საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი თურქეთის საჰაერო ძალების შეფასებისა და ინსპექტირების დირექტორს, გენერალ-ლეიტენანტ იაშარ ქადიოღლუს შეხვდა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, გეკა გელაძე თურქეთის რესპუბლიკის საჰაერო ძალების შეფასებისა და ინსპექტირების დირექტორს, გენერალ-ლეიტენანტ იაშარ ქადიოღლუს შეხვდა.
ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
მათი ცნობით, იაშარ ქადიოღლუ თურქეთის რესპუბლიკის დელეგაციას ხელმძღვანელობდა, რომელიც საქართველოში თურქეთის სამხედრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შემდეგ ჩამოვიდა – დელეგაციის წევრები, ქართველ კოლეგებთან ერთად, ავიაკატასტროფის ადგილზე შესაბამის ძებნა-შველის ღონისძიებებსა და საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობდნენ.
„ორმხრივი შეხვედრის ფარგლებში, იაშარ ქადიოღლუმ მადლობა გადაუხადა გეკა გელაძეს ეფექტიანი მუშაობისა და კოორდინირებული თანამშრომლობისთვის. თურქი გენერლის თქმით, ქართული საპოლიციო დანაყოფები, რომლებიც ავიაკატასტროფის ადგილზე მუშაობდნენ გამოირჩეოდნენ მაღალი პროფესიონალიზმითა და სტანდარტით.
შეხვედრას შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე რონი მესხი, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი, საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ალი ქაან ორბაი, მისიის ხელმძღვანელის მოადგილე, საელჩოს პირველი მრჩეველი მელიკე ილმაზ ოსკიფერი და სამხედრო ატაშე პოლკოვნიკი ილჰან ოქთენდურალი ესწრებოდნენ.
თურქულმა სამხედრო თვითმფრინავმა ავიაკატასტროფა 11 ნოემბერს საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან დაახლოებით 5 კილომეტრში განიცადა. შედეგად, თურქეთის სამხედრო-საჰაერო ძალების 20 მოსამსახურე დაიღუპა”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ვოლკი სამშვიდობო გეგმაზე – პრაგმატიზმი მოითხოვს ომის შეჩერებას ამ ეტაპზე, წინააღმდეგ შემთხვევაში ნგრევა და მსხვერპლი გაგრძელდება – ზოგს აწყობს მშვიდობა, ზოგს – ომის განვითარება, ამ შემთხვევაში ევრობიუროკრატია „ომის პარტიად“ გვევლინება