საქართველოს შიდა სახმელეთო წყლებში ჩართული სატრანსპორტო საშუალებების მიერ კანონდარღვევებზე ფულადი სანქციები წესდება. შესაბამისი ცვლილებები – „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შედის, რომლის მომზადების მიზეზი – მთავრობის მიერ მიღებული „საქართველოს შიდა სახმელეთო წყლების ტრანსპორტის უსაფრთხოების წესების დამტკიცების შესახებ“ დადგენილებაა.
მოცემული დადგენილებით განსაზღვრულია სატრანსპორტო საშუალებების მფლობელთა/მძღოლთა უფლება-მოვალეობები. ცვლილებების მიხედვით, სატრანსპორტო საშუალების მართვა შიდა სახმელეთო წყლების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრაციის, სატრანსპორტო საშუალების სახელისა და სარეგისტრაციო ნომრის აღნიშვნის გარეშე ან შეჩერებული რეგისტრაციით გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 500 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 1000 ლარით.
ზემოხსენებული სამართალდარღვევების განმეორებით ჩადენისთვის ფიზიკური პირი ჯარიმდება 1000 ლარით, ხოლო იურიდიული პირი – 2000 ლარით; ასევე, პროექტით, შიდა სახმელეთო წყლებში ნაოსნობის წესების დარღვევა გამოიწვევს ფიზიკური პირი დაჯარიმებას 500 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 1000 ლარით. ამ სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენისთვის ფიზიკური პირი ჯარიმდება 1000 ლარით, ხოლო იურიდიული პირი – 2000 ლარით. კანონპროექტის თანახმად, შიდა სახმელეთო წყლების სატრანსპორტო საშუალების ტექნიკური ინსპექტირების განხორციელების უფლებამოსილების მქონე აღიარებული ორგანიზაციის მიერ ისეთი მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენა, რომელმაც გამოიწვია ან შეეძლო გამოეწვია სატრანსპორტო საშუალების, ქონების, გარემოს ან ტვირთის დაზიანება, გამოიწვევს აღიარებული ორგანიზაციის დაჯარიმებას – 5 000 ლარის ოდენობით. ზემოთ აღნიშნულის გარდა, პროექტით, შიდა სახმელეთო წყლებში ნაოსნობისას სატრანსპორტო საშუალებებზე სახანძრო უსაფრთხოების დადგენილი წესების დარღვევა გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 500 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 1000 ლარი.
ასევე, პროექტით, კოდექსს დაემატა შემდეგი ადმინისტრაციული სამართალდარღვევა – საქართველოს შიდა საზღვაო წყლებსა და ტერიტორიულ ზღვაში განთავსებული მცურავ სანავიგაციო ნიშნებზე, ასევე ხმელეთზე განლაგებულ სტაციონარულ სანავიგაციო ნიშნებზე, პირის მიერ, უნებართვო ასვლა/შეღწევა, რამაც გამოიწვია ან შესაძლოა გამოეწვია მისი დაზიანება გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 100 ლარით, ხოლო იგივე ქმედების განმეორებით ჩადენა – 500 ლარით.
1tv.ge
