თურქეთში, პრესტიჟულ საერთაშორისო ტურნირზე მყოფმა საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა პირველი მატჩი გამართა და A დივიზიონის მძლავრ წარმომადგენელ სერბეთთან დაძაბულ ბრძოლაში – 69:77 დამარცხდა. თამაშის დასრულებამდე 4:33 წუთით ადრე ჩვენი გუნდი 62:59 იგებდა. დარჩენილ დროში სერბებმა ლიდერობა მოიპოვეს და დასკვნით წუთებში გამოჩენილი მეტი სიზუსტის ხარჯზე გამარჯვებას მიაღწიეს.
ნიკა ბურჯანაძის ხელმძღვანელობით, რომელსაც ასისტენტობას გიორგი გოგალაძე და ბექა ბექაია უწევენ, საქართველოს ნაკრებმა ღირსეული ბრძოლა აჩვენა. სადებიუტო პერიოდის 19:23 წაგების შემდეგ ჩვენიანებმა მეორე მეოთხედში თამაში გამოასწორეს და ათწუთეულის დასრულებამდე წუთით ადრე 4 ქულით – 41:37
გალიდერდნენ. ბოლო წამებზე სერბმა ოგნიენ სიმიანოვსკიმ სამქულიანი ჩააგდო და საქართველო დიდ შესვენებაზე მინიმალური ლიდერობით გავიდა.
მესამე პერიოდში თანაბარი ბრძოლა გაჩაღდა, რომლის დასრულებისას სერბებმა იყოჩაღეს და ათწუთეული 14:11 მოიგეს. ბოლო პერიოდის წინ სერბები 2 ქულით ლიდერობდნენ, თუმცა თამაშის განახლებისას ქართველებმა დავით ტრაპაიძისა და იური კვირიკაშვილის შედეგიანობით ლიდერობა დაიბრუნეს.
მატჩის დასრულებამდე 4:33 წუთით ადრე საქართველოს ნაკრები 62:59 იგებდა, თუმცა დასკვნით წუთებზე სერბებმა მეტი სიზუსტე და მობილიზება გამოავლინეს, რის ხარჯზეც გაიმარჯვეს კიდეც. საბოლოოდ საქართველომ შეხვედრა 8 ქულით დათმო. ჩვენს ნაკრებში საუკეთესო შედეგი საბა პატაშურმა დააფიქსირა – 18 ქულა, 6 მოხსნა. 16 ქულა დააგროვა დავით ტრაპაიძემ, იური კვირიკაშვილის ანგარიშზე კი 12 ქულა დაგროვდა.
თურქეთის საერთაშორისო ტურნირის კიდევ ორმა მონაწილემ ჩვენს მერე ითამაშა. თურქეთმა რუმინეთის ნაკრები 101:63 სძლია რუმინეთს. საქართველოს ნაკრები 25 იანვარს სწორედ რუმინეთს დაუპირისპირდება.
GBF.GE