საქართველოში ბიზნესისა და საინვესტიციო პირობები ჯანსაღია, თუმცა, არსებობს მუდმივი უნდობლობა სასამართლო სექტორის შესაძლებლობის მიმართ – სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში
საქართველოში, მთლიანობაში, ბიზნესისა და საინვესტიციო პირობები ჯანსაღია და, რეგიონის სხვა ქვეყნებთან შედარებით, საქართველოს უკეთესი პოზიცია უკავია. თუმცა, არსებობს მუდმივი უნდობლობა სასამართლო სექტორის შესაძლებლობის მიმართ, განიხილოს კომერციული საქმეები დამოუკიდებლად ან დროულად, კომპეტენტურად, – ამის შესახებ საუბარია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში, რომელიც საქართველოში 2024 წლის საინვესტიციო გარემოს აფასებს.
„დასავლეთ აზიისა და აღმოსავლეთ ევროპის გზაგასაყარზე მდებარე საქართველოს პატარა, მაგრამ ღია ბაზარი აქვს, რომელიც სარგებელს ნახულობს საერთაშორისო ვაჭრობიდან, ტურიზმიდან და ტრანსპორტირებიდან. 1991 წლიდან განხორციელებული კომპლექსური ეკონომიკური რეფორმების შედეგად ქვეყანაში შედარებით კარგად ფუნქციონირებადი და სტაბილური საბაზრო ეკონომიკა ჩამოყალიბდა. 2023 წლის დეკემბერში ევროკავშირმა საქართველოს მიანიჭა კანდიდატის სტატუსი და დადგინდა ცხრა ნაბიჯი, რომელიც საქართველოს მთავრობამ უნდა გადადგას გაწევრიანების პროცესის გასაგრძელებლად, დეოლიგარქიზაციის და ანტიკორუფციული ძალისხმევის კუთხით წინსვლის ჩათვლით. საქართველოს ევროკავშირის კანონმდებლობასთან შესაბამისობა გამოიწვევს სტრუქტურული რეფორმების გატარებას ბევრ სფეროში, ტექნიკური რეგლამენტებისა და სტანდარტების, კონკურენციის კანონის, სახელმწიფო შესყიდვების, ინტელექტუალური საკუთრების უფლებისა და სანიტარიული და ფიტოსანიტარული ღონისძიებების ჩათვლით“, – აღნიშნულია ანგარიშში.
დოკუმენტის თანახმად, ხელსაყრელი ბიზნეს კლიმატის პირობებში, საქართველო გამჭვირვალობის, კონკურენტუნარიანობისა და ეკონომიკური თავისუფლების კუთხით საერთაშორისო რეიტინგებში რეგულარულად იკავებს მაღალ ადგილს.
„2005 წლიდან 2023 წლამდე [ეკონომიკური ზრდის] საშუალო ზრდის ტემპი ხუთ პროცენტზე მეტი იყო. ფისკალური და მონეტარული პოლიტიკა ორიენტირებულია მცირე დეფიციტზე, ინფლაციის დაბალ დონესა და რეალურ მცურავ გაცვლით კურსზე. კოვიდ პანდემიისა და რუსეთის მიერ 2022 წელს უკრაინაში შეჭრისგან გამოწვეული ორმაგი შოკის მიუხედავად საქართველოს ეკონომიკაში კარგი შედეგები გრძელდებოდა. კოვიდ 19-ის პანდემიისგან გაჯანსაღების შემდეგ საქართველოს ეკონომიკა 2021 წელს აღდგა 10.4 პროცენტიანი ზრდით და 2022 წელს გაგრძელდა მოსალოდნელზე უკეთესი შედეგების მიღება 10,2 პროცენტიანი ზრდით ტურიზმიდან შემოსავლების, ომთან დაკავშირებული იმიგრაციისა და ფინანსური ნაკადების ზრდის და საქართველოს გავლით სატრანზიტო ვაჭრობის ზრდის შედეგად. 2023 წელს ეკონომიკა გაიზარდა 7.5 პროცენტით და ინფლაცია დაეცა 0.4-მდე, რაც აღინიშნა უფრო ტრადიციული ეკონომიკური მამოძრავებლების დაბრუნებით: ტურიზმი, ექსპორტის ზრდა და უცხოური კაპიტალის ძლიერი შემოდინება. სამ წლიანი მდგრადი ზრდის შემდეგ, მოსალოდნელია, რომ საქართველოს მშპ გააგრძელებს ამ ტრაექტორიას და 2024 წელს 5-7 პროცენტით გაიზრდება“, – აღნიშნულია ანგარიშში.
დოკუმენტის თანახმად, ზოგიერთი ბიზნეს დავის საქმე სასამართლო სისტემაში წლების განმავლობაში ჭიანურდება.
„ზოგადად, ბიზნესისა და საინვესტიციო პირობები ჯანსაღია და, რეგიონის სხვა ქვეყნებთან შედარებით, საქართველოს უკეთესი პოზიცია უკავია. თუმცა, არსებობს მუდმივი უნდობლობა სასამართლო სექტორის შესაძლებლობის მიმართ, განიხილოს კომერციული საქმეები დამოუკიდებლად ან დროულად, კომპეტენტურად, ზოგიერთი ბიზნეს დავის საქმე სასამართლო სისტემაში წლების განმავლობაში ჭიანურდება. ზოგიერთი კომპანიები მუნიციპალურ დონეზე გადაწყვეტილების მიღების არაეფექტურობას, ეფექტური ანტიმონოპოლიური პოლიტიკის ნაკლებობას, პოლიტიკურ ჩარევას, შერჩევით აღსრულებასა და საკუთრების უფლებებთან დაკავშირებული დავების გადაჭრის სირთულეებს უჩივიან“, – აღნიშნულია ანგარიშში.
დოკუმენტის თანახმად, საქართველოს მთავრობა აგრძელებს ამ საკითხების მოგვარებაზე მუშაობას და, არსებული სირთულეების მიუხედავად, ბიზნესის კეთების თვალსაზრისით საქართველოს მაღალი ადგილი უკავია რეგიონის მასშტაბით.
ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ 1994 წელს აშშ-მ და საქართველომ ხელი მოაწერეს ორმხრივ საინვესტიციო ხელშეკრულებას და პრეფერენციათა განზოგადებული სისტემის პროგრამის ფარგლებში საქართველოს შეუძლია ამერიკის შეერთებულ შტატებში მრავალი პროდუქციის საბაჟო გადასახადისაგან გათავისუფლებული რეჟიმით ექსპორტი განაორციელოს.
ამასთან, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საქართველომ მნიშვნელოვანი არასტაბილურობა განიცადა უშუალოდ პოსტ-საბჭოთა პერიოდში. 1991 წელს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ კი სამოქალაქო ომი და სეპარატისტული კონფლიქტები გაჩაღდა რუსეთის საზღვრის მიმდებარე საქართველოს ტერიტორიებზე, აფხაზეთსა და ცხინვალში.
“2008 წლის აგვისტოში სამხრეთ ოსეთში დაძაბულმა ვითარებამ კულმინაციას მიაღწია რუსეთსა და საქართველოს შორის ხანმოკლე ომით. რუსეთი შეიჭრა საქართველოში და აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიებს ოკუპაცია მოახდინა. რუსეთი განაგრძობს საქართველოს აღნიშნული რეგიონების ოკუპაციას და ცენტრალური მთავრობა თბილისში ვერ ახორციელებს ამ ტერიტორიების ეფექტურ კონტროლს. ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას ქვეყნის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და არ სცნობს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას. როგორც ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ასევე ადმინისტრაციული სასაზღვრო გამყოფი ხაზების სიახლოვეს კვლავ დაძაბული ვითარებაა, მაგრამ საქართველოს სხვა ტერიტორიაზე, მათ შორის თბილისზე ეს უშუალო ზემოქმედებას ვერ ახდენს”, – აღნიშნულია ანგარიშში.
დოკუმენტის თანახმად, ტრანზიტი და ლოჯისტიკა არის პრიორიტეტული სექტორები, რადგან საქართველო ცდილობს სარგებელი მიიღოს 2022 წელს რუსეთის უკრაინაში შემდგომი შეჭრის შემდეგ შუა დერეფნის გასწვრივ აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის გაზრდილი ვაჭრობის შედეგად.
“ცენტრალური აზიის ბაზრის გაფართოებამ ასევე განაპირობა ტვირთების გადაზიდვის ბოლოდროინდელი ზრდა შუა დერეფნის გავლით, რომელიც ევროპას ცენტრალური აზიის ბაზრებთან აკავშირებს და შეიძლება იყოს საქართველოს გრძელვადიანი ზრდის წყარო, განსაკუთრებით სტრატეგიული ინფრასტრუქტურის ინვესტიციებით და რეგიონული თანამშრომლობით. 2023 წლის თებერვალში საქართველოს მთავრობამ ანაკლიის პორტის, შავი ზღვის ღრმაწყლოვანი პორტის ასაშენებლად ახალი ტენდერი გამოაცხადა, რომლის თავდაპირველი ტენდერი მთავრობამ 2020 წელს გააუქმა. 2024 წლის მარტში მთავრობამ გამოაცხადა საერთაშორისო ტენდერი ანაკლიის პორტის საზღვაო ინფრასტრუქტურის პროექტირებისა და მშენებლობისთვის. 2024 წლის აპრილში მთავრობამ გამოაცხადა ახალი თბილისის საერთაშორისო აეროპორტის აშენების გეგმები”, – აღნიშნულია სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში.