საქართველოში არ შემოუშვეს ლიეტუველი უფლებადამცველი, რომელიც აქ 15 წელია ცხოვრობს

რეგინა ეგოროვა-ასკეროვა არის ყოფილი ჟურნალისტი, რომელიც საქართველოში 15 წელიწადია ცხოვრობს ოჯახთან ერთად.
ამჟამად არის შვედური ორგანიზაციის, Kvinna till Kvinna-ს („ქალები ქალებისათვის“) სამხრეთ კავკასიისა და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონული დირექტორი.
20 მარტს მან ფეისბუკზე დაწერა: „ზუსტად 15 წლის შემდეგ, ჩემს საყვარელ საქართველოში შემოსვლის უფლება არ მომცეს“.
მისი თქმით, იგი ახსნა-განმარტების გარეშე დააბრუნეს უკან.
„ეს ცხადად აჩვენებს, თუ სად იმყოფება ახლა ქვეყანა“, – წერს ასკეროვა.
მრავალი წელია, ის მუშაობს ქალთა გაძლიერების, მშვიდობის მშენებლობისა და მომიჯნავე საკითხებზე.
რეგინა ეგოროვა-ასკეროვამ გამოაქვეყნა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ საზღვარზე გადაცემული დოკუმენტი, რომელშიც საზღვრის კვეთაზე უარის მიზეზი დაუზუსტებელია – მითითებულია „სხვა მიზეზი“.
ამ საფუძველს ხშირად უთითებენ საქართველოს საზღვრის კვეთაზე უარის დასასაბუთებლად, მათ შორის უცხოელი დისიდენტების შემთხვევაში.
თუმცა, უფლებადამცველი ორგანიზაციების შეფასებით, ასეთი „უარის“ პრაქტიკა თვითნებური და არაკონსტიტუციურია.
2024 წლის ივლისში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ უარი თქვა უცხოელებისთვის საქართველოში შემოსვლაზე თვითნებური უარის პრაქტიკასთან დაკავშირებით „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ კონსტიტუციური სარჩელის განხილვაზე.
ორგანიზაცია აცხადებს, რომ კანონის ეს ნორმა კრიტიკული ჟურნალისტებისთვის, აქტივისტებისთვის, მკვლევრებისთვის, პოლიტიკოსებისთვის მუდმივად ხდება საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის მიზეზი.
ფორუმი