ადვოკატ შოთა თუთბერიძის განცხადებით, საქართველოში არ შემოუშვეს ანასტასია ზინოვკინას დედა, რომელსაც ციხეში მყოფ შვილთან პაემანი ჰქონდა ჩანიშნული.
როგორც შოთა თუთბერიძე ნეტგაზეთთან ამბობს, ანასტასია ზინოვკინას დედას, რომელიც რუსეთიდან მოდიოდა, საზღვარზე უთხრეს, რომ ქვეყანაში არ უშვებენ, რადგან ის დაჯარიმებულთა ბაზაში ფიქსირდება.
მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ქალმა ჯარიმის გადახდა შესთავაზა, მას უთხრეს, რომ ამ ეტაპზე ქვეყანაში მაინც არ შემოუშვებდნენ.
„რამდენიმეთვიანი პატიმრობის შემდეგ ჩამოდიოდა შვილის სანახავად. ჩამოვიდა და აეროპორტში უთხრეს, რომ ქვეყანაში არ უშვებდნენ. მიზეზის დიდხნიანი გამოკვლევის შემდეგ უთხრეს, რომ ჯარიმების ბაზაში იყო, ოღონდ არ ვიცით რაზე არის საუბარი. უფრო მეტიც, ერთ-ორმა უთხრა, რომ დედების აქციაზე იყავიო. სინდის პატიმრების დედების აქცია რომ გაიმართა, ამ აქციაზე. მერე საუბარი იყო, რომ მომეცით ჯარიმაო და ჯარიმის ჩაბარებაზეც უარი განაცხადეს, არც მიუციათ ჯარიმა. შევთავაზეთ, რომ გადაიხდიდა ჯარიმას და შემოეშვათ და ამაზეც უარი უთხრეს. უთხრეს, რომ რაც არ უნდა მოხდეს, სულ რომ არ გქონდეს ჯარიმა და გადახდილი გქონდეს, ჯერჯერობით მაინც არ შემოგიშვებთ, უკან უნდა გაგაბრუნოთო და უკან აბრუნებენ.
ანასტასია ზინოვკინა რუსეთის მოქალაქეა. ის და მისი შეყვარებული, ასევე რუსეთის მოქალაქე, არტემ გრიბული 17 დეკემბერს დააკავეს. პროკურატურა მათ 16 გრამი ნარკოტიკული საშუალებას ფლობას ედავება. ისინი ბრალს არ აღირებენ და ამბობენ, რომ ნარკოტიკი ჩაუდეს.
როგორც ჰყვებიან, პოლიციელები მათ პირდაპირ ეუბნებოდნენ, რომ დააკავეს აქციებში მონაწილეობის გამო. ანასტასია ზინოვკინა ამბობს, რომ პოლიციელებმა ის სექსუალურად შეავიწროვეს და ემუქრებოდნენ სექსუალური ძალადობითაც.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ზინოვკინასა და გრიბულს 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრებათ.
