„საქართველოში დონორი მხოლოდ ცოცხალი ადამიანია, მაშინ როცა მსოფლიოში ტრანსპლანტაციის 60% გვამურ დონაციაზე მოდის“ – გია თომაძე

რას გულისხმობს ტრანსპლანტაცია, გვამური ტრანსპლანტაცია და როგორია საქართველოში ამ კუთხით სასამართლო და სამედიცინო პრაქტიკა? ამ თემებზე რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „ბიზნესი და სამართალი“ საქართველოს ტრანსპლანტოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტმა გია თომაძემ ისაუბრა.
მისი თქმით, საქართველოში გადანერგვის პირველი ოპერაცია 1977 წელს ჩატარდა, როცა მოსკოვიდან 4 თირკმელი ჩამოიტანეს და ადამიანებს გადაუნერგეს, თუმცა ამ ოპერაციების შედეგები უცნობია.
„შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში ტრანსპლანტაციის ისტორია იწყება 1995 წლიდან. მას შემდეგ უკვე ყოველწლიურად ხდება ორგანოების გარკვეული რაოდენობის გადანერგვა. 1995 წლიდან დაიწყო თირკმლის გადანერგვა და 2014 წლის 14 დეკემბრიდან მას შეუერთდა ღვიძლი“,- აღნიშნა გია თომაძემ.
მისი განმარტებით, ჩვენს ქვეყანაში ტრანსპლანტაციის ოპერაციების რიცხვი ძალიან ნელა იზრდება, რისი ძირითადი მიზეზი დონორების უკმარისობაა.
„დონორი შესაძლოა ორგვარი იყოს, გარდაცვლილი და ცოცხალი. ცოცხლის შემთხვევაში დონორი შეიძლება იყოს მოხლოდდამხოლოდ ახლობელი ადამიანი. პირველი იმიტომ,რომ უნდა იყოს იმუნური თავსებადობა და მეორე იმიტომ, რომ შეზღუდვა არის დონორთა პოპულაციაში, შეიძლება იყოს გენეტიკური ნათესავი, არაგენეტიკური ნათესავი ან 2015 წლიდან შემოვიდა ცნება – ახლო პერსონალურ ურთიერთობაში მყოფი პირი. სწორედ აქ არის სამართლებრივი პრობლემები. ჩემი აზრით, ამ მიმართულებით კანონმდებლობის მეტად ლიბერალიზაცია აღარ შეიძლება“, – განაცხადა გია თომაძემ.
მისი პოზიციით, როდესაც სასწორის ერთ მხარეს დგას ადამიანის სიცოცხლე და მეორე მხარეს ტრეფიკინგის საფრთხე, ჯობია სამართალი გადაიხაროს სიცოცხლის მხარეს, ხოლო სათანადო სტრუქტურებმა იმუშაონ ორგანოთა ტრეფიკინგის წინააღმდეგ.
როგორც მან განაცხადა, ასეთ ოპერაციებზე ნებართვას გასცემს ჯანდაცვის სამინისტროს ტრანსპლანტაციის საბჭო ან სასამართლო. სამინისტრო უფლებამოსილია გასცეს ნებართვა თუ დონორი და რეციპიენტი ერთმანეთის ნათესავები არიან, ხოლო თუ საქმე ეხება ახლო პიროვნულ ურთიერთობაში მყოფ პირებს, ნებართვას გასცემს სასამართლო. ამავდროულად, აუცილებელია სასამართლოს ჰქონდეს შესაბამისი მეთოდოლოგია, რომ ადამიანებს შორის ასეთი კავშირის არსებობა დაადგინოს.
იმ შემთხვევებისთვის კი, როცა საქართველოში დონორი არ იძებნება, არსებობს გადანერგვის ოპერაციის სხვა ქვეყანაში ჩატარების შესაძლებლობა.
„ჩვენთან დონორი არის მხოლოდ ცოცხალი ადამიანი, მაშინ, როცა მთელ მსოფლიოში გადანერგვების 60%-ზე მეტი მოდის გვამურ დონაციაზე.
თუ საქართველოში დონორის მოძიება ვერ ხერხდება, მაშინ არის შესაძლებლობა, რომ სხვა ქვეყანაში გადაუნერგონ ჩვენს პაციენტებს ორგანოები. მაგალითად დღეს ხელს ვაწერდი ხელშეკრულებას ბელარუსთან, სადაც არის ამის შესაძლებლობა. ასეთი ქვეყნები ბევრი არ არის. სამწუხაროდ, სახელმწიფო მთლიანად ვერ უხდის მოქალაქეებს ტრანსპლანტაციის თანხას, რომელიც $73 000-ს შეადგენს“, – განაცხადა გია თომაძემ.
მისი თქმით, საქართველოში ტრანსპლანტაციის შესახებ ახალი კანონი, რომელიც 2025 წლიდან ამოქმედდება, ითვალისწინებს სპეციალური სტრუქტურის შექმნას, რომელიც მონიტორინგს გაუწევს გარდაცვლილი ადამიანის ორგანოების ტრანსპლანტაციისთვის გამოყენების საკითხს.
როგორც მან განმარტა, გვამურ დონაციას 8 საფეხური აქვს, რომელთაგან აუცილებელია ყველა მათგანის გავლა, იმისთვის, რომ ორგანოს ტრანსპლანტაცია მოხდეს. ადამიანის გარდაცვალების დადასტურების შემდეგ, დონაციისთვის საჭიროა ოჯახის წევრების ნებართვა. ადამიანს ორგანოს დონორობაზე თანხმობა შესაძლოა სიცოცხლეშივე ჰქონდეს გაცხადებული, თუმცა, მიუხედავად ამისა, ოჯახის წევრის ნებართვა მაინც აუცილებელია.
თანხმობის მიღების შემდეგ უკვე ხდება „ორგანოს მენეჯმენტი“ და ეტაპები, რომლებიც, ორგანოს ტრანსპლანტაციისთვის გამოყენების შესაძლებლობის და მის რეციპიენტთან თავსებადობის შესწავლას გულისხმობს. ამის შემდეგ არის ორგანოს ამოღებისა და გადანერგვის ეტაპი.
რაც შეეხება ცოცხალი დონორის არსებობის საკითხს, ასეთი შემთხვევებისთვის ორივე მხარეს განემარტება რისკები, რომელიც ტრანსპლანტაციას ახლავს თან. მათ შორის ისიც, რომ ჯანმრთელი დონორი შესაძლოა გარდაიცვალოს ოპერაციასთან დაკავშირებული გართულების გამო.
„ღვიძლის გადანერგვის დროს 1000 შემთხვევაში ერთი დონორი შეიძლება გარდაიცვალოს, თირკმლის შემთხვევაში 3000-იდან ერთი. გარდაცვალება იშვიათობაა, მაგრამ მინდა ვთქვა, რომ ყველა ცოცხალი დონორი გმირია“,- აღნიშნა გია თომაძემ.