„საქართველოს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები არ არის სანდო თავისი მოქალაქეების თვალში“ – IRI-ის პრეზიდენტი

„საქართველოს 2024 წლის საპარლამენტო არ არის სანდო თავისი მოქალაქეების თვალში“ – IRI-ის პრეზიდენტი
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შესახებ საბოლოო ანგარიშს აქვეყნებს.
როგორც IRI-ის ანგარიშშია ნათქვამი, ასევე აღინიშნებოდა სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ საზოგადოების ნდობის ნაკლებობა.
„საქართველოს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები არ არის სანდო თავისი მოქალაქეების თვალში და არის კიდევ ერთი სამწუხარო თავი ქვეყნის თავისუფლებისა და დემოკრატიული ანგარიშვალდებულებისთვის ბრძოლაში. კრემლის პოლიტიკის თითქმის 40-წლიანი მცდელობის მიუხედავად, ქართველი ხალხი კვლავ მტკიცედ ესწრაფვის ევროპასთან ინტეგრაციას და დემოკრატიული მომავლის შექმნას“, – განაცხადა IRI-ის პრეზიდენტმა, დენიელ ტვაინინგმა.
როგორც ანგარიშშია ნათქვამი, მისიამ დაადგინა, რომ მრავალი ფაქტორი ნეგატიურად აისახა საქართველოს საარჩევნო პროცესზე და სერიოზული ეჭვები გააჩინა არჩევნების სანდოობასთან დაკავშირებით. გარდა ამისა, ანგარიშის მიხედვით, მისიამ საარჩევნო პროცესში მნიშვნელოვანი და სისტემატური ხარვეზები დააფიქსირა, რომელიც ოთხ ძირითად პრობლემას უკავშირდება: 1. არათანაბარი პირობები და სახელმწიფო რესურსების ბოროტად გამოყენება; 2. სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციური პარტიების შევიწროება და ამომრჩეველთა სისტემატური დაშინება; 3. საარჩევნო და სასამართლო ინსტიტუტების სახელმწიფოს მიერ მიტაცება; და 4. არჩევნების შედეგების საზოგადოებრივი უარყოფა.
„საქართველოს ინსტიტუტები, მათ შორის ცენტრალური საარჩევნო კომისია, სასამართლო სისტემა და სახელმწიფო ბიუროკრატია, მოქმედებდნენ როგორც მმართველი პარტიის შტო, ნაცვლად იმისა, რომ დამოუკიდებელი და მიუკერძოებლები ყოფილიყვნენ. მისიის მიგნებებზე დაყრდნობით და არჩევნების შემდეგ განვითარებული მოვლენების მიხედვით, მთავრობის ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით, საზოგადოების ნდობის აღდგენას მხოლოდ ახალი არჩევნები შეძლებს“, – განაცხადა ტვაინინგმა.
ამასთან, როგორც ანგარიშშია აღნიშნული, საპარლამენტო არჩევნებმა გამოავლინა ჯანსაღი პოლიტიკური კონკურენციის კლება, რაც ძალაუფლების ერთი პარტიის მიერ მიტაცების რისკს ქმნის და დემოკრატიულ პოლიტიკურ პარტიებს უკარგავს თანაბარ პირობებში შეჯიბრების შესაძლებლობას.
„მისია ხაზგასმით აღნიშნავს, რომ გადაუდებლად აუცილებელია თანმიმდევრული და სრულყოფილი საარჩევნო რეფორმები, რათა აღმოიფხვრას საარჩევნო პროცესის სამართლებრივი, ადმინისტრაციული და ინსტიტუციური ჩარჩოების სისუსტეები. საქართველოს დემოკრატიის დაცვის მიზნიდან გამომდინარე, ანგარიში მოიცავს 31 რეკომენდაციას, რომელთა შორისაა მოქალაქეების ფუნდამენტური უფლებების დაცვა და სანდო არჩევნების უზრუნველსაყოფად გადაუდებელი ნაბიჯების გადადგმა. IRI რჩება საქართველოს დემოკრატიული განვითარების ერთგულ მხარდამჭერად“, – ნათქვამია IRI-ის ანგარიშში.