საქართველოში გაიზარდა იმ კაცების რაოდენობა, რომლებიც ფიქრობენ, რომ ბიზნესში უკეთესი ლიდერი კაცია. ამის შესახებ ახალი კვლევა გაეროს განვითარების პროგრამამ (UNDP) და გაეროს მოსახლეობის ფონდმა (UNFPA), შვედეთის ხელშეწყობით, გამოაქვეყნეს. კვლევის სახელწოდებაა “IMAGES 2024: კაცები, ქალები და გენდერული ურთიერთობები საქართველოში – საზოგადოების აღქმა და დამოკიდებულება”.
კვლევის შედეგებიდან ირკვევა, რომ მოსახლეობის ნახევარს მიაჩნია, რომ ქალს და კაცს თანაბარი წარმატებით შეუძლია უხელმძღვანელოს ბიზნესს. მეორე მხრივ, ამ მოსაზრებას 20%-ით მეტი ქალი ეთანხმება, ვიდრე კაცი. როგორც კვლევის მიმოხილვაშია აღნიშნული, 2019 წელთან შედარებით, ქალების მოსაზრება 56.2%-იდან 62.2%-მდე განმტკიცდა, ხოლო კაცების შემთხვევაში პირიქით, 53.5%-იდან 43.6%-მდე შესუსტდა. 2019 წელთან შედარებით, კაცების 10 პროცენტული პუნქტით მეტი თვლის, რომ ბიზნესში უკეთესი ლიდერი კაცია (2024 – 51%; 2019-41.7%).
გარდა ამისა, საქართველოში სამსახურის შოვნა კაცებისა და ქალებისათვის ერთნაირად რთულ პროცესად ფასდება.
“2024 წლის კვლევაში ქალების უმრავლესობა (56.4%) და კაცების 47% მიიჩნევს, რომ საქართველოში კაცისა და ქალისთვის სამსახურის შოვნა თანაბრად ხელმისაწვდომია. 2019 წელთან შედარებით, ასეთი დამოკიდებულება ქალების შემთხვევაში 10.5%-ით, ხოლო კაცების შემთხვევაში – 6.8%-ით არის გაზრდილი (2019: ქალი45.9%, კაცი-40.2%). გარდა ამისა, 10%-ით მცირდება რესპონდენტების რაოდენობა, ვინც თვლის, რომ სამსახურის შოვნა ქალებისთვის უფრო ადვილია, ვიდრე კაცებისთვის.
გამოკითხულთა ნახევარი მიიჩნევს, რომ კაცისთვის და ქალისთვის თანაბრად შესაძლებელია მაღალანაზღაურებადი სამსახურის შოვნა. მსგავსი შეფასება მცირედით გამყარებულია 2024 წელს, 2019 წელთან შედარებით (2024: ქალი-56.5%, კაცი-49.5%; 2019- ქალი-49.8%, კაცი-44.9%). მეორე მხრივ, 2019 წლის მსგავსად, 10 რესპონდენტიდან 4 თვლის, რომ მაღალანაზღაურებადი სამსახურის შოვნა შედარებით ადვილია კაცებისთვის.
ქალების 60% და კაცების 50.1% მიიჩნევს, რომ კარიერული წინსვლა თანაბარ სირთულეს წარმოადგენს, სქესის მიუხედავად. 2019 წელთან შედარებით, ქალებს შორის ეს მაჩვენებელი 10%-ით არის გაზრდილი, ხოლო კაცებისთვის უცვლელია. ამასთან, კაცებს შორის გაზრდილია (2024-40%; 2019-30%), ხოლო ქალებს შორის – შემცირებული (2024-31.4%; 2019-42.4%) იმ რესპონდენტების წილი, ვინც მიიჩნევს, რომ კარიერული წინსვლა კაცებისთვის უფრო ადვილია”, – წერია კვლევაში.
საინტერესოა ისიც, რომ ჩატარებული კვლევის მიხედვით, ქალების 78.4% და კაცების 84% თვლის, რომ სკოლამდელი ასაკის ბავშვისთვის უკეთესია, თუ დედა არ მუშაობს და, ასევე, ქალების 51.4% და კაცების 64.5% მიიჩნევს, რომ ქალის მთავარი მოვალეობა ოჯახზე ზრუნვაა და არა პროფესიული განვითარება. საპირისპიროდ, მონაწილეების უმრავლესობა ეთანხმება მოსაზრებას, რომ ძირითადად კაცის მოვალეობაა მუშაობა და ოჯახისთვის ფულის შოვნა (2024: ქალი-70.6%, კაცი-70.8%).
აღსანიშნავია, რომ გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო 2408 რესპონდენტმა. მათ შორის 1380 ქალი იყო (57.3%), ხოლო 1028 – კაცი (42.7%). ყოველი 5 რესპონდენტიდან 4 ეთნიკურად ქართველი იყო, ხოლო რელიგიური მრწამსით – მართლმადიდებელი ქრისტიანი.
გამოკითხვამ დაახლოებით თანაბრად მოიცვა სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფი, მაქსიმუმ 5%-იანი განსხვავებით. კვლევის ყოველი მეხუთე რესპონდენტიდან ერთი 35-44 წლის იყო. რესპონდენტების მნიშვნელოვანი ნაწილი (37.1%) უმაღლესი განათლების მქონეა, ხოლო მესამედი (33.6%) – საშუალო განათლების მქონე.
