კასპიის ზღვაზე სხვადასხვა ტიპის მცირე წყალწყვის გემების დეფიციტი ზღუდავს სატრანსპორტო დერეფნის გამტარუნარიანობას.
ამ სტრატეგიული ამოცანის გადასაწყვეტად კასპიის ზღვის არეალის ქვეყნები – ყაზახეთი, აზერბაიჯანი და თურქმენეთი სულ უფრო ინტენსიურად საკუთარ საზღვაო სავაჭრო ფლოტს ახალი გემებით ავსებენ, საგულისხმოა, რომ სამივე სახელმწიფოს საკუთარი გემთშენებლობის და გემთსარემონტო სიმძლავრეები გააჩნიათ.
ფაქტობრივად, სამივე ქვეყანა საკუთარ ფლოტს საკუთარ გემთსაშენ ქარხნებში აწარმოებს. საქართველოში გემთსაშენი საწარმოს შექმნა ჯერ კიდევ დაპირებად რჩება.
ყაზახეთში და აზერბაიჯანში გემთსაშენი ქარხნების სიმძლავრეების და გამოშვებული პროდუქციის შესახებ, ჩვენ პორტალის საშუალებით დეტალურად იყო აღწერილი, ანალოგიურიურად სადღეისოდ თურქმენეთიც ავითარებს გემთსაშენ სიმძლავრეებს.
თურქმენეთის ოფიციალური მედიის ცნობით, თურქმენეთი, ისლამური განვითარების ბანკისა და საერთაშორისო განვითარების OPEC ის ფონდის 45 მლნ დოლარის ფინანსური მხარდაჭერით, საზღვაო ფლოტის გაფართოებას სამი ახალი გემის, მათ შორის ორი Ro-Ro ტიპის სარკინიგზო /საავტომობილო ბორნის და ერთი მშრალი ტვირთმზიდი გემის – აშენებით გეგმავს.
სამივე გემი ქვეყნის დასავლეთ სანაპიროზე მდებარე ბალკანის გემთმშენებელ ქარხანაში შენდება.
ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ, ახალი გემები გაზრდის კასპიის ზღვაზე მდებარე თურქმენბაშის საზღვაო ნავსადგურის გამტარუნარიანობას ასევე ევროპა-კავკასია-აზიის სატრანსპორტო დერეფნის კასპიის ნავსადგურებს შორის კავშირებადობას.
თურქმენეთის გემთშენებელი ქარხანა განკუთვნილია 10 ათასი ტონა ტვირთამწეობის მქონე გემების მშენებლობის და აღდგენისათვის. წელიწადში ქარხანას 4 – 6 გემის აღდგენა – მშენებლობის წარმადობა გააჩნია.
იყო თუ არა საქართველოში გემთმშენებელი საწარმოს მშენებლობასთან დაკავშირებით დაპირება? ბუნებრივია იყო და სამთავრობო დონეზე მიღებული გადაწყვეტილება დღემდე დაპირებად დარჩა.
2019 წლის იანვარში ქ. დავოსში გამართულ შეხვედრის შემდგომ, საქართველოს ეკონომიკის მაშინდელმა მინისტრმა – გ. ქობულიამ განაცხადა – ნიდერლანდების ერთ-ერთი უმსხვილესი გემთმშენებელი კონცერნი DAMEN ი დიდ ინტერესს გამოხატავს საქართველოს შავი ზღვის სანაპიროზე გემთმშენებელი და გემების სარემონტო საამქროების გახსნასთან დაკავშირებით.
DAMEN – მსოფლიოში წამყვანი გემთმშენებელი კომპანიაა, რომელიც 1927 წლიდან ოპერირებს. კომპანია 33 გემთსაშენს მართავს მსოფლიოს 16 ქვეყანაში, რომელთა შორის არის ნიდერლანდები, ჩინეთი, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, რუმინეთი.
წლის განმავლობაში როგორც სამხედრო, ისე კომერციული დანიშნულების დაახლოებით 180 მცურავ საშუალებას უშვებს. გარდა გემების აშენებისა, წელიწადში 1500 ზე მეტი გემის შეკეთებასაც ახორციელებს. კომპანიის წლიური ბრუნვა 2 მილიარდ ევროზე მეტია.
Damen-ის მიერ აშენებული გემები გამოირჩევა განსაკუთრებული უნიკალური ნოვატორული დიზაინით და კონკურენტუნარიანი ფასებით.
ბუნებრივია არსებობდა მოლოდინები, რაც მაშინდელი პრესის ამონარიდებითაც დასტურდება, რომ მსოფლიოში ერთ – ერთი უდიდესი გემთმშენებელი კონცერნის DAMEN ჩართვის პირობებში, საქართველოს ეკონომიკას ახალი სამრეწველო სიმძლავრეები შეემატებოდა.
მაშინდელ სამთავრო დონეზე მიღებულ გადაწყვეტილებას, მენეჯმენტის დონეზე კონკრეტული გაცვლითი ვიზიტები მოჰყვა, მაგრამ პროცესი ადგილიდან არ დაძრულა.
2019 წლის სექტემბერში- სხვილი ნიდერლანდური გემთმშენებელი კომპანიის DAMEN ის წარმომადგენლები საქართველოს ეწვივნენ – „ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, ვიზიტის დროს ისინი ადგილზე გაეცნენ გემთსაშენი საწარმოსთვის შერჩეულ ინფრასტრუქტურას“.
ანალოგიურად გაიმართა ქართული დელეგაციის ვიზიტი DAMEN ის შტაბ ბინაში – „შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ქართული მხარის მიერ სპეციალურად კომპანია DAMEN ისთვის მომზადებული საინვესტიციო შეთავაზება, რომელიც საქართველოში გემთმშენებელი საწარმოს მშენებლობას და შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარებას ითვალისწინებდა“.
ერთ – ერთი საზღვაო მშენებელი ინჟინერი სოციალურ ქსელში გულგატეხილი ეხმიანება, ფოთში გემთსაშენი საწარმოს დღემდე განუხორციელებელ პროექტს და მთავრობის წარმომადგენლების არაკომპეტენტურობაზე ამახვილებს ყურადღებას – “როცა ჩვენ ფოთში მიგვიწვიეს, მაშინაც მიდიოდა მოლაპარაკებები ფოთის გემთსაშენსა და დამენს შორის, თუ გახსოვთ მონახაზიც არსებობდა ე.წ. ,,რეკა-მორე,, ს ტიპის მშრალტვირთმზიდზე. მე ჰიბრიდული ძრავებიანი ბუქსირის სპეციფიკაციური პროექტიც კი მაქვს შემონახული. მაგრამ როგორც ყოველთვის ყველაფერი ჩვენთან პიროვნულ ინიციატივებზე დადის და მთავრობა ყოველთვის მაყურებლის ან დამკვირვებლის როლში რჩებოდა. თუ გატყდება ნავსი ხომ კარგი და მისასალმებელია, რაიმე მოძრაობა თუ დაიწყება ამ მხრივ. ღმერთმა ქნას!”
დასკვნის სახით – როდესაც, თავის დროზე – 100 საწარმოს შექმნის შესახებ იქნა გაცემული დაპირება, ბუნებრივია ერთ – ერთ ასეთ საწარმოდ საქართველოში გემთშენებელი ინდუსტრიის აღორძინება და განვითარება მოაზრებოდა. როდესაც სახეზეა რეგიონის მეზობელ ქვეყნებში საწარმოო სიმძლავრეების მკაფიოდ გამოკვეთილი განვითარების ტენდენციები, იბადება კითხვა, მენეჯმენტის დონეზე, საქართველოში – სახელმწიფოს მიერ მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების წარმართვის არაკომპეტენტურობის შესახებ.
წყარო: transcor.ge
