საქართველოს 84 სკოლაში 4.2 მილიონად 4 380 ჩინური სათვალთვალო კამერა დამონტაჟდება

საქართველოს 84 სკოლაში ვიდეოსათვალთვალო კამერების დამონტაჟებისთვის გამოცხადებულ ტენდერში კომპანია იუჯითიმ გაიმარჯვა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება თავდაპირველად 4 910 000 ლარი იყო, თუმცა კომპანიამ სამუშაოების შესრულება 4 277 000 ლარად შესთავაზა.
როგორც “მთავარმა” შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ დოკუმენტებიდან გაარკვია კომპანია სკოლებში ჩინური წარმოების ვიდეოკამერების დამონტაჟებას აპირებს. Zhejiang Uniview Technologies Co., Ltd – არის ის კომპანია, რომლისგანაც იუჯითი პროდუქტს და ტექნიკურ მხარდაჭერას მიიღებს.
კომპანიის მიერ შემოთავაზებულია გარე კამერა: IPC2B24SA-ADZK-PI-I2A-GE და კამერა: IPC3234SA-ADZK-PI-I2A-GE, კამერების მახასიათებლებში აღნიშნულია, რომ მასში ინტეგრირებულია ანალიტიკური ფუნქციები: ადამიანის და ავტომობილის დეტექცია/გარჩევა.
როგორც ტენდერის ტექნიკურ დოკუმენტაციაშია აღნიშნული მიმწოდებელი ვალდებულია, შესყიდვის ობიექტის მიწოდება-მონტაჟი/გამართვა განახორციელოს ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 12 თვის განმავლობაში.
მთლიანობაში სკოლებში იგეგმება 1832 გარე კამერის და 2548 შიდა კამერის დამონტაჟება. რაოდენობების მიხედვით ყველაზე მეტი გარე კამერის დაყენება თბილისის 175-ე სკოლაში იგეგმება (50 კამერა), ყველაზე მეტი შიდა კამერის კი თბილისის 221-ე სკოლაში (87). კამერები დამონტაჟდება როგორც თბილისის რამდენიმე სკოლაში, ასევე რეგიონებისა და სოფლების სკოლებშიც. ანგარიშსწორება განხორციელდება 2025-2026 წლების ბიუჯეტის სახსრებით. შესაბამისი განკარგულება ოცნების მთავრობამ 2024 წლის დეკემბერში გამოსცა.
შპს იუჯითის დირექტორი გურამ ხოჯანაშვილია, გენერალური დირექტორი კი ერმილე სულაძე. კომპანიის 100%-ს შპს იუჯითი ჯგუფი ფლობს. თავის მხრივ კი ამ კომპანიის დირექტორი კვლავ ერმილე სულაძეა, წილები კი ასე ნაწილდება ერმილე სულაძე, გიორგი მაისურაძე და გურამ ხოჯანაშვილი 5-5%, ხოლო გრიგოლ ჭირაქაძეს 85% ეკუთვნის.
წყარო: mtavari.tv