საქართველოში ბენზინის და დიზელის იმპორტის მოცულობა იანვარ-თებერვალში 11.7%-ით შემცირდა და 185 ტონა შეადგინა. იმპორტის საშუალო ფასი კი ამავე პერიოდში 4.4%-ით გაიზარდა. ინფორმაციას Galt&Taggart-ი ნედლეულის ბაზრის მიმოხილვაში აქვეყნებს.
2024 წლის ორ თვეში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საქართველოში ნავთობპროდუქტების იმპორტის ღირებულება 122 მლნ დოლარიდან 143 მლნ დოლარამდე ანუ 16.6%-ით გაიზარდა.
რაც შეეხება მსოფლიოში არსებულ ტენდენციას, Galt&Taggart-ის მიმოხილვის მიხედვით, 2024 წლის მარტში ნავთობის ფასი თვიურად 4.6%-ით გაიზარდა (+13.6% 1კვ24-ში). კვარტალურად დაფიქსირებული ზრდის შემდეგ, ფასის $100-მდე ზრდა კვლავ რეალური გახდა.
JP Morgan-ის სცენარის მიხედვით, ნავთობს შეუძლია სამნიშნა ფასებს სექტემბრამდე მიაღწიოს, თუმცა რამდენიმე ფაქტორი არსებობს, რამაც შესაძლოა ეს ზრდა შეანელოს. კერძოდ, OPEC+ის გადაწყვეტილებები, აშშ-ს წარმოების დინამიკა და მისი სტრატეგიული რეზერვები. თვის დასაწყისში OPEC+მა წარმოების ნებაყოფლობითი შემცირება (დაახლ. 2 მლნ ბარელი დღეში) ივნისამდე განაგრძო. ამ შეხვედრის შედეგი მოსალოდნელი იყო, თუმცა ივნისის გადაწყვეტილება მეტად საყურადღებო იქნება, რასაც შეეძლება ფასზე იმოქმედოს.
IEA-ს (ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტო) მიხედვით, წარმოების შემცირების გაგრძელებამ შესაძლოა ბაზარზე დეფიციტი გამოწვიოს, რაც ფასებს მნიშვნელოვნად გაზრდის. საუდის არაბეთისთვის მაღალი ფასები ხელსაყრელია, თუმცა ჯო ბაიდენისთვის პირიქით. შედეგად, არჩევნებამდე შესაძლოა აშშ-მ კიდევ ერთხელ გამოიყენოს თავისი სტრატეგიული რეზერვები შიდა ბაზარზე ნავთობპროდუქტების ფასების სტაბილიზაციისთვის.
ანალიტიკოსების მიხედვით, აშშ-ს წარმოებამ მიმდინარე წელს შესაძლოა დღეში 14 მლნ ბარელს მიაღწიოს, რაც რეკორდული მაჩვენებელი იქნება. ზრდა ჭაბურღილების გაზრდილი ეფექტურობითა და შემცირებული დანახარჯებით იქნება განპირობებული. დამატებით, სანქციების ახალი ტალღა რუსეთის ვაჭრობას აფერხებს და შესაბამისად, მოსკოვს ნავთობ-შემოსავლებს უმცირებს. მაგალითად, სანქციების გამო ინდური გადამამუშავებლები რუსული Sovcomflot-ის კუთვნილ ტანკერებს აღარ იღებენ. აქამდე ინდოეთი რუსეთისათვის ნავთობის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი სავაჭრო პარტნიორი იყო. სანაცვლოდ, მზარდია აშშ-ს ექსპორტი ინდოეთის მიმართულებით.
„გასულ თვეში ფასების მნიშვნელოვანი მამოძრავებელი უკრაინის მიერ რუსეთის ტერიოტრიაზე განხორციელებული დარტყმებიც იყო. უკრაინელმა სამხედროებმა დრონების გამოყენებით რამდენიმე მნიშვნელოვანი ნავთობგადამამუშავებელი საწარმო გამოყვანეს მწყობრიდან, რამაც ნავთობის ფასი 2.7%-ით გაზარდა. აშშ-მ კიევს მოუწოდა შეეჩერებინა საწარმოებზე დარტყმები, თუმცა ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, $60 მლრდ სამხედრო დახმარების პაკეტის გარეშე (რომელზეც მსჯელობა კონგრესში დიდი ხანია მიმდინარეობს) უკრაინას მოუწევს განაგრძოს შეტევები რუსულ სამხედრო ობიექტებსა და მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურაზე. აპრილი ნავთობისათვის დატვირთული თვე იქნება, რადგან სიტუაცია ახლო აღმოსავლეთში ესკალირებას განაგრძობს. დამასკოში ირანის საელჩოს აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა. ირანული მხარე ისრაელს ადანაშაულებს და შურისძიებაზე კეთდება განცხადებები“, – ნათქვამია მიმოხილვაში.