საქართველოში თხილის ხეების ხმობის პრობლემა მწვავედ დგას

თხილის პლანტაციების ხმობამ ფერმერების შეშფოთება გამოიწვია. პრობლემა განსაკუთრებით სამეგრელოსა და გურიის რეგიონებში შეინიშნება. ფერმერებმა თხილის ხეების უეცარი სიკვდილიანობის შესახებ ინფორმაცია თხილის მწარმოებელთა ასოციაციას მიაწოდეს. ასოციაციაში განმარტავენ, რომ ახლა პრობლემის შესწავლა მიმდინარეობს. შეიქმნა სპეციალური ჯგუფი, რომელიც ხეების ხმობის მიზეზებს შეისწავლის. ჯგუფის მუშაობაში ქართველ ექსპერტებთან ერთად ევროპელი მეცნიერებიც მონაწილეობენ. თხილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე აცხადებს, რომ ხმობის სავარაუდო მიზეზი ბაქტერიაა, თუმცა დაზუსტების მიზნით ნიმუშებს საქართველოსა და ევროპულ ლაბორატორიებში ექსპერტიზას უტარებენ.
,,თხილის ხეების ხმობის პრობლემა საკმაოდ მწვავეა. პრობლემები არის სამეგრელოსა და გურიის რეგიონში. მცირე მასშტაბით გამოჩნდა რამდენიმე დღის წინ. პერიოდულად ახასიათებთ ეს ხეებს. შეიქმნა სამუშაო ჯგუფი თხილის მწარმოებელთა ასოციაციისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან არსებულ სამეცნიერო-კვლევით ცენტრთან ერთად. ჩვენ ვაგროვებთ მეცნიერებს. ადრეც გვყავდა რამდენიმე მეცნიერი, რომლებმაც ერთგვაროვანი პასუხი ვერ მოგვცეს, ამიტომ ახლა ვქმნით მეცნიერების ჯგუფს, რომელშიც შედიან ქართველი და ევროპელი მკვლევრები. ანალიზების ნაწილი საქართველოში ლაბორატორიებში გავაკეთეთ, ნაწილს ახლა ევროპაში ვაკეთებთ. გვინდა გამოვავლინოთ კონკრეტული მიზეზები, თუ რა სახის დაავადებებია და რატომ ხმება თხილის ხეები. რამდენიმე დაავადებაა ცნობილია, თუმცა ისინი ასეთ მოულოდნელ ხმობას წესით არ უნდა იწვევდეს, მაგრამ ასეთი მოცემულობა გვაქვს და ვარკვევთ რა არის ამისი მიზეზი. გვაქვს რამდენიმე ვერსია, თუმცა ვცდილობთ მაქსიმალურად დავაზუსტოთ.’’- აცხადებს მერაბ ჭითანავა.
ლაბორატორიებში ჩატარებული ექსპერტიზების შედეგები თებერვალში გახდება ცნობილი. მეცნიერულად დადგინდება ხეების ხმობის მიზეზი, შემდეგ კი პრობლემის მოგვარებისა და მასთან ბრძოლის გზები დაისახება. მანამდე თხილის მწარმოებელთა ასოციაცია ფერმერებს რეკომენდაციებს აძლევს.
,,პირველი, პლანტაციებში უეცარი ხმობის ნიშნების შემთხვევაში, სასურველია ფერმერებმა თხილის ბაღის გასხვლისგან თავი შეიკავონ. მეორე, ვინც გასხვლას აპირებს აუცილებლად დეზინფექცია ჩაუტარონ ხელსაწყოებს. ერთი ხე რომ გაისხვლება, ინსტრუმენტებით მეორე ხეს არ შეეხონ. ჯერ უნდა დამუშავდეს სპირტით და შემდეგ გამოიყენონ. ნოემბერი,დეკემბერი,იანვარი, ამ პერიოდში სასურველია სპილენძისა და გოგირდის ნაზავით დამუშავდეს თხილის ბაღები, რათა შეჩერდეს ამ ბაქტერიების განვითარება.’’- განმარტავს ,,კომერსანტთან’’ საუბარში მერაბ ჭითანავა.
თხილის მწარმოებელთა ასოციაციაში აცხადებენ, რომ პრობლემა მოგვარებადია, თუმცა მთავარია ფერმერების ჩართულობა.