“საქართველოში ასეთ მიდგომაზე პასუხი უკვე არსებობს. მეც ეს პასუხი მექნება – არ გავცვლი მე ჩემს სამშობლოს, სხვა ქვეყნის სამოთხეზედა,”- ასე გამოეხმაურა “ხალხის ძალის” წევრი დიმიტრი ხუნდაძე ინფორმაციას აშშ-ის მხრიდან სავიზო შეზღუდვების დაწესების შესახებ.
ხუნდაძე აღნიშნავს, რომ უსამართლობაა, როცა დავით კეზერაშვილი და ზურაბ ადეიშვილი თავისუფლად გადაადგილდებიან დასავლეთში, ხოლო ქართველი დეპუტატები სამშობლოს სიყვარულისა და სუვერენიტეტის გაძლიერებისთვის უნდა დასანქცირდნენ.
“საზოგადოებას აქვს მეტი საშუალება, განსაჯოს, რამდენად ობიექტურია მაგალითად ის, რომ კეზერაშვილი, რომელმაც გაძარცვა ქართული ჯარი და ევროპელი პენსიონერები, დასავლეთში თავისუფლად დასეირნობს. ასევე, ადეიშვილს, რომელმაც შექმნა მწამებლური რეჟიმი, ევროსტრუქტურებში მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირები ხვდებიან. საქართველოში სამშობლოს სიყვარულისთვის და სუვერენიტეტის გაძლიერებისთვის დეპუტატები და მისი ოჯახის წევრები უნდა დასანქცირდნენ.
არ ველოდები, რომ ასეთი მკაცრი გადაწყვეტილება იქნება მიღებული, მაგრამ თუ არჩევანი მაინც დადგა, სამშობლოს სუვერენიტეტის გაძლიერებასა და ავიაბილეთებსა და ვიზებს შორის, რა თქმა უნდა, არჩევანი იქნება სამშობლოს სასარგებლოდ.
საქართველოში ასეთ მიდგომაზე პასუხი უკვე არსებობს. მეც ეს პასუხი მექნება – არ გავცვლი მე ჩემს სამშობლოს, სხვა ქვეყნის სამოთხეზედა,”-აღნიშნა ხუნდაძემ.
შეგახსენებთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის გავრცელებული განცხადებით, შემუშავდება სავიზო შეზღუდვის ახალი პოლიტიკა, რომელიც გავრცელდება იმ პირებზე, ვინც პასუხისმგებელია საქართველოში დემოკრატიის შელახვაზე, ასევე, მათი ოჯახის წევრების მიმართ.
ენტონი ბლინკენის განცხადებაში აღნიშნულია, რომ “ნებისმიერი, ვინც ძირს უთხრის დემოკრატიულ პროცესებს ან ინსტიტუტებს საქართველოში, შეიძლება აღმოჩნდეს შეუსაბამო შეერთებული შტატების ვიზების მიღების და შეერთებულ შტატებში გამგზავრებისთვის. დღესვე ვიწყებ ამერიკასა და საქართველოს შორის ორმხრივი თანამშრომლობის ძირეულ გადახედვას, იმედი გვაქვს, საქართველოს ლიდერები გადახედავენ კანონპროექტს და გადადგამენ ნაბიჯებს ერის დემოკრატიული, ევროატლანტიკური მისწრაფებებისკენ”.