“რეპორტიორები საზღვრებს გარეშე” (RSF) ავრცელებს ინფორმაციას, რომ საქართველოში არ შემოუშვეს ბრიტანელი ჟურნალისტი, უილ ნილი. ორგანიზაციია ჟურნალისტის გაძევებას უკავშირებს მის საგამოძიებო მასალებს, რომელსაც ნილი, მათ შორის, “ქართული ოცნების” შესახებ ამზადებდა.
“რეპორტიორები საზღვრებს გარეშე” გმობს ამ თვითნებურ გადაწყვეტილებას და მოითხოვს მის დაუყოვნებლის შეცვლას. გაძევება მოჰყვა სიძულვილის კამპანიას, რომელსაც აწარმოებენ პროსახელისუფლებო პოლიტიკოსები და მედია-გამოცემები ნილის გამოძიების საპასუხოდ საქართველოში სახელისუფლებო წრის შესახებ. ეს არის საქართველოში პრესის თავისუფლების გაუარესების გამოხატულება”, – ვკითხულობთ ორგანიზაციის განცხადებაში.
უილ ნილი RSF-ს უყვება, რომ შემთხვევა რამდენიმე დღის წინ, 20 მაისს მოხდა. ნილი, რომელიც საქართველოში 2022 წლიდან ცხოვრობს, ქვეყანაში სომხეთის გავლით ბრუნდებოდა მას შემდეგ, რაც იმოგზაურა ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთში. ამჟამად ის ერევანში იმყოფება და არ აქვს წვდომა პირად ნივთებზე, რომლებიც საქართველოში დატოვა.
როგორც ნილი RSF-სთან ამბობს, მას არ განუმარტეს საფუძველი, რის გამოც ქვეყანაში შემოსვლაზე უარი უთხრეს. ჟურნალისტი მომხდარს უკავშირებს მის საგამოძიებო მასალას, რომელიც Byline Times-ში მიმდინარე წლის მარტში გამოქვეყნდა. გამოძიება ეხება სანქცირებული რუსი ბიზნესმენის, რომან აბრამოვიჩისა და პროსახელისუფლებო ტელეკომპანია “იმედის” მფლობელის, ირაკლი რუხაძის საინვესტიციო ჰოლდინგის Hunnewell Partners-ის კავშირებს.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ქვეყანაში არ უშვებენ აქ მცხოვრებ და მომუშავე ევროპელ ჟურნალისტებსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს. ბოლო თვეების განმავლობაში ასეთი არაფერი ფაქტის შესახებ გახდა ცნობილი. მათ შორის, გუშინ, 22 მაისს, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქვეყანაში არ შემოუშვეს ევროკავშირის წარმომადგენლობის თანამშრომელი საიმონ ვანდერბრუკი. დღეს, 23 მაისს, ევროკავშირის წარმომადგენლობაში განაცხადეს, რომ დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციის დარღვევის გამო ვერბალური ნოტა გადასცეს საგარეო საქმეთა სამინისტროს, მათგან კი ზეპირი ბოდიში მიიღეს.
ამავე თემაზე:
· რუმინელი კომიკოსი, რომელიც საქართველოში არ შემოუშვეს, ახლა აზერბაიჯანში იმყოფება
· საქართველოში მცხოვრები ფრანგი ჟურნალისტი ქვეყანაში აღარ შემოუშვეს: “უკავშირდება ჩემს საქმიანობას”
· საქართველოში არ შემოუშვეს ჩეხი ჟურნალისტი
