საქართველოში დემოკრატიის არსებობა კითხვის ნიშნის ქვეშაა – PACE-ს რეზოლუციის პროექტი

დღეს, 2 ოქტომბერს, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში (PACE) საქართველოს საკითხზე გადაუდებელი დებატები გაიმართება.
საქართველოს საკითხებში PACE-ს მონიტორინგის თანამომხსენებლები, ედიტე ესტრელა (პორტუგალია, სოციალისტური პარტია) და საბინა კუდიჩი (ბოსნია და ჰერცეგოვინა, ALDE) წარმოადგენენ რეზოლუციის პროექტს, სახელწოდებით „დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის დაცვა საქართველოში“.
რეზოლუციის პროექტის მიხედვით, ასამბლეა ღრმად წუხს, რომ საქართველოს ხელისუფლება სისტემატურად უგულებელყოფს მის შეშფოთებასა და რეკომენდაციებს ქვეყანაში დემოკრატიული კრიზისის შესახებ, რასაც მთელი საერთაშორისო საზოგადოება იზიარებს.
რეზოლუციის პროექტის თანახმად, სწრაფი დემოკრატიული უკუსვლა იმდენად გაგრძელდა, რომ ახლა საქართველოში დემოკრატიის არსებობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.
„ასამბლეა გმობს საქართველოს ხელისუფლების მზარდ იზოლაციონისტურ პოლიტიკას და ანტაგონისტურ ურთიერთობებს ევროპულ ორგანიზაციებთან და მათ წევრ სახელმწიფოებთან. ასევე გმობს უსაფუძვლო თავდასხმებსა და დაუსაბუთებელ, დამაზიანებელ ბრალდებებს საქართველოში საერთაშორისო საზოგადოების წევრების წინააღმდეგ, რომლებიც ბოლო თვეებში გახშირდა. ამ ფონზე ასამბლეა ღრმად ნანობს საქართველოს ხელისუფლების მიერ ასამბლეასთან დიალოგის ნებისმიერი ფორმის უარყოფას და „კანონის მეშვეობით დემოკრატიის ევროპულ კომისიასთან“ (ვენეციის კომისია) თანამშრომლობაზე უარის თქმას საქართველოს კანონმდებლობასთან დაკავშირებით მისი მოსაზრებების მომზადებაში.
ამ ფონზე ასამბლეა ძალიან სამწუხაროდ მიიჩნევს საქართველოს ხელისუფლების მიერ ასამბლეასთან დიალოგის ნებისმიერი ფორმის უარყოფას და ვენეციის კომისიასთან თანამშრომლობაზე უარის თქმას საქართველოს კანონმდებლობასთან დაკავშირებით მისი მოსაზრებების მომზადებაში“, – ნათქვამია რეზოლუციის პროექტში.
რეზოლუციის პროექტში ასევე დამატებულია შესწორება, სადაც ასამბლეა შეშფოთებულია იმ ინფორმაციით, რომ PACE-ში საქართველოს დელეგაციის ყოფილ წევრებს დელეგაციის წევრობისას მიცემული ხმების ან საქმიანობის გამო სისხლისსამართლებრივი დევნის საფრთხე ემუქრებათ.
რეზოლუციის პროექტში საუბარია 4 ოქტომბერს დაგეგმილ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზეც. კერძოდ, ასამბლეა წუხილს გამოთქვამს იმ ფაქტის გამო, რომ მისი მოწოდება არ შესრულდა ახალი, ჭეშმარიტად დემოკრატიული სთვის ხელსაყრელი საარჩევნო გარემოს შესაქმნელად დაუყოვნებლივი, ინკლუზიური პროცესის შესახებ, რაც აშკარაა ოპოზიციური პარტიების უმრავლესობის გადაწყვეტილებიდან, არ მიეღოთ მონაწილეობა ადგილობრივ არჩევნებში.
„ასამბლეა წუხილს გამოთქვამს, რომ ამ არჩევნებს არ დააკვირდებიან სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, რომლებსაც არჩევნებზე დაკვირვების კარგი რეპუტაცია აქვთ, იმის გამო, რომ სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ ზეწოლა მიმდინარეობს. ამ მხრივ, ღრმა წუხილს გამოთქვამს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ არ მოიწვია ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების კონგრესი მომავალ არჩევნებზე დასაკვირვებლად. ასამბლეა ასევე წუხილს გამოთქვამს, რომ ეუთო/ODIHR-თან ამ არჩევნებზე დასაკვირვებლად მოწვევა განზრახ დაგვიანებით გაიგზავნა, რამაც მათი დაკვირვება შეუძლებელი გახადა“, – ნათქვამია რეზოლუციის პროექტში.
ასამბლეა ასევე გმობს განსხვავებული პოლიტიკური აზრის მქონე ადამიანების დევნას, მათ შორის რეპრესიული კანონმდებლობის მიღებით და სამოქალაქო საზოგადოების, დამოუკიდებელი მედიის, ოპოზიციური ძალებისა და ცალკეული მომიტინგეების წინააღმდეგ პოლიტიკურად მოტივირებული სამართლებრივი დევნის ბოროტად გამოყენებით.
რეზოლუციის პროექტში აღნიშნულია, რომ განსხვავებული პოლიტიკური მოსაზრებების ჩახშობა ამწვავებს ქვეყნის სოციალურ და პოლიტიკურ კრიზისს, არღვევს ევროპის საბჭოს წევრობით ნაკისრ ვალდებულებებს და აღრმავებს დემოკრატიულ უკუსვლას.
„ასამბლეა კიდევ ერთხელ გმობს საქართველოში ოპოზიციის წევრების, ჟურნალისტებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების პოლიტიკურად მოტივირებულ დევნას. ამ მხრივ, გმობს ჟურნალისტ მზია ამაღლობელის და რამდენიმე ოპოზიციური პარტიის ლიდერის არაპროპორციულ და პოლიტიკურად მოტივირებულ პატიმრობას გამოგონილი ბრალდებებით. ასეთი დევნა მიზნად ისახავს განსხვავებული აზრის გაჩუმებას და შეუთავსებელია დემოკრატიულ საზოგადოებასთან“, – ნათქვამია რეზოლუციის პროექტში.
ასამბლეა ღრმა წუხილს გამოთქვამს იმის გამოც, რომ მოწოდებების მიუხედავად, არ ჩატარებულა ეფექტური გამოძიება დემონსტრაციების დროს პოლიციის სისასტიკისა და ადამიანის უფლებების სხვა დარღვევებთან დაკავშირებით, ასევე დემონსტრანტების წამებისა და არასათანადო მოპყრობის, მათი დაკავებისა და დაკავების დროს მრავალი დასაბუთებული ცნობის შესახებ.
რეზოლუციის პროექტში აღნიშნულია, რომ დინამიკური და პლურალისტური სამოქალაქო საზოგადოება აუცილებელია დემოკრატიის კარგად ფუნქციონირებისათვის. ტექსტში ხაზგასმულია, რომ საქართველოში სამოქალაქო საზოგადოება ისტორიულად მნიშვნელოვან როლს თამაშობდა ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაში.
„ამიტომ ასამბლეა სერიოზულად შეშფოთებულია საქართველოს ხელისუფლების ქმედებებით არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ, რომლებიც მიმართულია საკამათო „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონის აღსრულებისკენ, რაც ხელს უშლის მათ სათანადო ფუნქციონირებას. ასამბლეა აღნიშნავს, რომ უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ კანონთან ერთად, ძალაში რჩება უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონი, რომელიც ევროპულ სტანდარტებს არ აკმაყოფილებს.
გარდა ამისა, ასამბლეა წუხილს გამოთქვამს საქართველოს პარლამენტის მიერ 2025 წლის 16 აპრილს გრანტების შესახებ კანონის მიღების გამო. ეს კანონი საერთაშორისო დონორებს, მათ შორის ევროპის საბჭოს და მის წევრ სახელმწიფოებს, ავალდებულებს, მიიღონ საქართველოს მთავრობის თანხმობა, სანამ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს დაფინანსებას ან დახმარებას გაუწევენ“,- ნათქვამია რეზოლუციის პროექტში.
რეზოლუციის პროექტი ყურადღებას ამახვილებს იმაზეც, რომ სამოქალაქო საზოგადოების ათეულობით ორგანიზაცია მოექცა ანტიკორუფციული ბიუროს შემოწმების ქვეშ, რომლის დამოუკიდებლობა აღმასრულებელი ხელისუფლებისგან დიდი კითხვის ნიშნის ქვეშაა.
ასამბლეა აღნიშნავს, რომ „ქართული ოცნების“ მიერ მიღებული კანონების ეფექტი დამანგრეველია საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებისთვის, რომლის გადარჩენა ამჟამად რისკის ქვეშაა.
რეზოლუციის პროექტში დამატებული შესწორებით ასევე გამოთქმულია შეშფოთება „გამოძიების ფარგლებში სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ხელმძღვანელების დაკითხვის შესახებ ინფორმაციით, მათ შორის მათი დაფინანსების წყაროების და პირბადეებისა და სხვა დამცავი აღჭურვილობის შესყიდვის შესახებ გამოძიებით“.
ასამბლეა ასევე შეშფოთებულია იმით, რომ საჯარო მოხელეების დაშინება და სამსახურიდან გათავისუფლება გრძელდება. ასამბლეის შეფასებით, ეს ძირს უთხრის საქართველოში დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი საჯარო სამსახურის არსებობას.
ასამბლეა ასევე გამოთქვამს შეშფოთებას „ქართული ოცნების“ პარლამენტის საგამოძიებო კომისიით, რომელიც ჯერ იმისთვის შეიქმნა, რომ 2003-2012 წლებში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საქმიანობა შეესწავლა, შემდეგ კი გაფართოვდა და 2012 წლიდან დღემდე პერიოდი მოიცვა.
„ასამბლეა გმობს კომისიის დასკვნას, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და მასთან დაკავშირებული პარტიები ხელს უშლიდნენ საქართველოში ჯანსაღი პოლიტიკური სისტემის ჩამოყალიბებას და, შესაბამისად, უნდა აიკრძალოს. ასამბლეა მკაცრად გმობს საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბოლოდროინდელ განცხადებას, რომ მმართველი უმრავლესობა საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს „კოლექტიური ნაცმოძროაბის“ – პრაქტიკულად მთელი ამჟამინდელი დემოკრატიული ოპოზიციის – არაკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნით. ასამბლეის აზრით, დემოკრატიული ოპოზიციის ასეთი აკრძალვა ფაქტობრივად ერთპარტიული დიქტატურის დამყარებას გამოიწვევს საქართველოში, რაც შეუთავსებელი იქნება ევროპის საბჭოს წევრობასთან“, – ნათქვამია რეზოლუციის პროექტში.
ასამბლეა მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ქვეყანაში დემოკრატიის ნგრევა. ასამბლეა კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის მზადყოფნას, ჩაერთოს ღია და კონსტრუქციულ დიალოგში საქართველოს ხელისუფლებასთან და ყველა პოლიტიკურ და სოციალურ ძალასთან, რათა შეჩერდეს დემოკრატიული უკუსვლა და უზრუნველყოფილ იქნას ქვეყნის მიერ ევროპის საბჭოს წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებების შესრულება.
თუმცა ასამბლეა ხაზს უსვამს, რომ ასეთი დიალოგი მხოლოდ ევროპის საბჭოს ფუნდამენტური ნორმებისა და პრინციპების მიღებაზე შეიძლება იყოს დაფუძნებული.
ასამბლეა აღნიშნავს, რომ ამ მხრივ საქართველოს შეუძლია ისარგებლოს ევროპის საბჭოს სრული მხარდაჭერით და მოუწოდებს ხელისუფლებას, გამოიყენოს ყველა არსებული ინსტრუმენტი.
დიალოგისთვის მზადყოფნის ნიშნად ასამბლეა მხარს უჭერს საქართველოს საკითხებში მონიტორინგის კომიტეტის მომხსენებლებს, რაც შეიძლება მალე ეწვიონ ქვეყანას.