25 მილიონ აშშ დოლარამდე შეადგინა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ