„საქართველოში ავეჯის კომპონენტების წარმოებაში დიდი სივრცეა დარჩენილი“ – კლასტერის რჩევა მწარმოებლებს

ქართული ავეჯის კლასტერის გამგეობის თავმჯდომარის შეფასებით, საქართველოში ავეჯის კომპონენტების წარმოებაში კომპანიების განვითარებისთვის საკმაოდ დიდი სივრცეა დარჩენილი, რომელიც აუთვისებელია.
BMG tv-ის გადაცემა #რედაქტ2-ში სტუმრობისას ბესიკ ვერძეული, რომელიც კომპანია „არდს“ მართავს, საკუთარი კომპანიის მაგალითზე ავეჯის წარმოების დაინტერესებულ თუ უკვე მოქმედ კომპანიებს ურჩევს, ავეჯის კომპონენტების წარმოებით დაინტერესდნენ.
„ავეჯის მწარმოებლების უმრავლესობა ძირითადად ორიენტირებულნი არიან საბოლოო პროდუქტის წარმოებაზე. სამწუხაროდ, ძალიან დიდი სივრცეა დარჩენილი ავეჯის კომპონენტების წარმოებაში, სადაც გარკვეული შესაძლებლობები არის, ისევე როგორც მზა ავეჯის წარმოებაში. საქართველოში ეს სივრცეები განვითარებული არ არის და ჩვენი კომპანია [ავანგარდი] სწორედ ამ სფეროშია. ჩვენ არ ვართ ორიენტირებული საბოლოო პროდუქტზე და აქ შევძელით განვითარება და გადარჩენა. ამ მხრივ მინდა მოვუწოდო კომპანიებს ეს სივრცეები შეავსონ, რადგან ეს მათი კომპანიების გადარჩენისა და სწრაფი განვითარების საშუალებაა“, – ამბობს ბესიკ ვერძეული.
ამასთან, ქართული ავეჯის კლასტერის გამგეობის თავმჯდომარეს მწარმოებლებს საკუთარი ინტერესების დასაცავად გაერთიანებასაც ურჩევს.
„მეორე მესიჯი, რომელიც ავეჯის მწარმოებლებს მინდა გავუგზავნო, ეს არის საერთო ინტერესების გარეშე გაერთიანდნენ და ერთობლივი ძალისხმევით მოაგვარონ ის საკითხები, რომელსაც ცალ-ცალკე საკმაოდ პრობლემატურად წყვეტენ. ეს იქნება მომხმარებელთა დაცვის კუთხით, აწარმოე საქართველოს პროგრამებით სარგებლობით, შრომის უსაფრთხოებისა და ექსპორტის საკითხებში და ა.შ“, – აღნიშნა ვერძეულმა.
მისი თქმით, პოლიტიკურად არასტაბილური მდგომარეობა, თითქმის ყველა დარგზე მოქმედებს და ამ მხრივ არც ავეჯის ინდუსტრია იყო გამონაკლისი, თუმცა ბევრი კომპანია აცხადებს, რომ მაინც ჰქონდა წინსვლა.
„ზოგადად, ავეჯის ინდუსტრია საქართველოში მზარდია. ჩნდება ახალი კომპანიები, იდება ინვესტიციები, სხვა დარგებიდან ბიზნესის დივერსიფიცირების კუთხით. ამ დარგში საკმაოდ დიდი კონკურენციაა და ბევრი თვითდასაქმებულიც არსებობს. თანდათანობით აქცენტი ხარისხიან პროდუქტზე კეთდება და ბევრი ცდილობს ექსპორტზე გააკეთოს ორიენტაცია, თუმცა გარკვეული შეფერხებები ამ მიმართულებით არის.
საქართველოში ავეჯის იმპორტი გაიზარდა. ძირითადად ჩინეთიდან შემოტანილი პროდუქცია ფასის კუთხით ადგილობრივ მეწარმეებზე გავლენას ახდენს. ექსპორტის კუთხით ზრდა გვაქვს, თუმცა მოცულობები იმდენად მცირეა, რომ გლობალური ბაზრების მოთხოვნას ვერ უმკლავდება“, – განმარტავს ქართული ავეჯის კლასტერის გამგეობის თავმჯდომარე.