ევროკომისარი გაფართოების საკითხებში, მარტა კოსი, აცხადებს, რომ ევროკავშირმა უკვე შეაჩერა საქართველოს მთავრობისათვის გამოყოფილი 100 მილიონი ევრო და განიხილავს თანხების სხვა მიზნებით განკარგვის შესაძლებლობებს.
კერძოდ, მისი თქმით, აღნიშნული თანხიდან 8,5 მილიონ ევროს უკვე შეეცვალა დანიშნულება და სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებას მოხმარდება; ასევე, ამავე მიზნით გათვალისწინებულია დამატებით 7,5 მილიონი ევრო.
„ევროკომისიამ უკვე შეაჩერა 100 მილიონ ევროზე მეტი მოცულობის დაფინანსება, რაც „პირდაპირ სარგებელს მოუტანდა საქართველოს ხელისუფლებას“. ჩვენ განვიხილავთ ამ თანხების მიზნობრიობის შეცვლას“, – განაცხადა მარტა კოსმა 14 იანვარს ევროპარლამენტში, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის შეხვედრაზე.
„ამავდროულად, ჩვენ ვაგრძელებთ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და დამოუკიდებელი მედიის მხარდაჭერას. მათთვის უკვე გამოყოფილია 8,5 მლნ ევრო. ასევე მზად ვართ დამატებით 7,5 მლნ ევრო მივმართოთ კომუნიკაციების აქტივობებზე. უნდა გავაძლიეროთ რეაგირება „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობის მიერ გავრცელებულ დეზინფორმაციაზე“, – განაცხადა მან.
მარტა კოსმა ასევე განაცხადა, რომ დიპლომატიური პასპორტებისათვის უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე გადაწყვეტილებას ევროკავშირის წევრი ქვეყნები იანვრის ბოლომდე უყრიან კენჭს.




