60-მდე ქვეყნის პირველმა პირმა დღეს მსოფლიო ლიდერთა შეკრებაზე ტრიბუნა ერთი მთავარი მიზეზით დაიკავა – ესაუბრათ კლიმატის ცვლილებით გამოწვეულ პრობლემებსა მათი გადაჭრის გზებზე. გაეროს რიგით 28-ვე კონფერენციის დელეგატებს სიტყვით მიმართა ირაკლი ღარიბაშვილმა. პრემიერ-მინისტრმა, გამოსვლის დროს, საქართველოს მთავრობის მიდგომაზე გაამახვილა ყურადღება და განაცხადა რომ, გარემოზე ზემოქმედების შერბილებისა და სხვა საჭირო ღონისძიებებისთვის, ბიუჯეტიდან წელს 500 მილიონ დოლარზე მეტი გამოიყო. მთავრობის მეთაურის თქმით, კლიმატის ცვლილებასთან გასამკლავებლად, მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა. ღარიბაშვილი ამბობს, რომ ელექტროენერგიის 85% განახლებადი წყაროებიდან მოდის, თუმცა მისი წილის გაზრდა მთავრობისთვის პრიორიტეტად რჩება.
ეკომეგობრული ინიციატივებით საქართველო, რომ გლობალურ ძალისხმევაში საკუთარი წვლილის შეტანას გააგრძელებს – ამაზე პრემიერ-მინისტრმა, მსოფლიო ლიდერთა შეკრებაზე გამოსვლის შემდეგ, სოციალურ ქსელ X-ში დაწერა.
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, კლიმატის ცვლილების ეფექტი დამანგრეველ გავლენას ახდენს როგორც ადამიანებზე, ისე – გარემოზე და მასთან ბრძოლას დაჩქარებული ძალისხმევა სჭირდება. პოლიტიკურ მზაობასთან ერთად კი, მნიშვნელოვანია ფინანსური რესურსების მობილიზებაც.
გაეროს ეგიდით გამართულ სამიტს მსოფლიოს არაერთი ლიდერი სტუმრობს. დელეგატებს სიტყვით მიმართა ამერიკის ვიცე-პრეზიდენტმა. კამილა ჰარისის თქმით, კლიმატიც ცვლილების წინააღმდეგ ბევრი მიღწევაა, თუმცა პროგრესი ბრძოლის გარეშე შეუძლებელია.
სამიტში, რომელიც გუშინ გაიხსნა, 200-მდე ქვეყნის პრეზიდენტი, პრემიერ მინისტრი და მეფე ჩარლზ მესამე მონაწილეობენ. მასპინძელი ქვეყნის პრეზიდენტმა, გაეროს გენერალურმა მდივანმა, მეფემ კლიმატის ცვლილების კონფერენციის დელეგატებს გუშინ მიმართეს. გაეროს რიგით 28 კონფერენციაზე სიტყვით გამომსვლელთა შორის დღეს უკვე გერმანიის კანცლერი და ევროკომისიის პრეზიდენტიც იყვნენ. ყველა გამომსვლელის გზავნილი ერთია, რომ კლიმატის ცვლილება გლობალური გამოწვევაა და მასთან გამკლავება წარმატების ისტორიად უნდა იქცეს.
კლიმატის ცვლილების სამიტი სახელმწიფოს ლიდერებსა და მსოფლიოს წამყვანი კომპანიების ხელმძღვანელებს ორმხრივი კომუნიკაციის შესაძლებლობას აძლევს. პრემიერ-მინისტრს Emaar Properties-ის დამფუძნებელმა და მმართველმა დირექტორმა დუბაიში, საკუთარ რეზიდენციაში უმასპინძლა. შეხვედრაზე მხარეებმა იმ პროექტებზე იმსჯელეს, რომელთა განხორციელებაზეც Emaar Properties-ი აქტიურად მუშაობს. მუჰამედ ალი რაშედ ალაბარი მსოფლიოში ყველაზე მაღალი შენობის- ბურჯ-ხალიფას მფლობელია. კომპანია მსოფლიოს მასშტაბით 30 მილიარდზე მეტ აქტივს ფლობს და აზიის, ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის არაერთ ქვეყანაში ოპერირებს.
გაეროს კლიმატის ცვლილების მსოფლიო ლიდერთა სამიტი გუშინ გაიხსნა. სამიტის მონაწილე სახელმწიფოთა ლიდერებს არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტი და გაეროს გენერალური მდივანი მასპინძლობენ. ირაკლი ღარიბაშვილმა კონფერენციის ფარგლებში დაგეგმილი ყველა ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. გაიმართა ორმხრივი შეხვედრები. პრემიერ-მინისტრი ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შეხვდა. საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი, რეფორმების დღის წესრიგი და კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ დადებით რეკომენდაცია განხილვის მთავარი თემები იყო. მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოს პროგრესი ევროკომისიამ დაადასტურა და ახლა ქვეყანა სტატუსის მინიჭებაზე დადებით გადაწყვეტილებას ელის. ევროპული საბჭოს პრეზიდენტის განცხადებით კი, ევროკავშირის გზაზე საქართველოს ერთგულება ძლიერია და ევროკავშირიც ერთგულია საქართველოსი.