როგორც „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის” მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით დგინდება, საქართველოში ნავთობის მოპოვება შემცირდა, ბუნებრივი გაზის კი გაიზარდა.
„ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ მონაცემებით, 2023 წელს ქვეყანაში 35.3 ათასი ტონა ნავთობი მოიპოვეს, რაც 2022 წლის მონაცემებთან შედარებით, 9.73%-ით ნაკლებია.
როგორც მონაცემებიდან ირკვევა, ნავთობის მოპოვების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2009 წელს იყო ( 57.6 ათასი ტონა ), ყველაზე დაბალი მაჩვენებელი კი 2017 წელს (28.2 ათასი ტონა).
რაც შეეხება გაზს, 2023 წელს ქვეყანაში 16.6 მლნ კუბ. მეტრი გაზი მოიპოვეს, რაც 2022 წლის მონაცემებთან შედარებით 18.57%-ით მეტია.
სასაქონლო გაზის მოპოვების ყველაზე კარგი მაჩვენებელი 2023 წელს იყო, ყველაზე ცუდი კი 2012-2013 წლებში (5.4 მლნ კუბ. მეტრი).