საქართველოს შეუძლია, თხილის წარმოების კუთხით მსოფლიოში მესამე ქვეყანა გახდეს – თხილის მწარმოებელთა ასოციაცია

საქართველოს შეუძლია, თხილის წარმოების კუთხით მსოფლიოში მესამე ქვეყანა გახდეს, – ეს განცხადება საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარემ, მერაბ ჭითანავამ გააკეთა რადიო „კომერსანტის“ ეთერში გააკეთა.
როგორც მერაბ ჭითანავა განმარტავს, საქართველოდან თხილის მოსავლის 80% ევროპის ბაზარზე გადის, სადაც ჩვენი ქვეყნის მთავარი კონკურენტები თურქეთი და აზერბაიჯანი არიან.
„ორივე ქვეყანაში ხდება თხილის სუბსიდირება და ბუნებრივია, უფრო კონკურენტულ პოზიციაში იმყოფებიან, ვიდრე საქართველო. ამდენად, ამაზე რეალურად არის საფიქრალი, რა გზით შევძლებთ სწორად განვითარებას.
საქართველოში დღეის მდგომარეობით გვაქვს დაახლოებით 70 ათას ჰექტარზე გაშენებული თხილის ბაღი და ამ ფართობზე ჩვენ რომ კომერციული წარმოების მინიმუმი ვთქვათ და 1.5 ტონა თხილი მოვიყვანოთ, არათუ კონკურენციის გაწევას შევძლებთ, მსოფლიოში მესამე ქვეყანა გავხდებით თხილის წარმოების კუთხით. ჩვენს ქვეყანას განვითარების უზარმაზარი შესაძლებლობა აქვს. ხელს გვიშლის ის, რომ ჩვენი სექტორი ძალიან სეგმენტირებულია – სექტორის 60%-ში ნახევარი ან ერთ ჰექტრიანი ბაღებია, რომლებიც სოფლებში საკარმიდამო ნაკვეთებზეა გაშენებული და ძალიან რთულია ამის მენეჯმენტი და ოპტიმიზაცია, კომერციული ფორმატის მინიჭება. იმედის მომცემია ის, რომ წელს კოლოსალური ფასები იყო თხილზე და ყველამ, ვინც მოუარა თხილის ბაღს, იმხელა მოგება ნახა, იმედია, უფრო უკეთესად მოუვლიან და გააქტიურდებიან ისინიც, ვინც იზარმაცა. ძალიან მნიშვნელოვანია ფერმერებისთვის სათანადო ცოდნის მიღება, ტრენინგების ჩატარება და ამ მხრივ ძალიან უნდა გავაქტიურდეთ“, – აცხადებს მერაბ ჭითანავა.