გაეროს ქალთა ორგანიზაციამ (UN Women) საქართველოში კვლევა ჩაატარა, რომლის მიზანიც იძულებით გადაადგილებული (დევნილი) ქალების, მათ შორის ახალგაზრდა ქალების, კონფლიქტის ტრანსფორმაციისა და მშვიდობის მშენებლობის პროცესების შესახებ აღქმისა და დამოკიდებულებების შესწავლა იყო.
კვლევით დადგინდა, რომ იძულებით გადაადგილებული ქალების 27% დასაქმებული, თვითდასაქმებული ან დეკრეტულ შვებულებაში მყოფი, 39% უმუშევარი, ხოლო 29% პენსიონერია. გამოკითხულ ქალთა უმრავლესობა ამბობს, რომ შემოსავალი საკვების შესაძენადაც კი არ ჰყოფნის, (41%), ან შემოსავალი ჰყოფნის საკვებისთვის, თუმცა არ არის საკმარისი ტანსაცმლის საყიდლად (29%).
“1991-1993 წლების შეიარაღებული კონფლიქტებისა და 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მცხოვრებ 228 951 იძულებით გადაადგილებულ პირთა შორის, 100 628 ქალია. თუმცა, მათი თანაბარი, სრული და ეფექტიანი მონაწილეობა მშვიდობის, უსაფრთხოებისა და შერიგების პროცესებში, კვლავ გამოწვევად რჩება, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე”. – წერია გაეროს მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში.
მკვლევრები დაინტერესდნენ თუ რა როლი აქვთ იძულებით გადაადგილებულ ქალებს კონფლიქტის ტრანსფორმაციის პროცესში, როგორია მათი ცოდნა და დამოკიდებულება კონფლიქტის ტრანსფორმაციის პროცესის, ჩართული ჯგუფებისა და არსებული აქტივობების მიმართ და როგორია მათი ცხოვრება და გამოწვევები.
კვლევის თანახმად, იძულებით გადაადგილებულ ქალებს უნიკალური და განსხვავებული გამოცდილება და გამოწვევები აქვთ, რის გამოც, კონფლიქტის ტრანსფორმაციისა და მშვიდობის მშენებლობასთან დაკავშირებული ეფექტიანი პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელების პროცესში გათვალისწინებული უნდა იყოს მათი შეხედულებები და დამოკიდებულებები.
თვისებრივი კვლევის თანახმად, ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური კონფლიქტების გავლენა იძულებით გადაადგილებულ მოსახლეობაზე, მათ შორის, ქალებზე, ძირითადად ეკონომიკურ სირთულეებს, ცუდ საცხოვრებელ პირობებს და განვითარების/თვითრეალიზაციის ნაკლებობას უკავშირდება. ფოკუს-ჯგუფების მონაწილეებმა მთავარ პრობლემებს შორის დაასახელეს: საცხოვრებელი სახლის პრობლემა, უმუშევრობა, განვითარების შესაძლებლობის სიმწირე, ჯანდაცვის სერვისების ხელმიუწვდომლობა, ოჯახში ძალადობა.
· გამოკითხული იძულებით გადაადგილებული ქალების 77%, 2022 წლის 16 დეკემბერს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ საქართველოს კანონში შესულ ცვლილებას არ ეთანხმება.
· კვლევის მონაწილეთა 89%-ს კი მიაჩნია, რომ იძულებით გადაადგილებულ პირთა 45 ლარიანი შემწეობა უნდა იყოს მიბმული დევნილის სტატუსზე და ეძლეოდეს ყველა იძულებით გადაადგილებულ პირს.
გამოკითხული იძულებით გადაადგილებული ქალების აზრით, ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური ურთიერთობების მშვიდობიანი გზით გადაჭრისთვის მნიშვნელოვანია საქართველოს მთავრობის (70%), საერთაშორისო ორგანიზაციების (56%) და თავად იძულებით გადაადგილებული მოსახლეობის (50%) ჩართულობა.
ამასთან, კვლევის მონაწილეთა 72%-ის თქმით, კონფლიქტის ტრანსფორმაციისა და დადებითი ცვლილებებისთვის მნიშვნელოვანია როგორც აფხაზებთან, ასევე ოსებთან დიალოგის დაწყება, გააქტიურება და გაღრმავება. ამის გარდა, იძულებით გადაადგილებული ქალების 41% თვლის, რომ მნიშვნელოვანია რუსეთთან დიალოგის გააქტიურებაც.
კვლევით დადგინდა, რომ გამოკითხულთა 28%-ის აზრით, იძულებით გადაადგილებული ქალები ჩართულები არიან კონფლიქტის ტრანსფორმაციის პროცესში. თუმცა რეალურად, მათი უმრავლესობა – 95% თავად ამ პროცესებში ჩართული არასოდეს ყოფილა. აღსანიშნავია, რომ ყოველი მესამე გამოკითხული აცხადებს მზაობას, ჩაერთოს ქართულ-აფხაზურ და/ან ქართულ-ოსურ დიალოგსა თუ შეხვედრებში, ასეთი ფორმატების დაგეგმვის შემთხვევაში (39%).
კვლევის თანახმად, იძულებით გადაადგილებული ქალებისთვის კონფლიქტის ტრანსფორმაციის პროცესებში ჩართვის ბარიერებია: იმედის არქონა, ინფორმაციის ნაკლებობა, ცოდნის ნაკლებობა, საფრთხის შეგრძნება და ფინანსური რესურსის ნაკლებობა.
გარდა ამისა, ყოველი ოთხი გამოკითხული ქალიდან, ერთი აღნიშნავდა, რომ იძულებით გადაადგილებულ ქალებს კონფლიქტების ტრანსფორმაციის შესახებ აზრს იშვიათად ეკითხებიან (28%) და იძულებით გადაადგილებული ქალების იდეებს/აზრს სერიოზულად არ აღიქვამენ (25%).
კვლევაში მონაწილე იძულებით გადაადგილებული ქალების აზრით, კონფლიქტების ქართულ-აფხაზური და/ან ქართულ-ოსური განზომილების მშვიდობიან ტრანსფორმაციას ყველაზე მეტად ახალგაზრდა თაობების, მათ შორის ახალგაზრდა ქალების, დამეგობრება (55%) და აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე მიმოსვლის გამარტივება შეუწყობს ხელს (53%).
ქართულ-აფხაზური და/ან ქართულ- ოსური კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისთვის მნიშვნელოვან აქტივობებს შორის ასევე დასახელდა ეთნიკურად აფხაზი, ოსი და ქართველი მოსახლეობისთვის ერთმანეთის ყოველდღიურობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება (41%) და ერთმანეთის ტრადიციისა და კულტურის გაცნობა (21%), სავაჭრო ურთიერთობების აღდგენა (37%) და სოციალური პროექტები აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში მცხოვრები მოსახლეობის მხარდასაჭერად (30%).
კვლევის მონაწილე ქალების 43% აღნიშნავს, რომ მზადაა, ჩაერთოს პირისპირ შეხვედრებში, სადაც აფხაზი, ოსი და იძულებით გადაადგილებული ქალები არაფორმალურ გარემოში შეხვდებიან და ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ, 22%-ის თქმით, ჩაერთვება სხვადასხვა პროექტში, რომლებიც საერთო იდეის გარშემო გააერთიანებს ქართველ იძულებით გადაადგილებულ, აფხაზ და ოს ქალებს.