საქართველოს ხელისუფლებამ გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის თანამდებობაზე ზურაბ პოლოლიკაშვილის კანდიდატურა მოხსნა

გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის თანამდებობაზე ზურაბ პოლოლიკაშვილის კანდიდატურა საქართველოსხელისუფლებამ საკუთარი გადაწყვეტილებით მოხსნა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ მთავრობის ადმინისტრაციაში განუცხადეს, თავდაპირველად, ზურაბ პოლოლიკაშვილის კანდიდატურა საქართველოს ხელისუფლებამ წარადგინა, შემდეგ კი გადაწყვეტილება შეცვალა.
ამასთან, მათივე ინფორმაციით, გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის თანამდებობაზე საქართველო მხარს დაუჭერს არაბთა გაერთიანებული საამიროების მიერ წარდგენილ კანდიდატს.
„გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის თანამდებობაზე ზურაბ პოლოლიკაშვილის კანდიდატურა საქართველოს ხელისუფლებამ წარადგინა, თუმცა მოგვიანებით მისი კანდიდატურა თავისივე გადაწყვეტილებით გაიწვია.
სპეკულაციაა იმაზე საუბარი, რომ ზურაბ პოლოლიკაშვილის კანდიდატურა რომელიმე კონკრეტული კანდიდატის გამო მოიხსნა. აქვე ვადასტურებთ, რომ გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის თანამდებობაზე საქართველო მხარს დაუჭერს არაბთა გაერთიანებული საამიროების მიერ წარდგენილ კანდიდატს“, – ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ცნობისთვის, გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის თანამდებობას ზურაბ პოლოლიკაშვილი ორი ვადით იკავებდა. პოლოლიკაშვილი გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივნად მეორე ვადით 2021 წელს დაამტკიცეს, მას თანამდებობაზე ყოფნის ვადა 2025 წლის 31 დეკემბერს ეწურება.
www.interpressnews.ge