საქართველოს ეკონომიკაში IT სექტორის ბრუნვა ბოლო 4 წელიწადში 10-ჯერ გაიზარდა, 2024 წლის მდგომარეობით კი, მისმა წილმა საქართველოს მთლიან შიდა პროდუქტში 5%-ი შეადგინა, რაც 2020 წელთან შედარებით 5-ჯერ მეტია. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის ირაკლი ნადარეიშვილის განცხადებით, ტექნოლოგიური სექტორის განვითარება, მათ შორის IT მიმართულებით, საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.
„როგორც ბოლო მონაცემები აჩვენებს, IT სექტორი ბოლო წლების განმავლობაში თითქმის ყველა მიმართულებით ჯერადად გაიზარდა. მათ შორის, გაზრდილია IT მიმართულებით დასაქმებულთა რაოდენობა – ეს მაჩვენებელი 2020 წელთან შედარებით გაოთხმაგდა. ამასთან, IT სექტორში დასაქმებულთა შრომის საშუალო თვიური ანაზღაურება ქვეყნის საშუალო მაჩვენებელს 3 -ჯერ აღემატება. რაც შეეხება IT მიმართულებით გაწეული მომსახურების წილს მთლიანი ექსპორტის მოცულობაში, 2023 წლის მდგომარეობით, ის 7%-ს გაუტოლდა, რაც 2020 წელთან შედარებით 3-ჯერ არის გაზრდილი, ხოლო ექსპორტის მოცულობა 2020 წელთან შედარებით 8 -ჯერ გაიზარდა. ყველა პარამეტრი იმაზე მეტყველებს, რომ ის პოლიტიკა და ინიციატივები, რომლებიც საქართველოს მთავრობამ IT ეკოსისტემის გასაძლიერებლად გაატარა, ძალიან ეფექტურად მუშაობს“, – აღნიშნა ირაკლი ნადარეიშვილმა.
მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა საქართველოს მთავრობის წარმატებულ ინიციატივებზე, რომლებმაც IT – სექტორის სტატისტიკის გაუმჯობესება გამოიწვია. მისი თქმით, მნიშვნელოვნად განვითარდა ადგილობრივი სტარტაპ ეკოსისტემაც და ქართული სტარტაპების მიერ შექმნილმა ჯამურმა ეკონომიკურმა სარგებელმა 700 მლნ ლარს გადააჭარბა.
მინისტრის მოადგილემ ასევე გამოყო „ინოვაციური სტარტაპების აქსელერაციის პროგრამა“, რომლის ფარგლებში შერჩეული საერთაშორისო აქსელერატორები ქართულ სტარტაპებს გლობალურ ბაზარზე გასვლაში, ინვესტიციების მოზიდვასა და განვითარებაში დაეხმარებიან.
ირაკლი ნადარეიშვილმა ასევე გაამახვილა ყურადღება დარგის მხარდაჭერის ბოლო სამთავრობო ინიციატივებზე, მათ შორის, ინოვაციური სტარტაპის სპეციალური სტატუსის ამოქმედებაზე, რომელიც 3 წლის განმავლობაში შესაბამისი პროფილის სტარტაპებს ნულოვან საგადასახადო შეღავათებს ანიჭებს, აგრეთვე ტექნოლოგიების სფეროში მომუშავე უცხოელი IT სპეციალისტებისთვის სპეციალური ბინადრობის პირობების შემოღებაზე.
ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს
