საქართველოს ხელისუფლებას სამაგალითო, საუკეთესო თანამშრომლობა აქვს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან – ლევან დავითაშვილი

ეკონომიკის მინისტრი, ლევან დავითაშვილი ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლებას საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან სამაგალითო თანამშრომლობა აქვს. ამის შესახებ დავითაშვილმა განაცხადა.
„საქართველოს ხელისუფლებისთვის არის უმნიშვნელოვანესი მშვიდობა, სტაბილურობა, იმისთვის, რომ მოხდეს ზუსტად ეკონომიკური წინსვლა და განვითარება. ამას, ვფიქრობ, რომ საქართველოს ხელისუფლება, მოსახლეობასთან ერთად, საკმაოდ კარგად აღწევს.
რაც შეეხება საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების გადაწყვეტილებებს, შეგიძლიათ მათ პირდაპირ დაუსვათ ეს კითხვები. საქართველოს ხელისუფლებას გააჩნია სამაგალითო, საუკეთესო თანამშრომლობა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან“,- აღნიშნა დავითაშვილმა.
მისივე თქმით, მთავრობისთვის ევროინტეგრაციის მიმართულება უმნიშვნელოვანესია და ეს პრიორიტეტი არ შეცვლილა.
„პარტნიორებთან დიალოგს არ აქვს ალტერნატივა და ჩვენ გვექნება დიალოგი, ვისაუბრებთ ბევრ საკითხზე, ბევრზე შევთანხმდებით კიდეც. პროგრესიც გვექნება ევროინტეგრაციის გზაზე პოლიტიკური დაახლოების კუთხით. ჩვენ ვასრულებთ ძირითად პრიორიტეტებს, რომლებზეც საუბარი ჰქონდა ევროკომისიას, ამაზე მუშაობა არ ჩერდება. ფაქტები ერთ რამეზე მეტყველებს, რომ საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საკანონმდებლო-პოლიტიკური კუთხით ქვეყანა დაუახლოვდეს ევროკავშირს და ინტეგრაციის პროცესი გაგრძელდეს“, – ამბობს ლევან დავითაშვილი.