საქართველოს ეკონომიკა ზრდას განაგრძობს და პროგნოზი, როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ორგანიზაციების, ბოლო წლების მსგავსად, წელსაც გაუმჯობესებულია. მიუხედავად იმისა, რომ ციფრები დადებით სურათს აჩვენებს, მუდმივად მიმდინარეობს იმ აზრის შექმნა, რომ საქართველოში ეკონომიკური კრიზისია. ეკონომისტთა ერთი ნაწილი ამ მოსაზრებას გამორიცხავს.
ეკონომიკური კრიზისი არც სტატისტიკით დასტურება. ქვეყანაში საპროტესტო გამოსვლები თითქმის ყოველდღიურად იმართება, მაგრამ მიუხედავად ამისა, როგორც ოფიციალური სტატისტიკური მონაცემები აჩვენებს, მშპ-ს ზრდას პრობლემა არ შექმნია.
როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ორგანიზაციები მიმდინარე წლის ეკონომიკურ პროგნოზს აუმჯობესებენ. ასე მაგალითად, აზიის განვითარების ბანკში წელს 5.5%-იანი ეკონომიკური ზრდის ნაცვლად, უკვე 6%-იან შედეგს ელიან, 2026 წელს კი – 5%-იანს.
საქართველოს ეკონომიკური პროგნოზი გაზარდა ‘გალტ ენდ თაგარტმაც”. მათი შეფასებით, წელს ეკონომიკა 5%-ის ნაცვლად, 6.8%-მდე გაიზრდება.
მთავრობაშიც ადასტურებენ, რომ მშპ 6%-ზე მეტად გაიზრდება. როგორც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ეკონომიკური ზრდის პროგნოზი თავიდან ბევრად უფრო დაბალი იყო ხოლმე, მაგრამ ქვეყანა გეგმას ყოველთვის გადაჭარბებით ასრულებდა.
„6% არის წინასწარი პროგნოზი, თუმცა, პირველი ორი თვის მაჩვენებელი არის ბევრად უფრო მაღალი – 9.4%. შესაბამისად, ჩვენ გვაქვს საფუძვლიანი იმედი, რომ 6%-ს ბევრად გადავაჭარბებთ. ასე ხდებოდა წინა წლებშიც, პროგნოზი იყო ბევრად დაბალი და შემდეგ გეგმას ვასრულებდით გადაჭარბებით, ვფიქრობთ რომ წელსაც იქნება ეს შესაძლებელი. ამიტომ დამატებით ინიციატივებს წარვუდგენთ საზოგადოებას”, – განაცხადა პრემიერმა.
მიუხედავად ასეთი მოცემულობისა, არც ადრე და არც ახლა, ქვეყნის შიგნით თუ გარეთ, არ ერიდებიან იმის ტირაჟირებას, რომ საქართველოში თითქოს, ქვეყანაში ეკონომიკური კრიზისია, მაგრამ როგორც ეკონომისტმა გიორგი ცუცქირიძემ განაცხადა, მსგავსი მოცემულობა არ არსებობს და გამოსვლების ზეგავლენა და მისი წარმოჩენა ეკონომიკურ კრიზისად გადაჭარბებულია.
“ასეთი სურათის შექმნა სურთ, მაგრამ რეალურად 2025 წლის იანვრის თვეში ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გვქონდა, საშუალო მაჩვენებელი 9%-ზე მეტია. ეს სტატისტიკა არა მხოლოდ რეგიონშია მაღალი, არამედ ევროკავშირთან შედარებითაც. იქ, ბოლო წლებში ძალიან დაბალი ეკონომიკური ზრდაა, საშუალოდ, 1.5%-ია.
საქართველოს მაღალი შედეგი არის რეალობა, რაც ეფუძნება არა ვიღაცის წარმოდგენას ან მოსაზრებას, არამედ ნამდვილ ფაქტებს. დღგ-ს გადამხდელთა ბრუნვა გაზრდილია, რაც განაპირობებს კარგ მაჩვენებელს.
საერთაშიროსო შეფასებები დადებითია. მაგალითად, აზიის განვითარების ბანკმა ბოლო მონაცემი გამოაქვეყნა და პროგნოზი 6%-მდე ასწია, რაც არ არის დაბალი მაჩვენებელი. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ წინა წლებში ამავე ბანკის წინასწარი პროგნოზი, უფრო ნაკლები იყო – 4.5-5.5%-ის ფარგლებში – ახლა ვითარება უკეთესია და უფრო მაღალ ტემპს უნდა ველოდოთ.
მიუხედავად მსოფლიოში არსებული მაღალი რისკისა, რასაც ემატება საქართველოში გამოსვლები (რომელიც თითქმის ერთი წელია მიმდინარეობს), ქვეყნის ეკონომიკამ ადაპტირება მოახდინა და შარშან სულ ცოტა დაკვაკლდა ორნიშნა მაჩვენებლამდე. აქცების ზეგავლენა და ამის წარმოჩენა ეკონომიკურ კრიზისად, რბილად რომ ვთქვათ, არის გადაჭარბებული და არასწორი მოლოდინი. ქვეყანაში არავითარი კრიზისი არ არის”, – ამბობს გიორგი ცუცქირიძე.
ეკონომისტთა ნაწილის იმასაც ფიქრობს, რომ არც ახლა და არც პოლიტიკურად დაძაბულ პერიოდში ეკონომიკის განვითარება არ შეფერხებულა, თუმცა იქვე აცხადებენ, რომ მიღწეული შედეგი მოსახლოების ფართო ფენას არ შეხებია. ასეთი მოსაზრება აქვს ეკონომისტ მერაბ ჯანიაშვილს. რომელიც აცხადებს, რომ ეკონომიკური ზრდით სარგებელი მხოლოდ ვიწრო ფენამ მიიღო.
“უნდა ვნახოთ თუ რა მიმართულებით იზრდება ეკონომიკა და მისგან ვინ იღებს სარგებელს. ბოლო წლებს თუ დავაკვირდებით “აიტი” სექტორის ზრდა ერთ წელიწადში 100% იყო. ის, რომ აქ მოქმედი რომელითაც უცხოური “აიტი” კომპანია შემოსავალს იღებს, რა თქმა უნდა, ეკონომიკურ მონაცემებზე ახდენს ზეგავლენას, კარგია, მაგრამ ეს არანაირად არ აუმჯობესებს საქართველოს მოსახლეობის ცხოვრების დონეს. პირიქით, აქ ჩამოსული ადამიანები ზრდიან ფასებს და მოთხოვნას, თუნდაც ბინებზე, საკვებზე, მომსახურებაზე და ა.შ. შესაბამისად, ვიღებთ სიტუაციას, როდესაც გვაქვს მაღალი ეკონომიკური ზრდა, მაგრამ მოსახლეობის ფართო ფენაზე არ აისახება.
ჩვენ მიღწეული შედეგი იმისთვის გვინდა, რომ კარგად ვიცხოვროთ, თუმცა კარგად ცხოვრება სხვა ციფრებით უნდა გამოიხატებოდეს, მაგალითად, სოციალურ დახმარებათა კლებაში, სიღარიბისა და ემიგრაციის შემცირებაში, არა საშუალო, არამედ მედიანური ხელფასის ზრდაში, ანუ სულ სხვა ფაქტორებს უნდა ვაქცევდეთ ყურადღებას, მით უმეტესს, რომ ეკონომიკური კვლევები მხოლოდ ეკონომიკური მაჩვენებელს მოიცავს, რომელიც ემყარება დღგ-ს მწარმოებელი კომპანიების ბრუნვებს და არ გვაძლევს არანაირ დეტალურ საფუძველს იმისა, რომ თუ რა სფერო და ვინ აღწევს წარმატებას.
ეკონომიკის ზრდიდან მიღებული შემოსავალის დიდი ნაწილი მიდის კონკრეტული სუბიექტების ჯიბეში. თუ დავაკვირდებით უკრაინაში ომის დაწყებამდე საქართველოს ეკონომიკა საშუალოდ 3-4%-ის ფარგლებში იზრდებოდა. ომის დაწყებამ კი გამოიწვია რაღაც-რაღაც დარგებში არნახული ნახტომი. შედეგად ვიწრო ფენამ სარგებელი ნახა, მაგრამ მოსახლეობის დიდ ნაწილს განსაკუთრებული არაფერი მიუღია”, – აცხადებს ჯანიაშვილი.
წყარო: “რეზონანსი”
