საქართველოს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ახალი ელჩი ჰყავს – პაატა კალანდაძე.
ელჩმა კალანდაძემ ამ პოზიციაზე ჩაანაცვლა ელჩი არჩილ კალანდია, რომელიც პოსტს 2018 წლიდან იკავებდა.
2023 წლის ივლისში, როდესაც პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილის ჩინეთში ვიზიტისას, საქართველო და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა სტრატეგიულ პარტნიორობაზე შეთანხმდნენ, საქართველოს ელჩი სწორედ არჩილ კალანდია იყო.
საგარეო საქმეთა სამინისტროში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ ელჩის შეცვლა როტაციის ვადის ამოწურვას უკავშირდება. ჯერ უცნობია, სად გააგრძელებს არჩილ კალანდია საქმიანობას.
კალანდიას ჩანაცვლების შესახებ ინფორმაცია 24 იანვარს გაავრცელა მთავრობის პრესცენტრმა, – სხვა რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის ისრაელში ელჩის შეცვლის პარალელურად.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 24 იანვარს შეხვდა ახალდანიშნულ ელჩს, პაატა კალანდაძეს.
საქართველოს მთავრობის თანახმად, პაატა კალანდაძეს მრავალწლიანი დიპლომატიური გამოცდილება აქვს: წლების განმავლობაში საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობის შემდეგ, იყო საქართველოს ელჩი ყაზახეთში, ყირგიზეთში, ისრაელსა და ბოლოს, ჩინეთში დანიშვნამდე, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში.
მთავრობის პრესცენტრის ცნობით, პრემიერმა და ელჩმა
· მიმოიხილეს „ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის ძირითადი მიმართულებები და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან პარტნიორული ურთიერთობების პრიორიტეტები“;
· „მხარეების მიერ განსაზღვრული გეგმების განხორციელების საკითხებზე იმსჯელეს“.
მთავრობის პრესცენტრის თანახმადვე, პრემიერმა და ახალმა ელჩმა „ყურადღება გაამახვილეს გასულ წელს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში პრემიერ-მინისტრის წარმატებულ ვიზიტზე, რომლის დროსაც ქვეყნებს შორის წარმატებული თანამშრომლობა სტრატეგიული პარტნიორობის დონეზე გადავიდა“.
სტრატეგიულ პარტნიორობაზე და, მასთან ერთად, „პოლიტიკურ ჯგუფებსა და პარტიებს შორის კავშირების გაფართოებაზე“ შეთანხმების შემდეგ, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ჩინეთთან ურთიერთობებს აღრმავებს.
„ქართული ოცნების“ პარლამენტარის, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის თანახმად, საქართველოს ჩინეთთან დაახლოების ინტერესები „შუა დერეფანსა და ანაკლიის პორტზე გადის“.