საქართველოს ხელოვანთა საინიციატივო ჯგუფი „მთავარ არხს“ მიმართავს და გიგა კობალაძეს დებატებში იწვევს

საქართველოს ხელოვანთა საინიციატივო ჯგუფი „მთავარ არხს“ მიმართავს და გიგა კობალაძეს დებატებში იწვევს. ამის შესახებ განცხადებას საინიციატივო ჯგუფის სახელით მიხეილ რამიშვილი ავრცელებს.
„საქართველოს ხელოვანებს გვსურს გამოვეხმაუროთ მთავარ არხზე გასულ სიუჟეტს, რომელიც იმ ასოციაციის დისკრედიტაციას ემსახურება, თავად ჩვენ, ქართველმა ხელოვანებმა რომ შევქმენით, ჩვენივე უფლებების დასაცავად. ამის საპირისპიროდ კი, მთავარი არხი თითქოსდა ამართლებს ადამიანს, რომელიც წლების განმავლობაში გვატყუებდა.
სამწუხაროა, რომ არხის საშუალებით, რომელსაც პირადად მე პატივს ვცემ, გიგა კობალაძემ ცალმხრივად მიაწოდა საზოგადოებას ინფორმაცია თემაზე, რომელიც უმნიშვნელოვანესია ჩვენთვის (საქართველოს ხელოვანთათვის) და ასევე, ამ სფეროს განვითარებისთვის. საზოგადოებისათვის სრული სურათისა და ობიექტური ინფორმაციის მისაწოდებლად, მხოლოდ ერთი მხარის მოსმენა მიზანშეწონილი არ არის და ვიმედოვნებ, რომ საქმე არ გვექნება ტენდენციურ მიდგომასთან და საზოგადოებას მთავარი არხის საშუალებით მიეცემა შესაძლებლობა მოუსმინოს ორივე მხარეს პირდაპირ ეთერში, დებატების რეჟიმში. თუ დებატებზე მეორე მხარე – გიგა კობალაძე უარს განაცხადებს, მაშინ სამართლიანი ბალანსისათვის, თანასწორ პირობებში უნდა მომეცეს პოზიციის დაფიქსირების საშუალება.
თქვენი არხის მიერ მომზადებულ სიუჟეტში გაჟღერდა, რომ გამოძიება მხოლოდ რამდენიმე ავტორის საჩივრის საფუძველზე დაიწყო. ეს არის არასრული ინფორმაცია, რადგან საქმე ასობით ავტორის ნებას ასახავს, რომლებიც სამართლიანობის აღდგენის სურვილით იბრძოდა და მუდამ იბრძოლებს საკუთარი უფლებებისთვის.
დიახ, მე ვიყავი ერთ-ერთი იმ ავტორ-შემსრულებელთაგანი, რომლებიც მხარს ვუჭერდით გიგა კობალაძეს იქამდე, სანამ ლეგიტიმური კითხვები არ გაგვიჩინა აუდიტის დასკვნამ, რომელზეც მისგან პასუხები ვერ მივიღეთ. გარდა ამისა, ჩვენ მიერ შექმნილმა საინიციატივო ჯგუფმა, იურისტებთან ერთად შეისწავლა აუდიტის დასკვნა, თავად საავტორო უფლებათა ასოციაციის მიერ გამოქვეყნებული წლიური ანგარიშები. შედეგად კი, ასოციაციის საქმიანობაში არაერთი დარღვევის კვალი გამოიკვეთა.
ახლა, როცა ფინანსური პოლიციის საგამოძიებო სამსახური შევიდა GCA-ში, კობალაძე ისევ ჩვენ გვაყენებს შეურაცხყოფას და გაუამრთლებელ ბრალდებებს გვიყენებს, თითქოს დან ვიმართებით. ეს ინფორმაცია კი, თქვენი ტელევიზიით ისე შუქდება თითქოს მეორე მხარე საერთოდ არ არსებობს.
მე ყოველთვის ვთანამშრომლობდი თქვენთან და არასდროს არცერთი კითხვა, თუ თემა არ დამიტოვებია უპასუხოდ. არასდროს მითქვამს უარი გადაცემებში ვიზიტსა თუ ინტერვიუზე.
სწორედ, ამიტომ მოვითხოვ პირდაპირ ეთერს, სადაც ყველანაირ გაუგებრობას წერტილი დაესმება და ნებისმეირ თქვენს კითხვას, რაც საავტორო უფლებების სფეროშია, პასუხი გაეცემა.
იმედია, რომ „მთავარი არხის“ აღნიშნული სიუჟეტი მხოლოდ ინფორმაციის ნაკლებობით თუ ცალმხრივი ინფორმირებულობით იყო გამოწვეული, რადგან სიმართლე ნამდვილად ერთია და ტელევიზიის ვალია დაიცვას სამართლიანი ბალანსი,“- ნათქვამია განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

„საქართველოს ეროვნულ ბანკში ყოველთვის მიგვაჩნდა, რომ ქალების პროპორციული ჩართვა გადაწყვეტილებების მიღებასა და ეკონომიკურ აქტივობაში ქვეყნის გრძელვადიანი მდგრადი ზრდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა“ – ეკატერინე გალდავა