საქართველოში ვიზიტით მყოფი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერს, გიორგი გახარიას სახლში ეწვია.
როგორც პარტიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, შეხვედრისას საქართველოში განვითარებულ მოვლენებსა და ქვეყნის ევროპული მომავლის გადარჩენაზე ისაუბრეს.
„საქართველოში ვიზიტით მყოფი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებლები, კლოდ კერნი და ედიტ ესტრელა, კომიტეტის სამდივნოს ხელმძღვანელის მოადგილე, ბას კლაინი გიორგი გახარიას სახლში ეწვივნენ.
შეხვედრაზე განხილვის მთავარი საკითხი საქართველოში არჩევნების შემდგომ განვითარებული მოვლენები და ქვეყნის ევროპული მომავლის გადარჩენა იყო,“ – აღნიშნულია ინფორმაციაში.
ცნობისთვის, მანამდე, საქართველოში ვიზიტით მყოფი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია შეხვდა სამ ოპოზიციურ პარტიას: „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „ძლიერი საქართველო“.
შეგახსენებთ, „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერს, გიორგი გახარიას ბათუმში თავს დაესხნენ. თავდასხმა ოპოზიციონერ პოლიტიკოსზე სასტუმრო “შერატონში” მოხდა. გახარია კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა საავადმყოფო მოგვიანებით დატოვა. ექიმის განცხადებით, გიორგი გახარიას ცხვირის ძვლის მოტეხილობა და ტვინის შერყევა აქვს. ერთ-ერთი პირი, რომელიც გახარიასთან ფიზიკურ დაპირისპირებაში მონაწილეობდა „ქართული ოცნების“ დეპუტატი დიმიტრი სამხარაძეა. გარდა გიორგი გახარიაზე თავდასხმისა, ამავე სასტუმროში დაპირისპირება მოხდა არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელ ზვიად ქორიძესთან. ქორიძის ინფორმაციითაც, მას „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი დიმიტრი სამხარაძე და მისი თანმხლები პირები დაუპირისპირდა.