საქართველოში არ შემოუშვეს პროევროპული აქციებისას დაკავებული რუსი აქტივისტის, ანასტასია ზინოვკინას დედა

30 ივლისს საქართველოში არ შემოუშვეს პროევროპული აქციებისას დაკავებული ს მოქალაქის, ანასტასია ზინოვკინას დედა, რომელსაც აგვისტოს დასაწყისში შვილთან ე.წ. ხანგრძლივი პაემანი ჰქონდა დანიშნული.
ადვოკატი შოთა თუთბერიძე რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მესაზღვრეებმა თავდაპირველად ქალს უთხრეს, რომ მას გზის გადაკეტვისთვის ჯარიმა ჰქონდა გადასახდელი და ამის გამო არ უშვებდნენ ქვეყანაში. შემდეგ კი უთხრეს, რომ რომც გადაეხადა ჯარიმა, ქალი შემოსვლას მაინც ვერ შეძლებდა.
შოთა თუთბერიძე ამბობს, რომ ანასტასია ზინოვკინას დედას ჯარიმის არსებობის შესახებ არანაირი ინფორმაცია არ ჰქონდა.
მისივე თქმით, გადაუხდელი ჯარიმა არ შეიძლება იყოს ქვეყანაში არ შემოშვების მიზეზი, მით უმეტეს, რომ ქალი თანახმა იყო, ჯარიმა იქვე გადაეხადა:
„რამდენიმე საათის წინ ჩამოვიდა. ჯერ უთხრეს, რომ ჯარიმა გაქვს გადასახდელიო, თუმცა, ამ პასუხის მისაღებადაც მას დიდი დრო დასჭირდა. შემდეგ ქალმა მოითხოვა ჯარიმის ოქმის ჩაბარება, რაზეც უარი უთხრეს. ამის შემდეგ ქალმა შესთავაზა, რომ ჯარიმას გადაიხდიდა, მაგრამ ამაზეც უპასუხეს, გადაიხდით თუ არა, მაინც ვერ შეგიშვებთ.
თითქოს ედავებიან დედების აქციაზე გზის გადაკეტვას. სულ ერთხელ იყო ჩამოსული. ახლა ჰქონდა ხანგრძლივი პაემანი დანიშნული შვილთან და ამისთვის დიდი ხნის განმავლობაში ემზადებოდნენ.
ჯარიმის ქონა იმას არ ნიშნავს, რომ ადამიანს საქართველოში შემოსვლაზე უარი უნდა ეთქვას, ეს არცერთ შემთხვევაში არ არის ასე. მით უმეტეს, ჯარიმა, როგორც წესი, ჩაბარების შემდეგ შედის ძალაში. ამას გარდა, უტყუარი ინდიკატორია, ქალმა უთხრა, რომ იქვე გადაიხდიდა ამ თანხას, მაგრამ ამაზეც უარი უთხრეს“, – ეუბნება რადიო თავისუფლებას შოთა თუთბერიძე.
ადვოკატის თქმით, მას უკვე არაერთი საქმე დაუგროვდა, როდესაც ბოლო თვეების განმავლობაში, საქართველოში არ უშვებენ აქტივისტებს, დასავლელ ჟურნალისტებს, მათი არ შემოშვების კონკრეტულ მიზეზს სახელმწიფო არ ასახელებს და დოკუმენტში მხოლოდ იმას უთითებს, რომ „არ აკმაყოფილებს საქართველოში შემოსვლის სხვა პირობებს“:
„არსებობს კანონით გათვალისწინებული საფუძვლები, როდესაც მოქალაქეს ქვეყანაში შემოსვლაზე უარს ეუბნებიან. მაგრამ რეალურად, როდესაც ამ საფუძვლებიდან არცერთი არ არსებობს, მაშინ უთითებენ ბოლო საფუძველს, რომელსაც ჰქვია „კანონით გათვალისწინებული სხვა გარემოება“. ოღონდ რა არის ეს სხვა გარემოება, ამას არ გვეუბნებიან. ასეთი საქმეები ჩვენ სასამართლოშიც გვაქვს.
სუს-ში არსებობს ე.წ. გაწითლებული ადამიანების არალეგალური სია, რომლებსაც არ უშვებენ ქვეყანაში. ამ სიაში ხვდებიან დასავლელი ჟურნალისტები, ევროპელი აქტივისტები, მათ შორის რამდენიმე ცნობული ბლოგერიც მოხვდა და ხელისუფლებისათვის მაღარასასურველი პირები“, – ამბობს შოთა თუთბერიძე.
რუსეთის მოქალაქე ანასტასია ზინოვკინა შეწყვარებულთან, არტემ გრიბულთა ერთად გასული წლის 17 დეკემბერს დააკავეს. მათ პროკურატურა 16 გრამი ნარკოტიკული საშუალება ალფა-პვპ-ის ფლობას ედავება.
ისინი ბრალს არ აღიარებენ და ამბობენ, რომ პოლიციამ მათ ნარკოტიკი ჩაუდო. დაკავებულები ფიქრობენ, რომ ისინი თბილისში საპროტესტო აქციებში მონაწილეობის გამო ისჯებიან.
არტემ გრიბულმა რამდენიმე დღის წინ შიმშილობა დაიწყო. მას სამი მოთხოვნა აქვს:
· მედიას მიეცეს სასამართლო პროცესებზე დასწრების უფლება;
· პროკურატურამ დაიწყოს გამოძიება პოლიციელების მიმართ მათი საჩივრების საფუძველზე;
· ანასტასია ზინოვკინას მდგომარეობა გამოსწორდეს: მიეცეს ნორმალური კვება, სათანადო სამედიცინო დახმარება და გადაიყვანონ ნათელ, სუფთა და ფართო კამერაში.
31 წლის ანასტასია ზინოვკინა რუსი სამოქალაქო აქტივისტია, ის 2012 წლიდან რუსეთის პრეზიდენტის, პუტინის რეჟიმის წინააღმდეგ აქტიურად იყო ჩართული რუსეთში გამართულ ანტისამთავრობო აქციებში. ღია წყაროებში არსებული ინფორმაციით, არაერთხელ იყო დაკავებული ადმინისტრაციული წესით – პოლიციისადმი დაუმორჩილებლობისა თუ წვრილმანი ხულიგნობის მუხლით.
ანასტასია ზინოვკინა თბილისში, 17 დეკემბერს დაკავებისას, მის მიმართ სექსუალური შევიწროებისა და სექსუალური ხასიათის მუქარაზე მიუთითებდა. მისი თქმით, ის ადამიანი, ვინც მას აკავებდა, სასქესო ორგანოზე იდებდა ხელს და ეუბნებოდა, რომ თუ გაინძრეოდა, „სხეულის ამ ნაწილით დასჯიდა“.
2024 წლის 28 ნოემბრის შემდეგ თბილისსა და სხვა ქალაქებში იმართება პროევროპული აქციები ახალი საპარლამენტო ს ჩატარებისა და აქციებზე დაკავებულების გათავისუფლების მოთხოვნით. პროტესტი გამოიწვია „ქართულ ოცნებაში“ 2024 წლის 28 ნოემბერს მიღებულმა გადაწყვეტილებამ, რომლის მიხედვითაც, „2028 წლამდე“ არ დააყენებენ ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მოლაპარაკებების გახსნის საკითხს.
პოლიციამ დააკავა 500-მდე ადამიანი, მათ შორის 50-მდე სისხლის სამართლის წესით. გამოძიების დაწყებიდან რვა თვის თავზე, არცერთი სამართალდამცავი, რომლებმაც აქციის მონაწილეებზე, მათ შორის ჟურნალისტებზე იძალადეს, არც გამოვლენილი და არც დასჯილი არაა.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ