საქართველოში თხილის მოსავლის აღება დასასრულს უახლოვდება. თხილის მწარმოებელთა ასოციაციის პროგნოზით, წელს დაახლოებით 40 ათასი ტონა გაუტეხავი თხილის მოსავალი იქნება, რაც გასული წლის მაჩვენებელზე 15%-ით ნაკლებია.თხილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარის, მერაბ ჭითანავას განცხადებით, წელს განსაკუთრებით პრობლემურია მოსავლის ხარისხიც. მისივე თქმით, პროდუქციას წვიმებმა და ფაროსანამ მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა, ამასთან, თხილის აღების პროცესი დაგვიანდა.„ხარისხის მხრივაც გაცილებით უარესი მდგომარეობა გვაქვს, ვიდრე შარშან. წვიმებმა და ფაროსანამ ერთობლივად ძალიან დიდი ზიანი მიაყენა პროდუქციის ხარისხს. ასევე, მოსავლის დროულად აღება ვერ მოხერხდა და პროცესი მნიშვნელოვნად დაგვიანდა“, – განაცხადა ჭითანავამ.დღეს თხილის გულის ფასი დაახლოებით 17-18 ლარია, გაუტეხავი თხილის კი — 4-6 ლარი. სექტორში აღნიშნავენ, რომ ფასის შემცირება, მათ შორის, პროდუქციის დაბალ ხარისხს უკავშირდება.შემცირებულია ფასი მსოფლიო ბაზარზეც. ჭითანავას ინფორმაციით, თუ გასულ წელს ქართული თხილის საექსპორტო ფასი დაახლოებით 14 ევროს შეადგენდა, ახლა ის 7,30 ევრომდეა შემცირებული. ერთ-ერთ მიზეზად თურქეთში გაზრდილ მოსავალს სახელდება.სექტორში ელოდებიან, რომ წელს თხილის ექსპორტი დაახლოებით 20%-ით შემცირდება. დაბალი მოსავალი და შემოსავლების კლება კი, მათი შეფასებით, ფინანსურ პრობლემებს შეუქმნის როგორც მცირე ფერმერებს, ისე მსხვილ მწარმოებლებსა და ექსპორტიორებს.„ძალიან სახიფათო სიტუაცია გვაქვს. ახლა ეს დაბალი მოსავალი, მცირე შემოსავალი სექტორისთვის ძალიან ცუდ ზეგავლენას იქონიებს ჩვენს ბიზნესზე. ფინანსურ პრობლემებში აღმოჩნდება არა მხოლოდ წვრილი ფერმერები, არამედ ექსპორტიორებიც, მათ შორის მსხვილი ფერმერებიც“, — აღნიშნა მერაბ ჭითანავამ.მისივე თქმით, 2019-2020 წლებში საქართველოდან 55 ათასი ტონა გაუტეხავი თხილის ექსპორტი განხორციელდა, თუმცა მსგავსი მაჩვენებელი შემდგომ წლებში აღარ დაფიქსირებულა.მომზადებულია „ბიზნესპარტნიორის“ მასალის მიხედვიღ
