საქართველოს ჩინეთის გუანდუნის პროვინციის დელეგაცია ესტუმრა. ამის შესახებ ინფორმაციას სავაჭრო-სამრეწველო პალატა ავრცელებს.
ვიზიტის ფარგლებში, ორი ქვეყნის სავაჭრო-სამრეწველო პალატების ორგანიზებით, გაიმართა საქართველო-ჩინეთის ეკონომიკური და სავაჭრო თანამშრომლობის კონფერენცია, რომელსაც 15 ჩინური და 40-მდე ქართული კომპანია, აგრეთვე ოფიციალური პირები ესწრებოდნენ.
როგორც სავაჭრო-სამრეწველო პალატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ღონისძიება გახსნეს საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა გიორგი პერტაიამ, ჩინეთის საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობის საბჭოს გუანდუნის პროვინიცის თავმჯდომარემ, სახალხო პოლიტიკური საკონსულტაციო საბჭოს გუანდუნის პროვინციის კომიტეტის (CPPCC) თავმჯდომარემ და საქართველოში ჩინეთის ელჩმა ჭოუ ციენმა.
„ზოგადად, ბიზნესისთვის ძალიან მნიშვნელოვანია სტაბილური და პროგნოზირებადი გარემო. დღეს, როდესაც მსოფლიო ეკონომიკა დიდი გამოწვევების წინაშეა, საქართველოსა და ჩინეთს შორის მეგობრულ ურთიერთობებს კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა ენიჭება — თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებამ, უვიზო რეჟიმმა და მჭიდრო პარტნიორობამ მნიშვნელოვანი ბიძგი მისცა ქართულ-ჩინური ბიზნეს-კავშირების განვითარებას და, შედეგად, ყოველწლიურად იზრდება სავაჭრო ბრუნვა, ტურიზმი და სხვა”, – განაცხადა საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა გიორგი პერტაია.
საქართველოსა და ჩინეთის გუანდუნის პროვინციის სავაჭრო პალატებს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი განახლდა. მხარეებმა ერთმანეთს გაუზიარეს ხედვები ორმხრივი ბიზნეს გარემოსა და შესაძლებლობების შესახებ, რის შემდეგაც ჩინურ და ქართულ კომპანიებს შორის B2B ფორმატის შეხვედრებიც გაიმართა. მონაწილე კომპანიები წარმოადგენდნენ შემდეგ სექტორებს: მდგრადი ენერგეტიკა და ინჟინერია, სტრატეგიული ინვესტიციები, ბიზნეს სექტორის საკონსულტაციო სერვისები, ინდუსტრიული განვითარება და მრეწველობა.
